Facebook Twitter
ბს-284-274(კს-09)

ბს-284-274(კს-09) 14 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. წ-ური

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მესამე პირები - გ. ც-ავი, გ. ქ-ელი, გ. ჩ-ელი, დ. ბ-შვილი, დ. შ-შვილი და რ. თ-შვილის უფლებამონაცვლე – მ. ფ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - სარჩელის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 25 თებერვალს რ. ბ-შვილმა და გ. წ-ურმა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ მუშაობდნენ კასპის რაიკოოპერატივში და წარმოადგენდნენ კოოპერატივის მეპაიეებს. კასპის რაიკოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონება, კერძოდ: ... ლიმონათის ქარხანა, სურსათის მაღაზია, რესტორანი ,,...”, ... მაღაზიის შენობა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ აუქციონზე დაბალ ფასებში და კანონის უხეში დარღვევით გაიყიდა.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ გორის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ შედგენილი განცხადება ზემოაღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ არ იყო გამოქვეყნებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, ამ ქონების გაყიდვის შესახებ კასპის რაიკოოპერატივის მეპაიეებისთვის არ უცნობებიათ. ამის მიუხედავად, რაიკოოპერატივის მეპაიეებმა აუქციონის ჩატარებამდე ათი დღით ადრე მიმართეს გორის საგადასახადო ინსპექციას და მოითხოვეს აუქციონის შეჩერება იმ მოტივით, რომ კასპის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე გ. დ-ძის მიმართ რაიკოოპერატივში გამოვლენილ დარღვევებზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, თუმცა 2003 წლის 29 მაისს ქ. გორში აუქციონი მაინც ჩატარდა. აუქციონზე შედგა ოქმი, რომელიც უკანონო იყო, ვინაიდან მასში არ იყო აღნიშნული, თუ ვინ ესწრებოდა აუქციონს, არ იყო აღნიშნული კომისიის წევრები, პრესის, ტელევიზიისა და სხვა წარმომადგენლები და დამსწრეები. აღნიშნულის მიუხედავად, 2003 წლის 29 მაისით დათარიღებული ¹000376 სერტიფიკატის თანახმად, 2003 წლის 29 მაისს აუქციონზე ქ. კასპის ... სურსათის მაღაზიის შენობა 500 ლარად გ. ჩ-ელმა შეიძინა. 2003 წლის 6 ივნისს გორის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსმა ა. მ-შვილმა ტელეკომპანია ,,...” განცხადება გამოაქვეყნა იმის შესახებ. რომ 2003 წლის 30 ივნისს, 11 საათზე, ქ. გორში, ... ¹29-ში კასპის რაიკოოპერატივის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ატარებდა აუქციონს, განცხადებაში ჩამოთვლილი იყო ოცი დასახელების ობიექტი, მათ შორის, ... ლიმონათის საამქრო, ღირებულებით 1500 ლარი. მაშინ, როდესაც ამ ობიექტების საბალანსო ღირებულება 3316 ლარს შეადგენდა. 2003 წლის 30 ივნისს გამართულ აუქციონზე მოცემული ობიექტი 900 ლარად გაიყიდა, ამასთან, გამოსყიდული არ იყო შენობის ქვეშ მდებარე მიწის ფართი.

მოსარჩელეთა განმარტებით, უკანონოდ გაიყიდა აგრეთვე, ქ. კასპში მდებარე რაიკოოპერატივის სამეურნეო მაღაზია, რომლის საბალანსო ღირებულება 1400 ლარს შესადგენდა, ხოლო გაიყიდა 800 ლარად. არსებობდა ტელეკომპანია ,,...” დირექტორის სახელზე 2003 წლის 19 სექტემბერს გაგზავნილი მიმართვა, რომლის თანახმად, 2003 წლის 21 ოქტომბერს 12 საათზე, ქ. გორში, ... ¹29-ში გორის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსი ა. მ-შვილი განმეორებით აუქციონს ატარებდა. გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში იყო ... მაღაზია ,,ყველაფერი ოჯახისათვის”. ამ ობიექტის საბალანსო ღირებულება 60663 ლარს შეადგენდა, ხოლო გაიყიდა 10000 ლარად.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ უკანონოდ გაიყიდა რესტორანი ,,...”, რომლის საბალანსო ღირებულება 35600 ლარს შესადგენდა, ხოლო აუდიტორული დასკვნის თანახმად, 3500 ლარად შეფასდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ კასპის რაიკოოპერატივის ბალანზე რიცხული ქონების: კასპის ... სურსათის მაღაზიის შენობის, ... ლიმონათის საამქროს შენობის, ... მაღაზიის შენობის ,,ყველაფერი ოჯახისათვის”, კასპში მდებარე რესტორან ,,...” შენობის გასხვისების მიზნით მოწყობილი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ დ. ბ-შვილი, დ. შ-შვილი, გ. ჩ-ელი და რ. თ-შვილი.

ამავე სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის განჩინებით კი საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. ქ-ელი და გ. ც-ავი.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ბ-შვილისა და გ. წ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს რ. ბ-შვილმა და გ. წ-ურმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 თებერვლის განჩინებით რ. ბ-შვილისა და გ. წ-ურის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა გორის საგადასახადო ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელების: თ. ლ-ძის, გ. ს-ძის, ა. მ-შვილის და სხვათა მიმართ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს რ. ბ-შვილმა და გ. წ-ურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინებით რ. ბ-შვილისა და გ. წ-ურის საკასაციო საჩივარი თავისი არსით კერძო საჩივრად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ივნისის განჩინებით რ. ბ-შვილისა და გ. წ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზანდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებით რ. ბ-შვილისა და გ. წ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 თებერვლისა და 17 ივნისის განჩინებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა რ. ბ-შვილისა და გ. წ-ურის სააპელაციო საჩივარზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე რ. თ-შვილის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. ფ-შვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ. წ-ურისა და რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება (განჩინება); გ. წ-ურისა და რ. ბ-შვილის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავდა, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობისათვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებებს.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ. წ-ური და რ. ბ-შვილი როგორც კასპის რაიკოოპერატივის მეპაიეები არ შეიძლება განხილულ იქნან დაინტერესებულ პირებად, რადგან კოოპერატივის ქონების გასხვისებით მათ პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიადგათ. კოოპერატივის ქონების უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით კოოპერატივის ინტერესების დასაცავად და მისი სახელით სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლება მოქმედი კანონმდებლობით გააჩნდა კოოპერატივის გამგეობას. ,,სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამომხმარებლო კოოპერატივის აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც ახორციელებს კოოპერატივის სამეურნეო და სხვა საქმიანობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. წ-ურის წარმომადგენელმა – გ. ზ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა გ. წ-ურისა და რ. ბ-შვილის, როგორც კასპის რაიკოოპერატივის მეპაიეების საპროცესო უფლებრივი სტატუსის საკითხი მოცემულ საქმეში. კოოპერატივის ქონების უკანონო გასხვისებით, ცხადია მის მეპაიეებს მიადგათ ძალიან დიდი ზიანი და ამით უკანონოდ შეიზღუდა მათი უფლებები და ინტერესი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გ. წ-ურსა და რ. ბ-შვილს სრული კანონიერი უფლება ჰქონდათ აღეძრათ სარჩელი კოოპერატივის ინტერესების დასაცავად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძველების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. წ-ურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გ. წ-ურის წარმომადგენლის მოსაზრებას სარჩელის დასაშვებობის თაობაზე და თვლის, რომ გ. წ-ურისა და რ. ბ-შვილის სარჩელზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შეწყვეტილი საქმის წარმოება.

საკითხის არსებითად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს შემდეგი მოსაზრებების წარმოდგენას: საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული პრაქტიკა დასაშვებად მიიჩნევს მეპაიეებმა, აქციონერებმა და ა. შ. კორპორაციების მოთხოვნები საკუთარი სახელით წარადგინონ სასამართლოში, თუ ამ მოთხოვნებს თვითონ კორპორაცია სხვადასხვა მიზეზით არ იყენებს. ასეთი ტიპის დერივატიული სარჩელები, როგორც წესი, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კორპორაციის მმართველობითი ორგანოები არღვევენ საკუთარ მოვალეობებს და ამით ზიანი ადგება კორპორაციის ინტერესებს.

ასეთი ტიპის სარჩელის აღძვრის უფლება უკავშირდება რიგ პროცესუალურ ნორმებს, კერძოდ, დერივატიული სარჩელის აღძვრამდე სავალდებულოა პირმა წერილობით მიმართოს კორპორაციის მმართველ ორგანოს, რათა ამ უკანასკნელმა თავადვე წარადგინოს მოთხოვნა სასამართლოში და მხოლოდ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მას ეძლევა პროცესუალური შესაძლებლობა აღძრას სარჩელი.

საყურადღებოა, რომ ქართული კანონმდებლობა არ იძლევა მსგავსი ტიპის რეგულაციების ჩამონათვალს და დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ ე.წ. პირდაპირი სარჩელების აღძვრის შესაძლებლობას. რომელიც პირს ანიჭებს უფლებას საკუთარი სახელით განახორციელოს ისეთი პირადული ხასიათის მოთხოვნები, როგორიცაა დივიდენდის მოთხოვნა, ინფორმაციის მიღების უფლება, კრების მოწვევის უფლება და ა. შ.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კოოპერატივის მეპაიეთა (ორი მეპაიის) მიერ აღძრული სარჩელი, რომელიც მიმართულია კასპის რაიკოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გზით გასხვისების ბათილად ცნობისაკენ. ამდენად, სარჩელი ცალსახად მიეკუთვნება ე. წ. არაპირდაპირი სარჩელების კატეგორიას და საკითხი იმის თაობაზე კოოპერატივის მეპაიეს აქვს თუ არა ასეთი ტიპის სარჩელის აღძვრის უფლება მოძიებული უნდა იქნას ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონსა და ,,სამომხმარებლო კოოპერატივების შესახებ” კანონში.

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.

ამავე კანონის 63.1 მუხლის თანახმად, კოოპერატივის წევრები თავიანთ უფლებებს კოოპერატივის საქმეების გამო ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. კანონის 64.1 მუხლის შესაბამისად, თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენლობითი კრება.

,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 65-ე მუხლი განსაზღვრავს კოოპერატივებში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შესაძლებლობას, რომელიც კონტროლს უწევს კოოპერატივების მმართველობით ორგანოს – გამგეობას.

კოოპერატივის, როგორც საწარმოს, რთული კორპორაციული მოწყობა ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირადი უფლების გარდა, არცერთი სხვა უფლება უშუალოდ არ დადის ცალკეულ მაპაიამდე. რაც მიმართულია მე-3 პირებთან ურთიერთობაში სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ.

საგულისხმოა, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებია ჩადებული ,,სამომხმარებლო კოოპერატივების შესახებ” კანონში, რომლის 5.1 მუხლის შესაბამისად, სამომხმარებლო კოოპერატივის მართვის უმაღლეს ორგანოდ მიჩნეულია მეპაიეთა საერთო კრება, რომელიც ირჩევს აღმასრულებელ – განმკარგულებელ და მაკონტროლებელ ორგანოს – გამგეობას და სარევიზიო კომისიას.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ კოოპერატივის ორი წევრის მიერ აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულ დასაშვებობის მოთხოვნებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებულ მუხლებზე დაყრდნობით მართებულად იქნა საქმის წარმოება შეწყვეტილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. წ-ურის წარმომადგენლის გ. ზ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება