Facebook Twitter

¹ბს-22-22(კს-09) 12 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ბ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. ნ. ბ.-ე; 2. ნოტარიუსი თ. გ.-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 01 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ბ.-მ მოპასუხე ნოტარიუს თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მისი განცხადების სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნოტარიუს თ. გ.-ს დაევალა სამკვიდროს მიღების შესახებ თ. ბ.-ის განცხადების რეგისტრაციის მიზნით სანოტარო მოქმედების შესრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნოტარიუსმა თ. გ.-მა და საქმეში მესამე პირად ჩართულმა ნ. ბ.-მ. აპელანტებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგის 2007 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2008 წლის 02 ივლისის განჩინებით აპელანტების _ ნოტარიუს თ. გ.-სა და ნ. ბ.-ის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატას.

2008 წლის 03 ნოემბერს თ. ბ.-მ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 02 ივლისის განჩინების გაუქმება და ნოტარიუს თ. გ.-სა და ნ. ბ.-ის სააპელაციო საჩივრების განსჯად ადმინისტრაციულ სასამართლოს დაქვემდებარება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით თ. ბ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და იმავე პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრებზე შეჩერდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 01 დეკემბრის განჩინებით თ. ბ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

2008 წლის 22 დეკემბერს თ. ბ.-მ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა 2008 წლის 01 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით, სასამართომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლო მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი ) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ანუ, აღნიშნული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ ისეთი საქმეების განახლებას, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამარლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ყველა სახის განჩინება არ შეიძლება იყოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების მიზნით განხილვის ობიექტი.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 02 ივლისის განჩინებით, რომლითაც აპელანტების _ ნოტარიუს თ. გ.-სა და ნ. ბ.-ის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, საქმის წარმოება არ დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების საფუძვლები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია თ. ბ.-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად და თვლის, რომ სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 422-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 01 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.