ბს-295-285(კს-09) 8 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. წ-შვილმა 23.06.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1998-1999-2000-2003 წლების სახელფასო დავალიანების – 1345,36 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 23.09.08წ. გადაწყვეტილებით ვ. წ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაეკისრა ვ. წ-შვილის სასარგებლოდ დავალიანების სახით 1340 (ათას სამას ორმოცი) ლარისა და 74 (სამოცდათოთხმეტი) თეთრის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 12.11.08წ. სააპელაციო წესით გასაჩივრდა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.09წ. განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 23.09.08წ. გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გორის რაიონული სასამართლოს 23.09.08წ. გადაწყვეტილება სამმართველოს ჩაჰბარდა არა 27.10.08წ., არამედ 30.10.08წ., რადგან საქმეში არსებული გზავნილით დადგენილია, რომ საქართველოს შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სასამართლოს 23.09.08წ. გადაწყვეტილების ასლი 27.10.08წ. ჩაჰბარდა. შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი საპაკეტო-საკონტროლო ჟურნალის 101-ე გვერდის დამოწმებული ასლის და ამავე სამმართველოს კანცელარიის თანამშრომლების მიერ შედგენილი ცნობის მიხედვით, ¹3/208 საქმიდან ვ. წ-შვილის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით 23.09.08წ. გადაწყვეტილების ასლი მოსამართლის თანაშემწის ხელმოწერით, სასამართლოდან 27.10.08წ. მიიღეს. თავისთავად ცხადია, რომ დამოწმებული ასლი, რომელიც მხარეს ბარდება, არ არის დედანი და მასზე არ იქნება მოსამართლის ხელმოწერა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსათვის 30.10.08წ. ჩაბარების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა კანონით დადგენილი გასაჩივრების 14 _ დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინება 06.02.09წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 27.10.08წ. გორის რაიონული სასამართლოს კურიერის მიერ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში წარდგენილ იქნა გორის რაიონული სასამართლოს 23.09.08წ. გადაწყვეტილების ასლზე არ იყო დაფიქსირებული მოსამართლის ხელმოწერა. ხელმოწერა არ იყო აგრეთვე მოსამართლის თანაშემწის მიმართვაზე, რომლითაც გაიგზავნა გორის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. ვინაიდან მიმართვა იყო ხელმოუწერელი, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კანცელარიის თანამშრომელი ვერ მოახდენდა დოკუმენტაციის ოფიციალურ რეგისტრაციას, რის გამოც კანცელარიის თანამშრომლის მიერ კურიერს დაუბრუნდა მიმართვა ხელმოსაწერად სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. ყოველივე აღნიშნული კანცელარიის უფროსის მიერ დაფიქსირდა საპაკეტო საკონტროლო ჟურნალის 101-ე გვერდზე და შედგა ასევე სათანადო ცნობა, რაც წარედგინა სააპელაციო სასამართლოს. მიმართვა და სასამართლოს გადაწყვეტილება კურიერმა 30.10.08წ. წარადგინა, ხოლო გზავნილზე სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების რეალური თარიღი, ანუ 30.10.08წ. აღარ იქნა დაფიქსირებული. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 _ დღიანი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნული მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 23.09.08წ. გადაწყვეტილება ადრესატს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს 27.10.08წ. ჩაჰბარდა, რაც დასტურდება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიმართვაზე აღნიშნული ადრესატის თანამშრომლის ზ. ლ-ავას ხელმოწერით (ს.ფ. 41). აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კანცელარიის თანამშრომლების _ ზ. ლ-ავას და სხვების მიერ 30.12.08წ. გაცემული ცნობა (ს.ფ. 64) და საპაკეტო-საკონტროლო ჟურნალის ასლი (ს.ფ. 63), რომლითაც დგინდება, რომ დოკუმენტი ვ. წ-შვილის სახელფასო დავალიანების საქმეზე 27.10.08წ. კანცელარიის თანამშრომელმა _ ზ. ლ-ავამ კურიერს გაატანა უკან, რადგან მიმართვა არ იყო ხელმოწერილი. კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს და ადასტურებს, რომ კანცელარიის თანამშრომლის მიერ კურიერს დაუბრუნდა მიმართვა ხელმოსაწერად სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, რაზეც შესაბამისი ჩანაწერი დაფიქსირდა საპაკეტო-საკონტროლო ჟურნალის 101-ე გვერდზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უარი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადრესატისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.09წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.09წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.