ბს-1682-1636 (კს-08) 25 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ყ-ი (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგიტრაციო სამსახური, სურამის სადაბო საკრებულო
მესამე პირები_ მ. ყ-ი, გ. ყ-ი, თ. ყ-ი, კ. ყ-ი
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრისა და 18 სექტემბრის განჩინებები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ყ-მა 2000 წლის სექტემბერში სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების მ. და თ. ყ-ების მიმართ და მოითხოვა შემდეგი: მისთვის, როგორც სახლის ნახევრის მესაკუთრისათვის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ნახევრის 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა; საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს მიერ მ. ყ-ის, თ., გ. და კ. ყ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების სარეგისტრაციო მოწმობების ბათილად ცნობა; ასევე ხაშურის რაიონის სოფ. ჩუმათელეთის მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის 25 სექტემბრის ¹... , ¹.... , და ¹... მიღება _ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც ე., მ. და თ. ყ-ებს საკუთრებაში გადაეცათ (0,043; 0,06 და 0,05ჰა) მიწის ნაკვეთები; დაბა სურამის საკრებულოს 1995 წლის 21 ივნისის ¹17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც კ. და გ. ყ-ებს გამოეყოთ გარდაცვლილ ე. ყ-ის სახელზე რიცხული 430 კვ.მ. მიწიდან 215-215 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ყ-ის სარჩელი მოპასუხე მიწის მართვის ხაშურის რაიონულ სამმართველოსთან, .... სადაბო საკრებულოსთან, თ., მ., კ. და გ. ყ-თან მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების ¹... , ... , ..., ე., მ. და თ. ყ-ების სახელზე გაცემული აქტების, აგრეთვე სურამის სადაბო საკრებულოს 1995 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებაზე და სადავო მიწის ნაკვეთიდან 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე უსაფუძვლობის და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ყ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის რაიონის მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის 25 სექტემბრის ¹...., ¹...., და ¹... მიღება _ჩაბარების აქტები; ბათილად იქნა ცნობილი: 2001 წლის 5 მარტის მ. ყ-ის მიწის სარეგისტრაციო მოწმობა ¹.... (451 კვ.მ-ზე); თ. ყ-ის მიწის საკუთრების 2001 წლის 5 მარტის სარეგისტრაციო მოწმობა ¹..... (459 კვ.მ-ზე); კ. ყ-ის მიწის საკუთრების 2001 წლის 5 მარტის სარეგისტრაციო მოწმობა ¹..... (216 კვ.მ-ზე); გ. ყ-ის მიწის საკუთრების 2001 წლის 5 მარტის სარეგისტრაციო მოწმობა ¹... (216 კვ.მ-ზე); მ. ყ-ის, თ. ყ-ის, კ. ყ-ის და გ. ყ-ის მიწის საკუთრების 2001 წლის 5 მარტის სარეგისტრაციო მოწმობა ¹.... (184 კვ.მ-ზე); ბათილად იქნა ცნობილი დაბა სურამის საკრებულოს 1995 წლის 21 ივნისის ¹17 გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ყ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კასატორის _ მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლო მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ყ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ი. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
ი. ყ-მა 2006 წლის ოქტომბერში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა მ., თ., კ. და გ. ყ-ების მიწის ნაკვეთების გაყოფის ვარიანტებზე, რომლებსაც ეთანხმებიან მ. და თ. ყ-ები; სოფელ ჩუმათელეთის მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის 25 სექტემბრის ¹... ე.კ. ყ-ზე 0,0439 ჰა; ¹... მ.შ. ყ-ზე 0,05 ჰა; ¹.... თ.შ ყ-ზე 0,05 ჰა მიწის მიღება-ჩაბარების აქტების ასლებზე; მ., თ. და კ. ყ-ების 2006 წლის 23 აგვისტოს განცხადებებზე საჯარო რეესტრის ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სახელზე სარეგისტრაციო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის თაობაზე; სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის ნ. დ-ას უარი მ., თ. და კ. ყ-ების 2006 წლის 23 აგვისტოს განცხადებებზე; შპს «გ-ის» მიერ 2006 წლის 21 აგვისტოს შედგენილ მ., კ. და გ. ყ-ების მიწის ნაკვეთების გეგმებზე. მისი აზრით, მის მიერ წარდგენილი დოკუემენტებით დადასტურებულია, რომ მ., თ., კ. და გ. ყ-ზე მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების რეგისტრაციის მოწმობები და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო ჩანაწერები შესრულებული არ არის ს. ჩუმათელეთის მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის 25 სექტემბრის ¹..., ¹.... და ¹..... აქტების მიხედვით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 23 დეკემბრის და 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინებები და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტი იმის შესახებ, რომ მისთვის ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების შესახებ ცნობილია 1993 წლიდან, არ წარმოადგენს მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან მათ საფუძველზე არ მომხდარა მიწის საკუთრების მოწმობების გაცემა და სარეგისტრაციო ჩანაწერები.
განმცხადებლის მოსაზრებით, მ., თ. და კ. ყ-ების მიერ წარმოდგენილი ხაშურის რაიონის სოფელი ჩუმათელეთის მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის ¹...., ¹.... და ¹.... მიღება-ჩაბარების აქტები უკანონო და ყალბი დოკუმენტებია, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობით ისინი არ აკმაყოფილებს «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ასევე დადგენილია, რომ ისინი არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტის მოთხოვნებს.
განმცხადებლის განმარტებით, შესრულებული ნახაზების სიყალბეს ადასტურებს ასევე დაბა სურამის გამგეობის 2006 წლის 5 სექტემბრის ¹164 წერილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ი. ყ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, ვინაიდან განცხადების ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თაობაზე, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდნენ სასამართლოს მიერ სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს _ სარჩელის ხანდაზმულობას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კი ი. ყ-ის მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებენ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უზუსტობას, სიყალბეს და კანონშეუსაბამობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ყ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრისა და 18 სექტემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე პალატისათვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას დაარღვია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48, ამავე წლის 6 თებერვლის ¹128, ამავე წლის 10 მარტის ¹220 და 1993 წლის 28 ივნისის ¹503 დადგენილებების, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, 149-ე და 203-ე მუხლის მესამე ნაწილის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მოთხოვნები და არ გამოიყენა ზომები სამსახურებრივი სიყალბის დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებისათვის.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს «გ-ის» 2006 წლის 21 აგვისტოს მ., თ., კ. და გ. ყ-ების მიწის ნაკვეთების აზომვითი აქტებსა და გეგმებზე ნაჩვენებია მიწის ნაკვეთების ფიქტიური საზღვრები, არარსებული მისასვლელი გზა და ფართობების არასწორი მონაცემები. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები და ამასთან, დაუსაბუთებლად თვლის დავის ხანდაზმულად მიჩნევას, ვინაიდან მ., თ., კ. და გ. ყ-ზე მიწის ნაკვეთების საკუთრების რეგისტრაცია 2001, 2005 და 2007 წლებში საჯარო რეესტრში მიმდინარეობდა დავის სასამართლოში განხილვის პროცესში ანუ 2000 წლის 11 სექტემბრის სასარჩელო მოთხოვნის წარდგენიდან 6 წლის შემდეგ.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა სამსახურებრივი სიყალბის საკითხი და არ მისცა შეფასება ე., მ. და თ. ყ-ების 2006 წელს შედგენილ მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების ¹..., ¹.... და ¹.... აქტებს და შპს «გ-ის» მიერ 2006 წლის 21 აგვისტოს მარსელა, თ., კ. და გ. ყ-ების მიწის ნაკვეთების ფიქტიურ აზომვით აქტებს და გეგმებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ყ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული; ხოლო კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. ყ-მა კერძო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინების გაუქმება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტ.III ს.ფ.125-127-ზე წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინების ასლი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც ი. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით კი ი. ყ-ს უარი ეთქვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე, რომლის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინება წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინების კანონიერების შემოწმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. ყ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ყ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინებაზე დაუშვებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე ი. ყ-ის კერძო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ი. ყ-მა საქმის წარმოების განახლება მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ" პუნქტის საფუძველზე; ამ ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში Aშესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ი. ყ-მა ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც საქმის წარმოების განახლების საფუძვლად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ი. ყ-ის კერძო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოება უნდა განახლდეს იმის გამოც, რომ თბილისის საოლქო სასამართლო დაეყრდნო ყალბ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორი ვერც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის თაობაზე მიუთითებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ყ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის გამო ი. ყ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინებაზე;
2. არ დაკმაყოფილდეს ი. ყ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე;
3. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.