ბს-302-292(კს-09) 23 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჩ. ბ-ძის, რ. დ-ძისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა. დუშეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა: გ. კ-შვილის სასარგებლოდ ერთდროულად 1410 ლარისა და ყოველთვიური სარჩოს 15 ლარის გადახდევინება 2003 წლის სექტემბრიდან, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 15 აპრილის განჩინებით.
2006 წლის 15 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილების გ. კ-შვილის ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ. კ-შვილის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგინდა მისი მეუღლე – ლ. კ-შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო დუშეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ - დუშეთის მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტის გამგეობა და მუნიციპალიტეტის საკრებულო).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლის) განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გივი კბილაშვილის ნაწილში გაუქმებისა და ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1. მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა”-“გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-“ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წრმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დადგენილი იყო, რომ დამსაქმებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, გამგეობის სოციალურ განყოფილებებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მითითებულ ბრძანებულებაში 2006 წლის 25 იანვრიდან ამოქმედებული შეტანილი ცვლილებით (20.02.06) სსიპ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა 100%-იანი სახლმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლება მონაცვლე არ ჰყავთ, საწარმო ტრამვით დაზარალებულ პირთა აღრიცხვა, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშება, გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.3. მუხლით გათვალისწინებულ იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რაც გამოიწვევს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 09 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილების ნაწილის (გივი კბილაშვილის ნაწილში) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, ვინაიდან, ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანა არ ჩაითვლება იმ ახლად აღმოჩენილ გარმოებად, რაც შეიძლება გახდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.3. მუხლით დადგენილი წესით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულ იქნა მოსარჩელე გ. კ-შვილის (სულ 13 ფიზიკური პირის) წარმომადგენლის ადვოკატ ვ. რ-შვილის მიერ 2002 წლის 26 ნოემბერს. მოსარჩელე გ. კ-შვილს სასამართლოში საქმის განხილვის მთელ პერიოდში წარმოადგენდა ადვოკატი ვ. რ-შვილი. გ. კ-შვილი გარდაიცვალა 2003 წლის 16 ნოემბერს, სადავო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2004 წლის 09 იანვარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მისი ქმედუუნარობის დადგომის გამო, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეებს შეუქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს, ვიდრე მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი არ მიიღებს აუცილებელ ზომებს; ამასთან, სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩაითვლება გაგრძელებულად, ხოლო მესამე პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მისი ქმედუუნარობის დადგომის გამო, მაშინ იგი ჩაითვლება რწმუნებულისათვის გაგრძელებულად, ვიდრე მას არ ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაში 2006 წლის 25 იანვარს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სააგენტოს დაევალა 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავთ, საწარმოო ტრამვით დაზარალებულ პირთა აღრიცხვა, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშება და გაცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. შესაბამისად, სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული და ვალდებულია ამ სახის გასაცემლების დაანგარიშება-გაცემის კანონშესაბამისობაზე და ტრამვირებულ პირთა სწორ აღრიცხვაზე. სააგენტომ განახორციელა აღნიშნულ პირთა საქმეების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ა.წ გარდაცვლილი გ. კ-შვილის საქმეში არ იძებნებოდა ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გ. კ-შვილის სამართლებრივი ინტერესების დადგენა, ხოლო სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტების გამოკვლევის გარეშე ჰქონდა საქმე განხილული და გადაწყვეტილება გამოტანილი, მანამ სანამ მოხდებოდა ამ საქმეების სააგენტოსათვის გადაცემა. გ. კ-შვილის უფლებამონაცვლის ლ. კ-შვილის მხრიდან, მოთხოვნის დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (2006 წლის 18 აპრილი), გაირკვა რომ მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება კანონშეუსაბამო იყო და მისი აღსრულება გამოიწვევდა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ და არასწორ ხარჯვას.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გ. კ-შვილის გარდაცვალების ცნობიდან ირკვევა, რომ იგი გარდაიცვალა 2003 წლის 16 ნოემბერს და გარდაცვალების მიზეზი არ ყოფილა საწარმოო ტრამვა, შესაბამისად სააგენტოს არ შეიძლება სცოდნოდა აღნიშნულ გარემოებაზე, ვინიადან, საქმის განხილვის დროს სააგენტო არ წარმოადგენდა მხარეს სასამართლოში, ხოლო სასამართლოს მხრიდან არ გამოკვლეულა და სწორი შეფასება არ მისცემია გ. კ-შვილის მოთხოვნის კანონიერებას. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებზე.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა სპეციალური ნორმა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი განჩინების მიღება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანა არ ჩაითვლება იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რაც შეიძლება იქცეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველად.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) არ აკონკრეტებს ზემოაღნიშნული მუხლის რომელი ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს საქმის წარმოების განახლებას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მოთხოვნა სავარაუდოდ ეფუძნება მითითებული მუხლის «დ» ქვეპუნქტს. კერძოდ, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 25 იანვრიდან, სსიპ «საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავთ, საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვა, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშება, გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ის როგორც ამ ეტაპზე უფლებამოსილი პირი კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს გ. კ-შვილისათვის სარჩოს გაცემას და ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილების გ. კ-შვილის ნაწილში გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო მითითებულ მოთხოვნას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და თავის მხრივ კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს საქმის წარმოების განახლებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი მხარე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს უკანონოდ. საქმის წარმოების განახლებისათვის სავალდებულოა განმცხადებლის მხრიდან წარმოდგენილი იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძველი. როგორც აღინიშნა, კერძო საჩივარი არ შეიცავს მითითებას, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით ითხოვს კერძო საჩივრის ავტორი განცხადების დაკმაყოფილებას. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ეფუძნება სსკ-ის 423-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომელიც იძლევა ზემოაღნიშნული მუხლის შემადგენლობას და არსებითად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სტაბილურობის პრინციპს.
საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას წარმომადგენლის უფლებამოსილების თაობაზე და ადასტურებს სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების მართებულობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ის გარემოება, რომ მოსარჩელე სარჩელის აღძვრის შემდგომ გარდაიცვალა და საქმის წარმოება განაგრძო წარმომადგენელმა, რომლის უფლებამოსილებაც სადავოდ არ არის გამხდარი აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლის მხრიდან, არ იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რაც გამოიწვევდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.