ბს-324-314(კს-09) 27 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, განმცხადებელი) _ ნ. თ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინება
განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. თ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 1095,12 ლარის მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ. თ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1095,12 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
2009 წლის 25 მაისს ნ. თ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით, რომლითაც, დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, უარი განაცხადა სარჩელზე და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, ნ. თ-ძის განცხადებას სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის (დისპოზიციურობის პრინციპი) პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის (დისპოზიციურობის პრინციპი) მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული (სამოქალაქო) სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე _ მხარე უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ _ ნ. თ-ძემ სარჩელზე უარის თქმით გამოხატა საკუთარი ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მეხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. თ-ძის განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინება და ნ. თ-ძესა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ დაიშვება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.