კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-197-191(კს-09) 16 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატი
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სრულიად საქართველოს ..... კავშირის თავმჯდომარის რ. ლ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს ..... კავშირის თავმჯდომარის რ. ლ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ჯ. ო-ი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ფართის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
სრულიად საქართველოს .... კავშირის თავმჯდომარე რ. ლ-მა 2007 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 2007 წლის 3 ივნისის ¹0114-077536 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...... მე-4 მ/რ-ში, 21-ე კორპუსის I სართულზე განთავსებული ფართის მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნა ჯ. ო-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საზოგადოებრივ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ სრულიად საქართველოს ..... კავშირმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს .... კავშირის თავმჯდომარის რ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, იმის გამო, რომ მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და სააპელაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს .... კავშირის თავმჯდომარე რ. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს .... კავშირის თავმჯდომარის რ. ლ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ხსენებული კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს ..... კავშირის თავმჯდომარის რ. ლ-ის კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. საქმის მასალების თანახმად, საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს .... კავშირის თავმჯდომარის რ. ლ-ის შვილს ვ. ლ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება ჩაჰბარადა 2008 წლის 5 ნოემბერს (ტ.2, ს.ფ. 17); საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ. ლ-ის მიერ მითითებულ მოტივს იმის შესახებ, რომ იგი 2009 წლის 1 ოქტომბრიდან სამსახურებრივი მივლინებით იმყოფება ქ. კიევში და სასამართლო დოკუმენტები უნდა გაგზავნოდა ქ. კიევში, მის მიერ მითითებულ მისამართზე, რადგან მან აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს აცნობა მხოლოდ 2008 წლის 29 დეკემბერს; ხოლო რ. ლ-ის შვილს ვ. ლ-ს კი სააპელაციო პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების ასლის გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე 2008 წლის 5 ნოემბერს ხელის მოწერისას რ. ლ-ის უკრაინაში ყოფნის თაობაზე აღნიშვნა არ გაუკეთებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ლ-თვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 6 ნოემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 17 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. კერძო საჩივარი კი საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს ..... კავშირის თავმჯდომარე რ. ლ-მა უკრაინის ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 29 დეკემბერს ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12 დღიანი ვადის დარღვევით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს ..... კავშირის თავმჯდომარე რ. ლ-მა დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად იქნეს დატოვებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის სრულიად საქართველოს .... კავშირის თავმჯდომარის რ. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.