ბს-1674-1628(კს-08) 15 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ქუთაისის მერია
მესამე პირები – მ. კ-შვილი და ც. ფ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.08წ. განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. გ-შვილმა 20.12.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დავალება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოს 29.01.08წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ც. ფ-ძე და მ. კ-შვილი, რომელთაც 14.04.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოპასუხისთვის საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.09.08წ. გადაწყვეტილებით მ. კ-შვილისა და ც. ფ-ძის სარჩელი, ასევე ნ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-შვილმა, მ. კ-შვილმა და ც. ფ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 14.11.08წ. განჩინებით მიიჩნია, რომ აპელანტების სააპელაციო საჩივრები არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ნ. გ-შვილისა და ც. ფ-ძის მიერ წარმოდგენილი იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი შემწეობის მიღების შესახებ, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად 5 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივრები დარჩებოდა განუხილველი.
ნ. გ-შვილმა 24.11.08წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და ხარვეზის შევსების მიზნით წარუდგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 86 230-ს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.08წ. განჩინებით ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. გ-შვილის მიერ წარმოდგენილ ცნობას ვერ მიიჩნევდა ხარვეზის გამოსწორებად, რადგან, მართალია, საქმეში იყო ნ. გ-შვილის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, მითითებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ცნობა საარსებო შემწეობის მიღების თაობაზეც. ასეთი ცნობა აპელანტს წარმოდგენილი არ ჰქონდა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ცნობა არ ადასტურებდა მის მიერ საარსებო შემწეობის მიღებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა იყო 57 001. იმავე დადგენილების მე-8 მუხლის I პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა გაიცემოდა საბანკო დაწესებულებების მეშვეობით. საქმეში არსებული ნ. გ-შვილის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 86 230, რაც «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, გამორიცხავდა საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.08წ. განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან არ შეავსო ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თუ მის მიერ წარდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა საკმარისი არ იყო სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებისათვის, სააპელაციო პალატას უნდა გაეგრძელებინა ვადა და მიეთითებინა აღნიშნულზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 14.11.08წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი. განჩინებაში აღინიშნა, რომ საქმეში იყო მხარის მიერ წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი შემწეობის მიღების შესახებ, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და მხარეს ხარვეზის გამოსასწორებლად 5 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უნდა მომხდარიყო ხარვეზის ვადის გაგრძელება, რადგან 14.11.08წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-შვილს განუმარტა, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხარის სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძველია იმ ორი პირობის სავალდებულო არსებობა, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით, კერძოდ, მხარე დადგენილი წესით უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ამასთან, უნდა იღებდეს საარსებო შემწეობას. «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57 001. საქმეში არსებული ნ. გ-შვილის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით კი, ოჯახის სარეიტინგო ქულაა 86 230, რაც «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იქნა დატოვებული განუხილველად. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.08წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.