ბს-292-282(კს-09) 30 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე., თ., პ. და ი. ხ-ძეები
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. მ. და ლ. უ-ავები; 2. ქუთაისის მერია; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ უფლებამონაცვლედ ცნობის კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1999 წლის 2 აპრილს ნ. უ-ავამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნ. ხ-ძის მიმართ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენა (იხ. ს.ფ. 2; ტ.I).
საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 30 მაისის ¹12.22.391 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნაწილობრივ (იხ. ს.ფ. 63-67; ტ.I).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. უ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 30 მაისის ¹12.22.391 გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ცვლილება შევიდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 30 ივნისის ¹15.22.467 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში _ ნ. უ-ავას კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული, ნ. ხ-ძესთან სადავო 89 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქალაქის მიწათა ფონდში ჩარიცხვისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილების ელნაგებობათა სამმართველოსათვის ელექტრო-სატრანსფორმატორო ჯიხურის ჩასადგმელად გადაცემის თაობაზე და ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹169, 171 და 173-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის არსებული დავის შესახებ, ასევე დადგინდა ნ. ხ-ძესა და ნ. უ-ავას შორის სამეზობლო ღობის განსაზღვრა შემდეგნაირად: ... ქუჩის ¹95-ში მდებარე ნ. უ-ავას საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-დასავლეთი კუთხიდან ჩრდილოეთისაკენ საცხოვრებელი სახლის პერპენდიკულარულად გადაზომვა 7,70 მეტრი, შემდეგ შეტეხვა აღმოსავლეთისაკენ და გადაზომვა 6,2 მეტრის ბოლო წერტილიდან საცხოვრებელი სახლის პარალელურად ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაზომვა 12 გრძივი მეტრი და აღნიშნულის შეერთება საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთ მხარეს არსებული ღია აივანთან, რის შედეგადაც ნ. უ-ავას მიწის ნაკვეთს შეემატება 89 კვ.მ (იხ. ს.ფ. 68-74).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 77-78; ტ.I).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და ნ. უ-ავას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო (იხ. ს.ფ. 138-148; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-ავამ (იხ. ს.ფ. 155-157; ტ.I).
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ნ. უ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას (იხ. ს.ფ. 207-213; ტ.I).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, ნელი უ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 30 მაისის ¹12.22.391 გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ცვლილება შევიდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 30 ივნისის ¹15.22.467 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში, ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹169, 171 და 173-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის არსებული დავის შესახებ, ასევე დადგინდა ნ. ხ-ძესა და ნ. უ-ავას შორის სამეზობლო ღობის განსაზღვრა შემდეგნაირად: ... ქუჩის ¹95-ში მდებარე ნ. უ-ავას საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-დასავლეთი კუთხიდან ჩრდილოეთისაკენ საცხოვრებელი სახლის პერპენდიკულარულად გადაზომვა 7,70 მეტრი, შემდეგ შეტეხვა აღმოსავლეთისაკენ და გადაზომვა 6,2 მეტრის ბოლო წერტილიდან საცხოვრებელი სახლის პარალელურად ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაზომვა 12 გრძივი მეტრი და აღნიშნულის შეერთება საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთ მხარეს არსებულ ღია აივანთან, რის შედეგადაც ნ. უ-ავას მიწის ნაკვეთს შეემატება 89 კვ.მ (იხ. ს.ფ. 80-87; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ძემ (იხ. ს.ფ. 91-94; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კასატორის _ ნ. ხ-ძის გარდაცვალების გამო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება შეჩერდა (იხ. ს.ფ. 119-121; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. ხ-ძის უფლებამონაცვლედ დადგინდნენ ე., თ., პ. და ი. ხ-ძეები (იხ. ს.ფ. 230-234; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით ე., თ., პ. და ი. ხ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის განჩინება (იხ. ს.ფ. 251-265; ტ.II).
2008 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მ. და ლ. უ-ავებმა და მოითხოვეს «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემა და კრედიტორად აწ გარდაცვლილი ნ. უ-ავას უფლებამონაცვლედ მ. და ლ. უ-ავების მითითება შემდეგი საფუძვლით:
განმცხადებელთა მითითებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე 2008 წლის 16 სექტემბერს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, 2008 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა ნ. უ-ავა. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, როგორც კრედიტორის უფლებამონაცვლეები, სააღსრულებო ფურცელში უნდა მიეთითოს მ. და ლ. უ-ავები, რადგან უფლებამონაცვლეობა სახეზეა, რადგან სასამართლო პროცესის დასრულებამდე ნ. უ-ავას საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გადაეცა განმცხადებლებს და მათ საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში, რაც დასტურდება ქუთაისის მერიის «უქიმერიონის» ტერიტორიული ორგანოს მიერ (იხ. ს.ფ. 2; ტ.III).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მ. და ლ. უ-ავების განცხადება დაკმაყოფილდა და კრედიტორ ნ. უ-ავას უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მ. და ლ. უ-ავები, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. უ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 30 მაისის ¹12.22.391 გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ცვლილება შევიდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 30 ივნისის ¹15.22.467 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში, ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹169, 171 და 173-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის არსებული დავის შესახებ, ასევე დადგინდა ნ. ხ-ძესა და ნ. უ-ავას შორის სამეზობლო ღობის განსაზღვრა შემდეგნაირად: ... ქუჩის ¹95-ში მდებარე ნ. უ-ავას საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-დასავლეთი კუთხიდან ჩრდილოეთისაკენ საცხოვრებელი სახლის პერპენდიკულარულად გადაზომვა 7,70 მეტრი, შემდეგ შეტეხვა აღმოსავლეთისაკენ და გადაზომვა 6,2 მეტრის ბოლო წერტილიდან საცხოვრებელი სახლის პარალელურად ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაზომვა 12 გრძივი მეტრი და აღნიშნულის შეერთება საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთ მხარეს არსებული ღია აივანთან, რის შედეგადაც ნ. უ-ავას მიწის ნაკვეთს შეემატება 89 კვ.მ. 2006 წლის 24 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ. უ-ავას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. და მ. უ-ავების სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 92.1 მუხლით, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 24-ე მუხლით, რომლის თანახმად სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. უ-ავას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადაეცა მ. და ლ. უ-ავებს და საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის ამონაწერით და კანონიერი მემკვიდრეობის მოწმობით დადგენილად მიიჩნია უფლებამონაცვლეობა, რის გამოც განმცხადებელთა მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად (იხ. ს.ფ. 21-24; ტ.III).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე., ტ., პ. და ი. ხ-ძეებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგან ნ. უ-ავა არასოდეს ფლობდა იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც სრულიად უკანონოდ 1986 წლის საქალაქო აღმასკომის 30 ივნისის გადაწყვეტილებით გადაეცა. 1987 წლის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ნ. უ-ავას ჩამოერთვა მიწის ნაკვეთი და ჩაირიცხა ქალაქის მიწის ფონდში და გამოეყო საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილებას ელ. ნაგებობათა სამმართველოს ელექტრო სატრანსფორმატორო ჯიხურის დასადგმელად. სადავო მიწის ნაკვეთი ყოველთვის ხ-ძეების სარგებლობაში იყო და იგი არც ელ. ნაგებობათა სამმართველოს გადასცემია, არც უ-ავები სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით და გადასახადებსაც ხ-ძეები იხდიდნენ. დღეის მდგომარეობით 89 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხ-ძეების სარგებლობაშია. მას 1902 წლიდან ფლობდნენ ხ-ძეების წინაპრები, ამჟამად იგი შედის 600 კვ.მ მიწის ნაკვეთში, რომელიც მათ სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული (იხ. ს.ფ. 27-28; 63-64; ტ.III).
ე., ტ., პ. და ი. ხ-ძეების კერძო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებმა _ მ. და ლ. უ-ავებმა და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება (იხ. ს.ფ. 74-76; ტ.III).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე., თ., პ. და ი. ხ-ძეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოტივად უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან სადავო 89 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არა უ-ავების, არამედ ხ-ძეების საკუთრებას და იგი შედის იმ 600 კვ.მ მიწის შემადგენლობაში, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია ხ-ძეების საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მითითებულ პრეტენზიას უსაფუძვლობის გამო, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მ. და ლ. უ-ავების განცხადების საფუძვლზე იხილავდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისა და უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, ნელი უ-ავას უფლებამონაცვლედ მ. და ლ. უ-ავების ცნობის საკითხს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებებით, დაკმაყოფილდა ნ. უ-ავას სარჩელი, ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹169, ¹171 და ¹173 სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის არსებული დავის შესახებ და დადგინდა სამეზობლო ღობის მოწყობა იმგვარად, რომ ნ. უ-ავას მიწის ნაკვეთს უნდა შემატებოდა 89 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სსსკ-ის 264-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული. მისი აღსრულების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 16 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად მიეთითა ნ. უ-ავა. საქმის მასალებით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2008 წლის 3 ნოემბერს ნ. უ-ავა გარდაიცვალა. ნ. უ-ავამ გარდაცვალებამდე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, კუთვნილი ქონება გადასცა შვილებს _ მ. და ლ. უ-ავებს, რის საფუძველზეც ქონება აღირიცხა საჯარო რეესტრში მ. და ლ. უ-ავების საკუთრებად.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განსჯის საგანს წარმოადგენდა არა სადავო მიწის ნაკვეთის ნ. უ-ავასათვის ან მისი უფლებამონაცვლეებისათვის მიკუთვნების კანონიერება, რაც გადაწყდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და სადავო 89 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიეკუთვნა ნ. უ-ავას, არამედ ნ. უ-ავას უფლებამონაცვლედ მ. და ლ. უ-ავების ცნობის საკითხი, რადგან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების დაიწყების წინაპირობას წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში იმ პირების მითითება, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 24-ე მუხლი კი უშვებს სააღსრულებო ფურცლის გაცემას გადაწყვეტილებაში მითითებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადო უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. კერძო საჩივრის ავტორები კი მოთხოვნას ამყარებენ იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში შედის, რის გამოც არ არსებობს მისი უ-ავებისათვის გადაცემის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტების დასაბუთება-საფუძვლიანობის შემოწმება ვერ გახდება კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განსჯის საგანი, რადგან ეს ფაქტობრივად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვას ნიშნავს, რაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, დაიშვება მხოლოდ იმ პირობებში, თუ არსებობს სსსკ-ის 421-423-ე მუხლების შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან გადაწყვეტილების ბათიალდ ცნობის შესახებ განცხადების წანამძღვრები.
შესაბამისად, იმ ვითარებაში, თუ კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. უ-ავასათვის სადავო 89 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, თუ არსებობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ამგვარი განცხადების წარდგენის საფუძველი.
კერძო საჩივრის ავტორები ასევე უთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, როგორ მოხდა მ. და ლ. უ-ავების სახელზე ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული სასამართლო დავა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, თუ კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან 2006 წლის 2 ნოემბერს მ. და ლ. უ-ავების სახელზე განხორციელებულ რეესტრის ჩანაწერს, აღნიშნულის კანონიერებაზე მათ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ იდავონ ახალი სასარჩელო წარმოების წესით და აღნიშნული ასევე არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში განხილვის საგანს.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღდეგობის თაობაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ნელი უ-ავას უფლებამონაცვლეებად მ. და ლ. უ-ავების ცნობის საფუძველი, რადგან ამ უკანასკნელთ მემკვიდრეობა არ აღუდგენიათ კანონით დადგენილი წესით, ამასთან, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად მ. და ლ. უ-ავებისა, მითითებული იყო მ. და ნ. უ-ავები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად ცნო ნ. უ-ავას უფლებამონაცვლეებად მ. და ლ. უ-ავები, რადგან განმცხადებელთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ. და ლ. უ-ავები არიან ნ. უ-ავას შვილები, მათ დედის სიცოცხლეში, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს მისი კუთვნილი ქონება, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის განხორციელება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მ. და ლ. უ-ავებმა მიიღეს დედის დანაშთი ქონება, დგინდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებებზე კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ.
ასევე უსაფუძვლოა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველს არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად მ. და ლ. უ-ავებისა, მითითებული იყო მ. და ნ. უ-ავები, რადგან აღნიშნული ტექნიკური უსწორობა სსსკ-ის 260.1 მუხლის შესაბამისად, შესწორდა სასამართლოს ინიციატივით 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ ამგვარი შესწორების შეტანის დაუშვებლობის დასასაბუთებლად რაიმე არგუმენტებზე და კერძო საჩივარი სსსკ-ის 260.2 მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაზე არ წარმოუდგენიათ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე., თ., პ. და ი. ხ-ძეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე., თ., პ. და ი. ხ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.