Facebook Twitter
ბს-262-252(კს-09) 14 აპრილი, 2009 წელი

ბს-262-252(კს-09) 14 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. ბ-ული, წარმომადგენელი ნ. ჩ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. ქ. თბილისის მერია; 2. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 25 იანვარს ნ. ბ-ულმა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 9 აგვისტოს ¹00000197 მიწერილობის, 2007 წლის 4 სექტემბრის შემოწმების აქტის, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 26 სექტემბრის ¹00000197 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 21 ნოემბრის ¹402 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხეების დავალდებულება «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» საქართველოს მთავრობის ¹140 დადგენილების 201.4 მუხლის შესაბამისად უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 2-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებით ნ. ბ-ულის სარჩელი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 9 აგვისტოს ¹00000197 მიწერილობის, 2007 წლის 4 სექტემბრის შემოწმების აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ. ს.ფ. 45-47).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 14-23).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ულმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 31-39).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე ნ. ბ-ულის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 42-50).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ულის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 369-ე, 374.1 მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2008 წლის 26 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა 2008 წლის 11 დეკემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 3-5).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-ულის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნ. ბ-ულის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ელმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით 2008 წლის 9 დეკემბერს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2008 წლის 22 დეკემბერს, რადგან იმყოფებოდა მანგლისში, ხოლო თბილისში დაბრუნების შემდეგ, დამატებით შეიტანა სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტს არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, რადგან სააპელაციო საჩივარი მანგლისის საფოსტო განყოფილებაში შეიტანა 2008 წლის 9 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 14-16).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ბ-ულის წარმომადგენლის ნ. ჩ-ელის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინება და საქმე ნ. ბ-ულის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 «ე» მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ულს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 26 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარი კი სსსკ-ის 374.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით შეიტანა 2008 წლის 11 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სსსკ-ის 374.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, რადგან საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი 2008 წლის 24 ნოემბერს გაეგზავნათ ნ. ბ-ულსა და მის წარმომადგენელს ნ. ჩ-ელს. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, გადაწყვეტილების ასლი ნ. ბ-ულს ჩაჰბარდა 2008 წლის 26 ნოემბერს, ხოლო მის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელს _ 2008 წლის 25 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 29-30). ამდენად, სსსკ-ის 374.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადა სსსკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად, იწურებოდა 2008 წლის 9 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილია ორი სააპელაციო საჩივარი, რომელთაგან ერთი შეტანილია ნ. ბ-ულის მიერ სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 11 დეკემბერს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე არსებული შტამპით (იხ. ს.ფ. 31), ხოლო მეორე სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნა საფოსტო განყოფილებაში ნ. ბ-ულის წარმომადგენლის ნ. ჩ-ელის მიერ 2008 წლის 9 დეკემბერს (იხ. ს.ფ.). აღნიშნული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2008 წლის 22 დეკემბერს, მაგრამ აღნიშნულზე არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას და 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით განუხილველად დატოვა ნ. ბ-ულის სააპელაციო საჩივარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ, გამოიკვლიოს საქმეში წარმოგენილი მტკიცებულებები, რათა დადგინდეს დაცულ იქნა თუ არა აპელანტის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ბ-ულის წარმომადგენლის ნ. ჩ-ელის კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ნ. ბ-ულის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რათა მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ, აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ულის წარმომადგენლის ნ. ჩ-ელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინება და საქმე ნ. ბ-ულის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.