Facebook Twitter

ბს-32-32(კს-09) 30 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “...”, წარმომადგენელი _ მ. კ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მესამე პირები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შპს “დკ.-ა”, შპს “პ.-ა”, შპს “დჯ.-ი”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 13 ოქტომბერს შპს “...-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 25 სექტემბრის ¹1129 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ _ დღგ-ის, მოგების გადასახადისა და ადმინისტრაციული ჯარიმის მისთვის დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 თებერვლისა და 29 მარტის საოქმო განჩინებებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლეებად ამ საქმეში ჩაბმულ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 თებერვლისა და 27 მარტის საოქმო განჩინებებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს “დკ.-ა”, შპს “პ.-ა” და შპს “დჯ.-ი”; ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ამ საქმეში ჩაბმულ იქნა თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “...-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; შპს “...-ს” დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...-მ” (წარმომადგენელი მ. კ.-ე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს “...-ს” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შპს “...-ს” ჩაჰბარდა 2008 წლის 4 ნოემბერს. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა შპს “...-სთვის” ამოიწურა 2008 წლის 18 ნოემბერს _ სამუშაო დღეს, 24 საათზე. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 24 ნოემბერს _ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “...-ს” წარმომადგენელმა მ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2008 წლის 4 ნოემბერს ჩაიბარა ნ. ქ.-მ, რომელიც არ წარმოადგენს შპს “...-ს” თანამშრომელს, ანუ უფლებამოსილ პირს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი შპს “...-ს” დირექტორს _ ზ. შ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 12 ნოემბერს და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 14-დღიან ვადაში. აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს, ანუ გადაწყვეტილება არ ჩაჰბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს. საპროცესო ვადის დარღვევა გამოწვეულ იქნა ფოსტის კანონშეუსაბამო ქმედებით. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელება 2008 წლის 4 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე.

კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარს დანართის სახით დაურთო: შპს “...-ს” დირექტორის _ ზ. შ.-ს 2008 წლის 30 სექტემბრის ¹3/57 ბრძანება, შპს “...-ს” თანამშრომლის _ ნ. ქ.-ის ამავე ორგანიზაციიდან 2008 წლის 1 ოქტომბრიდან გათავისუფლების შესახებ; შპს “...-ს” თანამშრომლის _ ნ. ქ.-ის 2008 წლის 23 დეკემბრის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი 2008 წლის 1 ოქტომბრიდან გათავისუფლებულია შპს “...-დან”, ხოლო 2008 წლის ნოემბერში იგი სტუმრად იმყოფებოდა მის ყოფილ თანამშრომლებთან, რა დროსაც იქ მიტანილ იქნა წერილი შპს “...-ს” დირექტორის _ ზ. შ.-ს სახელზე, რომელიც მან ჩაიბარა, რადგან იმ დროს სათანადო თანამშრომელი არ იმყოფებოდა ოფისში, ადრე კი აღნიშნულ ფუნქციას იგი ასრულებდა; შეტყობინების (შპს “სკს”) ბარათი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლის ნ. ქ.-თვის 2008 წლის 4 ნოემბერს ჩაბარების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს “...-ს” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...-ს” წარმომადგენელ მ. კ.-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “...-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე (ტ. 1, ს.ფ. 324-345). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს “...-ს” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (ტ. 2, ს.ფ. 3-4).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი შპს “...-ს” (დირექტორს _ ზ. შ.-ს) მისივე სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ...-ს ქ. ¹8, გაეგზავნა 2008 წლის 27 ოქტომბრის გზავნილით (ტ. 1, ს.ფ. 347). გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების (შპს “სკს”) ბარათიდან (ტ. 1, ს.ფ. 352) ირკვევა, რომ შპს “...-თვის” (დირექტორ ზ. შ.-თვის) გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი 2008 წლის 4 ნოემბერს ჩაჰბარდა ნ. ქ.-ს, რომელმაც ამავე ბარათში თავის თანამდებობად მიუთითა _ “ადმინისტრატორი”.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2008 წლის 4 ნოემბერს ჩაიბარა ნ. ქ.-მ, რომელიც არ წარმოადგენს შპს “...-ს” თანამშრომელს, ანუ უფლებამოსილ პირს, ხოლო იმავე გადაწყვეტილების ასლი შპს “...-ს” დირექტორს _ ზ. შ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 12 ნოემბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 14-დღიან ვადაში და აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით _ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს, ანუ გადაწყვეტილება არ ჩაჰბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს, საპროცესო ვადის დარღვევა კი გამოწვეულ იქნა ფოსტის კანონშეუსაბამო ქმედებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოთ მოყვანილი ნორმების კომპლექსური შეჯერებით, განმარტავს, რომ სასამართლო უწყება (გზავნილი) სასამართლოს მიერ შესაბამის ადრესატს ეგზავნება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით და მასვე ბარდება იგი მის მიერვე მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, სასამართლო უწყების მხარისათვის გაგზავნისა და მისთვის ჩაბარებისათვის არსებითია სწორედ მხარის მიერვე მითითებული თავისი ადგილსამყოფლის განმსაზღვრელი ელემენტი _ მისი მისამართი, რომელიც მხარემ მიუთითა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში და უწყების მხარისათვის გაგზავნისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული მისამართით. მართალია, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება, კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის ანდა პირის არყოფნის შემთხვევაში, უნდა ჩაჰბარდეს ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, ანუ პირს უნდა გააჩნდეს უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილება, მაგრამ ამავდროულად, თუ არაუფლებამოსილმა პირმა რეალურად ჩაიბარა სასამართლო უწყება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, რაც უდავოდ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, რადგან ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩაბარებულად მიჩნევისათვის, სამართლებრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია სწორედ მისი ჩაბარების ფაქტის არსებობას _ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო უწყების ფაქტობრივად გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა სასამართლო უწყების მიმღებ პირს, მისი მიღების მომენტში, შესაბამისი უფლებამოსილება. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე წინადადების ნორმა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს, ანუ თუნდაც მხარეს საერთოდ არ ჩაჰბარდეს იგი. აქედან გამომდინარე, სასამართლო უწყება მხარისათვის, მით უმეტეს, ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება, თუნდაც შესაბამის მომენტში სათანადო უფლებამოსილების არმქონე, მაგრამ მხარისათვის სასამართლო უწყების მიტანის დროს მხარის მიერვე მითითებულ მისამართზე იმ მომენტში ფაქტობრივად მყოფ პირს, რომელმაც მიღებული უწყება უნდა გადასცეს ადრესატს _ უწყებაში მითითებულ მხარეს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარებულად მიჩნევისათვის საკმარისია მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო უწყების ფიზიკურად ჩაბარება, რადგან, ჯერ ერთი, ამგვარი ჩაბარება, მხარის ინტერესებთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე სასამართლო უწყების შესაბამის მისამართზე მხარისთვის საერთოდ ჩაუბარებლობა. მეორეც, თუ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე მისთვის სასამართლო უწყების ჩაუბარებლობა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს აფუძნებს, მით უფრო, სახეზე იქნება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო უწყების არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებისას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია შპს “...-თვის” (დირექტორ ზ. შ.-თვის) გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლის შემცველი გზავნილის ნ. ქ.-თვის 2008 წლის 4 ნოემბერს ფიზიკურად ჩაბარება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...-ს” (დირექტორ ზ. შ.-ს) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოეწურა 2008 წლის 18 ნოემბერს (სამშაბათი). შპს “...-მ” (წარმომადგენელმა მ. კ.-მ) კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 24 ნოემბერს (ტ. 1, ს.ფ. 355-365), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის დასასაბუთებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე მითითებით, საპროცესო ვადის 2008 წლის 4 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე გაგრძელების თაობაზე მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მხარის _ კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაყრობს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის სასამართლოს მიერვე გაგრძელების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული ნორმები კი, პირდაპირ გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის გაგრძელების (აღდგენის) შესაძლებლობას და ამ კუთხით, სასამართლოს საპროცესო უფლებამოსილების არსებობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის შპს “....-ს” დირექტორისთვის _ ზ. შ.-თვის 2008 წლის 12 ნოემბერს ჩაბარების ფაქტის (რაზეც მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორი) დასადასტურებლად, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არ არსებობს ხსენებული ფაქტის დადასტურების იურიდიული აუცილებლობა და საპროცესო საჭიროება, რადგან იგი, სამართლებრივად, გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო სასამართლოს მიერ ამ კერძო საჩივრის გადაწყვეტაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...-ს” წარმომადგენელ მ. კ.-ის კერძო საჩივარი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...-ს” წარმომადგენელ მ. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.