ბს-234-228(კს-09) 14 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ო. ფ-შვილი, წარმომადგენელი ვ. შ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი შოთა ბაკურიძე
მესამე პირი – შ. გ-შვილის უფლებამონაცვლე _ ე. გ-შვილი, წარმომადგენელი დ. მ-შვილი
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 25 დეკემბერს ო. ფ-შვილმა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, თელავის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ, მესამე პირად მიუთითა შ. გ-შვილი და მოითხოვა 1999 წლის 18 იანვარს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რომლის თანახმად, ქ. თელავში, ... ტერიტორიაზე მდებარე 625 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა შ. გ-შვილის სახელზე, ასევე შ. გ-შვილის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, თელავის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 ივნისის ¹193 გადაწყვეტილებით თელავის «ქალაქვაჭრობასთან» შექმნილ კოოპერატივ «...» თელავის ¹2 საგზაო საექსპლუატაციო უბნის ყოფილი ტერიტორიიდან გამოეყო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივი კვების ობიექტის ასაშენებლად.
კოოპერატივი «...» ჩამოყალიბდა 1987 წლის 17 მაისს, ხოლო თელავის რაისაბჭოს აღმასკომის ¹156 გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა 1987 წლის 22 მაისს. კოოპერატივის დამფუძნებლები იყვნენ შ. გ-შვილი, ო. ფ-შვილი და ს. ვ-ოვი. თავმჯდომარედ დაინიშნა ნ. გ-ძე, რომელიც შესატანის გადაუხდელობის გამო გავიდა კოოპერატივიდან. კოოპერატივის წევრებმა გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე პირადი სახსრებით, წილობრივი მონაწილეობით ააშენეს სასადილო «...», მოგვიანებით კოოპერატივიდან გავიდა ს. ვ-ოვი. 1993 წლის 23 ივნისს შ. გ-შვილმა თელავის რაიონის საკრებულოში ხელახლა რეგისტრაციაში გაატარა კოოპერატივი «...», როგორც ერთი პირის საწარმო და კოოპერატივ «...» სამართალმემკვიდრე. 1996 წლის 31 აგვისტოს თელავის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს «...», როგორც ერთი პირის საწარმო «...» უფლებამონაცვლე, შ. გ-შვილისა და ო. ფ-შვილის პარტნიორობით, თითოეულის 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, შპს «...» მიწის საკუთრებაში გადაცემისათვის გადაიხადა მიწის ერთჯერადი გადასახადი შ. გ-შვილის მეშვეობით, მაგრამ მიწის ნაკვეთი რეგისტრაციაში გატარდა არა შპს «...», არამედ შ. გ-შვილის საკუთრებად. აღნიშნული შეცდომა, მოსარჩელის მითითებით, გამოსწორებულ იქნა თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2001 წლის 31 ოქტომბერს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა შპს «...» სახელზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, შ. გ-შვილის სახელზე მიწის რეგისტრირების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მიწა მისთვის არავის გამოუყვია და შ. გ-შვილი მიწის ნაკვეთს კანონიერად არასოდეს ფლობდა (იხ. ს.ფ. 2-5).
თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებით მოპასუხედ მიჩნეულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური (იხ. ს.ფ. 203).
თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ო. ფ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1999 წლის 18 იანვარს განხორციელებული ჩანაწერი 625 კვ.მ მიწის მესაკუთრედ შ. გ-შვილის აღრიცხვის შესახებ და მის საფუძველზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (იხ. ს.ფ. 217-219).
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-შვილის უფლებამონაცვლემ – ე. გ-შვილმა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე სარჩელის დასაშვებად ცნობის შესახებ თელავის რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვა (იხ. ს.ფ. 227-238).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შ. გ-შვილის უფლებამონაცვლე ე. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თელავის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 22 მაისის ¹156 გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა კოოპერატივ «...» წესდება, რომელიც დამტკიცდა კოოპერატივის წევრთა საერთო კრებაზე 1987 წლის 17 მაისს. თელავის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 ივნისის ¹193 გადაწყვეტილებით თელავის «ქალაქვაჭრობასთან» შექმნილ კოოპერატივ «...» თელავის ¹2 საგზაო საექსპლუატაციო უბნის ყოფილი ტერიტორიიდან გამოეყო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივი კვების ობიექტის ასაშენებლად, რომელზეც აშენდა სასადილო «...». 1993 წლის 23 ივნისს შ. გ-შვილმა თელავის რაიონის საკრებულოს ¹330 გადაწყვეტილებით განმეორებით რეგისტრაციაში გაატარა კოოპერატივი «...», როგორც ერთი პირის საწარმო და კოოპერატივ «...» სამართალმემკვიდრე. 1996 წლის 31 აგვისტოს თელავის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს «...», როგორც ერთი პირის საწარმო «...» უფლებამონაცვლე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 12 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. გ-შვილის სარჩელი, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 31 აგვისტოს სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული შპს «...» რეგისტრაცია. შპს «...» რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მხარეებს საწარმოს სათანადო წესით რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ მიუმართავთ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის განხილვის დროისათვის შპს «...» აღარ წარმოადგენდა იურიდიულ პირს, რის გამოც ო. ფ-შვილს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანი უნდა მისდგომოდა არა როგორც შპს «...» ერთ-ერთ დამფუძნებელს, არამედ, როგორც კოოპერატივის წევრს, რადგან სადავო მიწა თელავის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 ივნისის ¹193 გადაწყვეტილებით გამოეყო თელავის «ქალაქვაჭრობასთან» შექმნილ კოოპერატივ «...».
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შ. გ-შვილის მიერ წარმოდგენილმა ქონებრივმა შენატანმა შეადგინა 1600 ლარი, იგი მითითებულია მიწის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში 1999 წლის 18 იანვარს განცხადება წარდგენილია მის მიერ და გადახდილი აქვს მიწის შესყიდვის მიზნით, გადასახადი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ ო. ფ-შვილი წარმოადგენდა კოოპერატივის წევრს. თელავის რაიონის პროკურატურის გამომძიებლის 2000 წლის 3 სექტემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა შ. გ-შვილის მიერ კოოპერატივის თავდაპირველი საბუთების განადგურების ფაქტზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს «...» რეგისტრაცია გაუქმებულია, თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ¹2074/13 ცნობით წარდგენილი ბალანსების მიხედვით შპს «...» არ ერიცხება ძირითადი საშუალებები, ხოლო ო. ფ-შვილის კოოპერატივის წევრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, შ. გ-შვილის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთი დაბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში, რითაც ვერ აღდგება ო. ფ-შვილის, როგორც მიწის მოსარგებლის, უფლება.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ო. ფ-შვილს გაშვებული აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლით დადგენილი სარჩელის ხანდაზმულობის ვადა, რადგან საქმეში წარმოდგენილი თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორის პასუხის თანახმად, ო. ფ-შვილისათვის ჯერ კიდევ 2001 წლის 16 ოქტომბრისათვის იყო ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ო. ფ-შვილმა ვერ დაასაბუთა რა პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან რატომ ზღუდავს უკანონოდ მის უფლებას გასაჩივრებული აქტი, ამასთან, მის მიერ გაშვებულ იქნა აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა (იხ. ს.ფ. 297-305).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. ფ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორმა უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დადგენილია, რომ თელავის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 25 ივნისის ¹193 გადაწყვეტილებით თელავის «ქალაქვაჭრობასთან» შექმნილ კოოპერატივ «...», რომლის დირექტორიც შემდგომ გახდა შ. გ-შვილი, გამოეყო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივი კვების ობიექტის ასაშენებლად, რომელზეც აშენდა სასადილო «...». 1993 წლის 23 ივნისს შ. გ-შვილმა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კოოპერატივის ლიკვიდაციის გარეშე მოახდინა ერთი პირის საწარმო კოოპერატივ «...» რეგისტრაცია. 1997 წლის 31 აგვისტოს თელავის რაიონის სასამართლოს რეგისტრაციაში გატარდა შპს «...», როგორც ერთი პირის საწარმო კოოპერატივ «...» უფლებამონაცვლე. შპს-ს პარტნიორებს წარმოადგენდნენ შ. გ-შვილი და ო. ფ-შვილი. ამდენად, მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენებული იყო სასადილო «...», მფლობელობაში გადაეცა შპს «...», რომლის თანამფლობელიც იყო ო. ფ-შვილი.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის 2.2 მუხლის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ენიჭებოდა შპს «...». შ. გ-შვილმა კი თავის სახელზე საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა იგი. მიწის ნაკვეთი შ. გ-შვილის სახელზე აღირიცხა მაშინ, როდესაც შპს «...» წარმოადგენდა იურიდიულ პირს და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ო. ფ-შვილი.
კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ შ. გ-შვილმა თავისი სახელით მიმართა მიწის მართვის სამმართველოს მიწის შესყიდვის მიზნით, რადგან ამ უკანასკნელმა შპს «...» სახელზე მოითხოვა მიწის რეგისტრაცია და ფულიც შპს-ს სახელზე გადაიხადა.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ო. ფ-შვილი არ იყო კოოპერატივის მეპაიე.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მას უფლება ექნება მიმართოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთის ნახევრის თავის სახელზე რეგისტრირების შესახებ, რადგან შპს «...» ლიკვიდაციის შემდეგ მიწის ნაკვეთი რეალურად სახელმწიფოს საკუთრებაში არ გადასულა და იგი შ. გ-შვილისა და ო. ფ-შვილის მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო (იხ. ს.ფ. 311-312).
ო. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1987 წელს შეიქმნა კოოპერატივი «...» ხუთი წევრის შემადგენლობით, თელავის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 22 მაისის ¹156 გადაწყვეტილებით დამტკიცდა თელავის «ქალაქვაჭრობასთან» შექმნილი საზოგადოებრივი კვების კოოპერატივ «...» წესდება. თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 25 ივნისის ¹193 გადაწყვეტილებით თელავის «ქალაქვაჭრობასთან» შექმნილ საზოგადოებრივი კვების კოოპერატივ «...» ობიექტის მშენებლობისათვის გადაეცა 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენდა სასადილო «...». 1993 წლის 23 ივნისს შ. გ-შვილმა რეგისტრაციაში გაატარა კოოპერატივი ოცნება, როგორც ერთი პირის საწარმო და კოოპერატივ «...» სამართალმემკვიდრე. 1996 წლის 31 აგვისტოს ტელავის რაიონულმა სასამართლომ დაარეგისტრირა შპს «...», როგორც ერთი პირის საწარმო ოცნების უფლებამონაცვლე, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ შ. გ-შვილი და ო. ფ-შვილი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 1996 წლის 31 აგვისტოს სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული შპს «...» რეგისტრაცია. 1999 წლის 18 იანვარს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურმა შ. გ-შვილის განცხადების საფუძველზე თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მდებარე, 625 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებული იყო სასადილო «...», დაარეგისტრირა შ. გ-შვილის სახელზე. 2001 წლის 31 ოქტომბერს მიწის მართვის სამმართველომ განახორციელა ცვლილება რეესტრის ჩანაწერში და სადავო მიწის ნაკვეთი აღრიცხა შპს «...» სახელზე. თელავის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა მიწის მართვის 2001 წლის 31 ოქტომბრის ¹58/99 ჩანაწერი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დასაშვებია, თუ აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
კონკრეტულ შემთხვევაში ო. ფ-შვილის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მოსარჩელის სუბიექტური უფლების დარღვევა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეწყვიტა სარჩელზე წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
კერძო საჩივრის ავტორი თავისი სუბიექტური უფლების დარღვევას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო შპს «...» სარგებლობაში, შესაბამისად, საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ იგი დამფუძლებლების – შ. გ-შვილისა და ო. ფ-შვილის მფლობელობაში დარჩებოდა, რითაც ო. ფ-შვილს მიეცემოდა შესაძლებლობა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის 2.2 მუხლის შესაბამისად, თავის სახელზე აღერიცხა სადავო უძრავი ქონება, შ. გ-შვილის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის აღრიცხვით კი დაირღვა მოსარჩელის უფლება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი უსაფუძვლობის გამო არ უდნა იქნეს გაზიარებული, რადგან სადავო მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა შპს «...» სარგებლობაში, შესაბამისად, მიწაზე საკუთრების მოპოვების უფლება მითითებული კანონის საფუძველზე, შეიძლებოდა წარმოშობოდა საწარმოს და არა მის დამფუძნებლებს, როგორც ფიზიკურ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. გ-შვილმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, მოახდინა რა მიწის თავის სახელზე რეგისტრაცია, შესაძლო უფლების მოპოვების უფლებამოსილება წაერთვა საწარმოს. ამდენად, საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორის ქმედება ემსახურებოდა თუ არა საზოგადოების მიზნებს, მის სამართლებრივ შედეგებსა და მის კანონიერება-უკანონობაზე და საწარმოსათვის ზიანის მიყენების თაობაზე დავის უფლება ექნებოდათ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მხოლოდ პარტნიორებს საწარმოს სახელით და არა როგორც ფიზიკურ პირებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ფ-შვილს უფლების დარღვევაზე შეეძლო ედავა არა როგორც ფიზიკურ პირს, არამედ საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელს პარტნიორის _ შ. გ-შვილის მიმართ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მისი, როგორც ფიზიკური პირის უფლების არსებობა სადავო ქონებაზე, რადგან თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 25 ივნისის ¹193 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა თელავის «ქალაქვაჭრობასთან» შექმნილ საზოგადოებრივი კვების კოოპერატივ «...», მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ო. ფ-შვილი იყო კოოპერატივ «...» წევრი. კოოპერატივის ბაზაზე, როგორც მისი უფლებამონაცვლე, დაფუძნდა შპს «...», შესაბამისად, კოოპერატივის სარგებლობაში არსებული ქონება გადავიდა შპს-ს სარგებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. გ-შვილის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის აღრიცხვის კანონიერების შემოწმების მიმართ ო. ფ-შვილის კანონიერი ინტერესის არსებობა ვერ იქნა დასაბუთებული მოსარჩელის მიერ, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.5 მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელა რა სარჩელის დასაშვებობაზე, მართებულად შეწყვიტა მასზე საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დასაშვებობის წინაპირობის არარსებობის გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივები დაუსაბუთებელია, არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე და არ არსებობის მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.