ბს-1683-1637(კს-08) 24 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე) _ ე. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-ი (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე), წარმომადგენელი – ა. ბ-ი; შპს «რ-ის» დირექტორი გ. ბ-ი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შეგებებული მოპასუხეები), წარმომადგენელი არ გამოცხადდა
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 6 მაისს გ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში ე. გ-ის მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან იძულებითი წესით უვარგისი მანქანების გატანა, ნაკვეთის შემოღობვის საშუალების მიცემა და მოპასუხისათვის ნაკვეთით სარგებლობის გადასახადის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, .... ქ. ¹49-51-ში აქვს საკუთარი სახლი და 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სახლის შეკეთების მიზნით, პროექტის შესაბამისად, აწარმოებდა მიწის ნაკვეთის შემოღობვას, რაშიც ხელს უშლიდა მოპასუხე, კერძოდ, ამ უკანასკნელს 2000 წლიდან მოსარჩელის ნაკვეთში ჩაყენებული ჰყავს ორი უვარგისი ავტომანქანა, რისი მეშვეობითაც ცდილობს ნაკვეთის მისაკუთრებას. აღნიშნულის თაობაზე, 2004 წლის 18 მარტს მოსარჩელემ მიმართა მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს, მაგრამ პოლიციის მუშაკებმა ვერ აიძულეს მოპასუხე, გაეთავისუფლებინა მიწის ნაკვეთი. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა მერიის არქიტექტურის სამსახურს, მაგრამ მიიღო უარყოფითი პასუხი (იხ. ს.ფ. 4; ტ.I).
მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მიწით სარგებლობის გამო გადასახადის დაკისრების ნაწილში (იხ. ს.ფ. 20).
2004 წლის 15 ივნისს შეგებებული სარჩელი აღძრა ე. გ-ემ გ. გ-ის, შპს «რ-ის» დირექტორის _ გ. ბ-ის, ჯ. ბ-ისა და საჯარო რეესტრის მიმართ, არ ცნო გ. გ-ის სარჩელი და მოითხოვა 2000 წლის 20 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ამონაწერის, საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიერ სარდაფში წარმოებული მშენებლობის შეჩერება, შეგებებული მოპასუხისათვის ზარალის ანაზღაურების დაკისრება და სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულება, შემდეგი საფუძვლით:
შეგებებული მოსარჩელის მითითებით, გ. გ-ი შეიჭრა ... ქ. ¹49-ში მდებარე საერთო იტალიურ ეზოში და დაიწყო ნაკვეთის შემოღობვა. აღნიშნულ ნაკვეთზე იყო ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაინგრა და მასში მცხოვრები ყველა მობინადრე სახელმწიფომ დააკმაყოფილა ბინებით. ამდენად, ნაკვეთზე საკუთრების უფლება არავის არ ჰქონდა მინიჭებული.
შეგებებული მოსარჩელის მითითებით, გ. გ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, .... ქ. ¹49-ში არსებული 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელი იყო შპს «რ-ი», რომლისგანაც ნაკვეთი შეისყიდა გ. გ-მა, კერძოდ, 2000 წლის 20 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს «რ-ს» დირექტორმა გ. გ-ს მიჰყიდა ქ. თბილისში, .... ქ. ¹49-ში მდებარე 12 კვ.მ შპს «რ-ის» კუთვნილი შენობა-ნაგებობა, რაც, რეალურად, წარმოადგენს კიბის უჯრედს, რომლის უკანა კედელი ესაზღვრება ... ქ. ¹49-ში მდებარე იტალიურ ეზოს და 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქონების შპს «რ-ის» მფლობელობაში არსებობის ფაქტი დასტურდება საჯარო რეესტრის 2000 წლის 5 თებერვლის ამონაწერით და საკადასტრო რუკით. რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 30 აგვისტოს ¹13.05.812 დადგენილება, ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1999 წლის 3 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1996 წლის 11 ივნისს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
შეგებებული მოსარჩელის მითითებით, გ. გ-მა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, .... ქ. ¹51-ში მდებარე თავისი კუთვნილი მაღაზიის სარდაფის მხრიდან უკანონოდ გამოამტვრია ... ქ. ¹49-ში მდებარე ეზოს ქვეშ არსებული სარდაფის კედელი და შეიჭრა სხვის სარდაფში, რომელიც არა მარტო სადავო 120 კვ.მ მიწის, არამედ მთელი ეზოს ქვეშ მდებარეობს და აწარმოებდა უკანონო სამშენებლო სამუშაოებს (იხ. ს.ფ. 29-31; ტ.I).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისათვის ქ. თბილისში, .... ქ. ¹49-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებაში ხელშეშლა და დაევალა ნაკვეთის გამოთავისუფლება; ე. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო (იხ. ს.ფ. 102-106; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ემ და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 108-113; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 137-142; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 148-152; ტ.I).
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ე. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 170-180; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით, სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი (იხ. ს.ფ. 194; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით საქმე უვარგისი მანქანების გატანისა და ნაკვეთის შემოღობვაში მოპასუხის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში და 2000 წლის 20 აპრილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ე. გ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 55-61; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება შეგებებული მოთხოვნის – საკადასტრო რუკისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის მოტივით, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლით და მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა თუ რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ან რითი შეიზღუდა მისი უფლება. აპელანტმა სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ წარმოადგინა საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის ეზოს, იგი ავარიული შენობის დანგრევის შედეგად გათავისუფლებული მიწის ნაკვეთია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტს არ გააჩნია რა არანაირი უფლება მიწის ნაკვეთზე, სახეზე არ არის უშუალო და პირდაპირი ზიანი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსსკ-ის 17.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტმა სასამართლო სხდომაზე ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა და ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები (იხ. ს.ფ 47-54; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებაში ასახული მითითებები და არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ მისცა მათ სამართლებრივი შეფასება, რის გამოც უკანონოდ შეწყვიტა საქმის წარმოება.
კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მან ვერ წარადგინა სასამართლოში სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2000 წლის 27 სექტემბერს მან რ. კ-აგან შეიძინა ... ქ. ¹49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებული იყო 353 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სახლი იყო სამსართულიანი, მისი კუთვნილი ოთახები კი შეადგენდა 49 კვ.მ-ს, ასევე ჰქონდა 20 კვ.მ სარდაფი. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითაც, რომელიც წარმოდგენილი იყო საქმეში. ამდენად, ქ. თბილისში, .... ქ. ¹49-ში მდებარე სახლთმფლობელობას დაკავებული ჰქონდა 353 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც 240 კვ.მ ეკავა შენობას, დანარჩენი კი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ეზოს. სწორედ აღნიშნული სახლთმფლობელობის შენობის ის ნაწილი დაინგრა, რომელიც დღეისათვის არის სადავო, ანუ საერთო სახლთმფლობელობის ნაწილი, რომლისგანაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიას დაეუფლა შპს «რ-ი», შემდეგ კი გ. გ-ი და სურდათ მოეხდინათ მისი შემოღობვა, რითაც, ფაქტობრივად, შემცირდა სახლთმფლობელობის მიერ დაკავებული ფართი ისე, რომ არავის მოუხდენია ფართის გამიჯვნა. აღნიშნულით ირღვევა თითოეული თანამესაკუთრის უფლებები და კანონიერი ინტერესები. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს იმ დოკუმენტების ბათილად ცნობას, რომლებითაც დაირღვა მისი, როგორც თანამესაკუთრის, უფლებები (იხ. ს.ფ. 117-119; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების ზეპირი მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში ე. გ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშვა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. შეგებებული მოსარჩელე მითითებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებას ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული აქტებით დაირღვა მისი, როგორც თანამესაკუთრის უფლებები, ამასთან, სადავო ფართის შემოღობვის შემთხვევაში, ვერ შეძლებდა კუთვნილ სარდაფში შესვლას. აღნიშნული მოთხოვნას კი ამყარებდა საჯარო რეესტრის ამონაწერზე (3526/2003). მითითებული ჩანაწერის საფუძველს წარმოადგენდა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული, ე. გ-ესა და რ. კ-ს შორის 2000 წლის 27 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, .... ქ. ¹49-ში მდებარე 49კვ.მ საცხოვრებელი ბინის ე. გ-თვის მიყიდვის შესახებ. აღნიშნული საცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა ქ. თბილისში, .... ქ. ¹49-ში განთავსებული მთლიანი საცხოვრებელი სახლის 49/240 ნაწილს. ქ. თბილისში, .... ქ. ¹49-ში მდებარე 240 კვ.მ-ზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი დაინგრა და მოპასუხემ მოახდინა ამ მიწის ნაკვეთის ნაწილის თავის სახელზე დარეგისტრირება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მითითებულ 240 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების უფლება გააჩნდა და მისი ნაწილის მოპასუხისათვის მიკუთვნებით შეილახა მისი ინტერესები.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ე. გ-ემ ვერ დაასაბუთა სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების არსებობა, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც აღირიცხა ჯერ შპს «რ-ისა» და შემდეგ გ. გ-ის სახელზე, წარმოადგენდა საერთო საკუთრების ფართს და აღნიშნული ვერც კერძოOსაჩივრის ავტორის მიერ იქნა დადასტურებული.
საქმის მასალების თანახმად, შპს «რ-იმ» დაირეგისტრირა 240 კვ.მ-ზე განთავსებული საცხოვრებელი ფართის დანგრევის შედეგად წარმოშობილი მიწის ფართის ნაწილი. ასევე დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი განლაგებული იყო 353 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საიდანაც საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 240 კვ.მ-ს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208.3 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მითითებული 240 კვ.მ იყო მობინადრეთა საერთო საკუთრების ფართი.
კერძო საჩივრის ავტორის მიერ ასევე ვერ იქნა დასაბუთებული და დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ სადავო ფართის შემოღობვით ვერ შეძლებს კუთვნილ სარდაფთან დაკავშირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ე. გ-ის კუთვნილ სარდაფს არა აქვს შესასვლელი გ. გ-ის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მხრიდან.
ამდენად, არ დასტურდება ე. გ-ის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლით განსაზღვრული ე. გ-ის შეგებებული სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დასაშვებია, თუ აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ე. გ-ის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მოსარჩელის სუბიექტური უფლების დარღვევა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეწყვიტა შეგებებულ სარჩელზე წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის განჩინების მითითების შესაბამისად, უნდა ემსჯელა და გამოეკვლია საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა კანონიერ საფუძველს სადავო მიწის ნაკვეთზე შპს «რ-ის» საკუთრების უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მითითებულ არგუმენტს, რადგან სააპელაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.5 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა და შეწყვიტოს საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო მითითებული გარემეობების საფუძვლიანობის შემოწმება მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე იქნებოდა შესაძლებელი, თუ სახეზე არ იქნება სარჩელის დაუშვებლად ცნობის პროცესუალური წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა, რომ არსებობდა ე. გ-ის შეგებებული სარჩელის დაუშვებლობის წინაპირობები, ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.5 მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელა შეგებებული სარჩელის დასაშვებობაზე და შეწყვიტა მასზე საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დასაშვებობის წინაპირობის არარსებობის გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივები დაუსაბუთებელია, არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე და არ არსებობის მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.