Facebook Twitter

ბს-1610-1538(კს-09) 24 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...» დირექტორის – თ. მ-ელის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 16 ივლისს შპს «...» დირექტორმა – თ. მ-ელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შპს «...» დირექტორის – თ. მ-ელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...» დირექტორმა – თ. მ-ელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს «...» დირექტორის – თ. მ-ელის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) გადაუხდელობის გამო და აპელანტს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

2009 წლის 1 სექტემბერს შპს «...» დირექტორმა – თ. მ-ელმა განცხადებით მიმართა თბილისის საპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს «...» დირექტორს – თ. მ-ელს უარი ეთქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა კიდევ 4 დღით.

შპს «...» დირექტორმა – თ. მ-ელმა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება იმ მოტივით, რომ აღძრულია ოთხი საქმე მისი ფირმის გაქურდვის ფაქტთან და ფირმა განიცდის მძიმე ეკონომიურ კრიზის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შპს «...» დირექტორის – თ. მ-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...» დირექტორმა – თ. მ-ელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შპს «...» დირექტორის – თ. მ-ელის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ შპს «...» დირექტორს – თ. მ-ელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 13 ნოემბერს (ს.ფ. 147), ხოლო მან კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 9 დეკემბერს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლში მითითებული თორმეტდღიანი ვადის გადაცილებით, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «...» დირექტორს – თ. მ-ელს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2009 წლის 25 ნოემბრის 24 საათამდე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია 2009 წლის 9 დეკემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «...» დირექტორის – თ. მ-ელის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 399-ე, 401-ე, 414-ე, 415-ე, 420-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «...» დირექტორის – თ. მ-ელის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.