¹ბს-1638-1592(კს-08) 25 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ს.-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.08წ. გადაწყვეტილებით ბ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 15.01.07წ. ¹8/კ ბრძანება ბ. ს.-ის მინისტრის მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ბ. ს.-თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2007 წლის 15 იანვრიდან 2007 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.07წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს.-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.09.08წ. განჩინებით ბ. ს.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.08წ. გადაწყვეტილება.
ბ. ს.-მა 24.10.08წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა განმარტება იმისა, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა მოხდეს სამინისტროს მიერ – გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამაბათილებელი ბრძანების და მისი დანიშვნის ბრძანების გამოცემა, ასევე შესაბამისი ანაზღაურების გაცემა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემდეგ უნდა არსებობდეს ახალი ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ, იმისათვის, რომ გაიცეს შესაბამისი ანაზღაურება, ვინაიდან ძველი ბრძანება (დანიშვნის შესახებ) რეორგანიზაციის გამო, უკვე გაუქმებულია და გაუგებარია, რის საფუძველზე დაადგინა სააპელაციო პალატამ განაცდურის ანაზღაურების ვადები. სააპელაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია, რომ ბრძანება ბათილია, მაგრამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, არ მიუთითა აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებზე. ბ. ს.-ის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში სასამართლომ არამართლზომიერად იმსჯელა სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით და განაცდურის ანაზღაურებაც არამართლზომიერად განსაზღვრა. განმცხადებელს მიაჩნია, რომ აქტის ბათილად გამოცხადების შემდეგ სასამართლოს უნდა დაევალებინა სამინისტროსათვის გამოეცა ახალი _ მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება, ვინაიდან ჩატარებული რეორგანიზაციის გამო, წინა დანიშვნის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ბ. ს.-ი დანიშნული იყო თანამდებობაზე მინისტრის უფლებამოსილების ვადით, გაუქმებულია. ეს უნდა მომხდარიყო იმავე მუხლებით, როგორც ეს მოხდა 15.01.07წ. დანიშნულ მრჩეველთა შემთხვევაში და შესაბამისი ანაზღაურებაც დადგენილიყო სამინისტროს ცენტრალური აპარატის, მინისტრის აპარატის მრჩეველთა სახელფასო განაკვეთით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 12.01.07წ. ¹11/ო ბრძანებით. განმცხადებლის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ არის განმარტებული საქმის ვითარება და შედეგად ძალაში დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები ისევ ბუნდოვანი რჩება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.08წ. განჩინებით ბ. ს.-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.08წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის გადაწყვეტილების განმარტებისათვის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სავალდებულო პირობა – სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება, ხოლო განცხადებაში მითითებულ საკითხებზე სასამართლოს მიერ განმარტებების გაკეთება, სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას. ამდენად, ბ. ს.-ის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ს.-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.08წ. გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სასამართლოს მიერ არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, უკანონოდ დათხოვნილი მოხელე ექვემდებარება ადმინისტრაციის მიერ მუშაკის სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენას. სამინისტროს მიერ სააღსრულებო ბიუროსა და ბ. ს.-თვის გაგზავნილ წერილებში არ წერია, რომ სამინისტრო კანონის თანახმად იღებს ვალდებულებას, სასამართლოს მიერ მისი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემდეგ – გამოსცეს ბათილად ცნობის ბრძანება (15.01.07წ. მდგომარეობით), გამოსცეს ბათილად ცნობის შემდეგი დანიშვნის ბრძანება (15.01.07წ. მდგომარეობით) და გამოსცეს მისი გათავისუფლების ბრძანება (01.09.07წ. მდგომარეობით). ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გარეშე გაუგებარია, რის საფუძველზე მოახდინა იმ თანხის დაანგარიშება სამინისტრომ, რომელიც მითითებულია სააღსრულებო ბიუროსადმი მიწერილ შესაგებელ დოკუმენტში. სააღსრულებო ბიუროსადმი მიწერილ, შესაგებელ წერილში სამინისტრო მიუთითებს, რომ 2007 წლის 15 იანვრიდან 2007 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში ბ. ს.-ის განაცდური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 6218,18 (ექვსი ათას ორას თვრამეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარს და არ მიუთითებს ამ თანხის წარმომავლობას, რის საფუძველზეც მოხდა ეს დაანგარიშება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 14.11.06წ. ¹301/ო ბრძანების (რეორგანიზაციის შესახებ) და მინისტრის 12.01.07წ. ¹11/ო ბრძანების საფუძველზე გაუქმდა ძველი საშტატო განრიგი და 15.01.07წ. დანიშნულ მინისტრის აპარატის მრჩევლის ორივე საშტატო ერთეულს შეეცვალა და დაუდგინდა სხვადასხვა თანამდებობრივი სარგო. ამდენად, ბ. ს.-თვის გაუგებარია მისი კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნისა (15.01.07წ. მდგომარეობით) და გათავისუფლების ბრძანების (01.09.07წ.) გამოცემის გარეშე, როგორ შეძლო სამინისტრომ დაეანგარიშებინა მისი ე.წ. განაცდური ხელფასი. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. სამინისტრო ბ. ს.-თვის გაგზავნილ წერილში (04.11.08წ.) ატყობინებს მას, რომ სამინისტროში დანამატები არ გაიცემა, ხოლო 15.01.07წ.-01.08.07წ. პერიოდში გამოიცა შვიდი ბრძანება მინისტრის აპარატის, მათ შორის მრჩეველთა (როგორც ამ თანამდებობაზე მომუშავეთა) პრემიების შესახებ. შესაბამისად, ასანაზღაურებელი ხელფასის დაანგარიშებისას უნდა განისაზღვროს მისი, როგორც საჯარო სამსახურის თანამდებობის პირის სტატუსი, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, მისი გათავისუფლების ბრძანების გაბათილების შემდგომ (15.01.07წ. მდგომარეობით) და სრულად იქნეს დაანგარიშებული და აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის შრომის წიგნაკში, უკვე გაბათილებული გათავისუფლების ბრძანების გამო არსებული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს შესაბამისი სამი ბრძანების ჩანაწერით (გათავისუფლების ბრძანების გაბათილების, დანიშვნისა და გათავისუფლების) და გაეზარდოს საჯარო სამსახურში მუშაობის სტაჟი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს 13.05.08წ. გადაწყვეტილება, ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, არის ბუნდოვანი, არ არის გათვაისწინებული არსებული სიტუაცია და სამართლებრივი შედეგები, აღსრულებისას შექმნილია მთელი რიგი პრობლემები, რის გამოც ფერხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ს.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.08წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.08წ. განჩინებით ბ. ს.-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.08წ. გადაწყვეტილების განმარტებაზე, რომლითაც ბ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 15.01.07წ. ¹8/კ ბრძანება ბ. ს.-ის მინისტრის მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ბ. ს.-თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2007 წლის 15 იანვრიდან 2007 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.07წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ბ. ს.-მა 24.10.08წ. განცხადებით მოითხოვა განმარტება იმისა, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა მომხდარიყო სამინისტროს მიერ გათავისუფლების ბრძანების გაბათილების ბრძანების გამოცემა, მისი დანიშვნის ბრძანების გამოცემა და შესაბამისი ანაზღაურების გაცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვნებაა. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.08წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ბ. ს.-ს მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე. ვინაიდან სსკ-ის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ს.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.08წ. განჩინების გაუქმების და ამავე სასამართლოს 13.03.08წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.