Facebook Twitter

¹ბს-1616_1570(კს-08) 11 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ვ-ა, გ. თ-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ვ-ამ და ა. ბ-ამ 2007 წლის მაისში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ¹ 1_3/23 ბრძანების ბათილად ცნობა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ვ-ას და ა. ბ-ას სარჩელი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამეგრელო-გურია-სვანეთის სამმართველოს მიმართ, 2007 წლის 13 აპრილის ¹ 1_3/23 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ვ-ამ და ა. ბ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დ. ვ-ასა და ა. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩაA ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების დ. ვ-ას, გ. თ-ას ასევე, მესამე პირების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველოს უფროსის ე. თ-ას 2007 წლის 13 აპრილის ¹ 1_3/23 ბრძანება, რომლითაც არარად იქნა ცნობილი 1996 წლის 28 ივნისის ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი სოფელ ანაკლიაში მდებარე პიონერთა ბანაკ ,,თოლიასა და სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლი ,,იუჟნის” პრივატიზაციის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამხარეო სამმართველომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 369_ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ა. პ-ას ჩაბარდა 2008 წლის 11 ივლისს, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველოს სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 2008 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე_60 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 61_ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა, რადგან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2008 წლის 29 ივლისს.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

მისი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის და 73-ე მუხლის მერვე ნაწილის საფუძველზე ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ საკითხზე, რომ გადაწყვეტილება ა. პ-ას ჩაბარდა არა როგორც უფლებამოსილ პირს ორგანიზაციის სახელით, არამედ როგორც ადრესატისთვის გადამცემ პირს, ხოლო იმის გამო, რომ სამმართველოს უფროსს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 16 ივლისს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება წარმოეშვა 2008 წლის 16 ივლისიდან, ვინაიდან აპელანტისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების სხვა თარიღი ცნობილი არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველოს თანამშრომელს, ა. პ-ას ჩაბარდა 2008 წლის 11 ივლისს (სფ. 167). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2008 წლის 29 ივლისს (ს.ფ. 177).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე დ. ვ-ას წარმომადგენელმა მ. კ-ამ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სასამართლომ იმავე სხდომაზე დაადგინა, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოდან გამოთხოვილი იქნეს ინფორმაცია, არის თუ არა პ-ა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი და სასამართლოს სხდომა გადაიდო 2008 წლის 17 ოქტომბერს.

ს.ფ. 232_ზე წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის ე. თ-ას მიერ 2008 წლის 6 ოქტომბერს გაცემული ცნობა დ. ვ-ას სახელზე, სადაც აღნიშნულია, რომ ა. პ-ა ახორციელებს სამმართველოს საქმის წარმოებას და იგი უფლებამოსილია მიიღოს სამმართველოს სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია; ხოლო ს.ფ. 248-ზე კი წარმოდგენილია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის ე. თ-ას 2008 წლის 20 ოქტომბრის ცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიმართ, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ გზავნილზე ხელის მომწერი ა. პ-ა არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს, ვინაიდან იგი არის სამმართველოში შრომის ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი კურიერი, იგი საშტატო ერთეულში არ ირიცხება. იმავე ცნობაში მითითებულია, რომ ა. პ-ას უფლება ჰქონდა მიეღო დოკუმენტი ადრესატისათვის გადასაცემად, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად დოკუმენტის მიღების თარიღი აითვლება მისი კანცელარიაში გატარების ან სამმართველოს უფროსისათვის გადაცემის მომენტიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილზე, რომლის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზანილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამხარეო სამმართველოს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, რომელიც უფლებამოსილ პირს კურიერ ა. პ-ას ჩაბარდა 2008 წლის 11 ივლისს, რაც დაადასტურა ხელმოწერით. შესაბამისად, მოცემული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2008 წლის 25 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2008 წლის 29 ივლისს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის საამართველოს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო_გურია_სვანეთის სამმართველოს კერძო საჩივარი;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.