ბს-326-316(კს-09) 16 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ბ-იანი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 სექტემბერს ა. ბ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თ. ა-ძის მიმართ, საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის, უკანონო მშენებლობისა და საზიარო საკუთრების გაყოფის თაობაზე.
2006 წლის 25 ოქტომბერს თ. ა-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერში ¹2567/06 1707.06 სარეგისტრაციო ზონა ¹62-ში, კვარტალი ¹40, ¹040 ნაკვეთის, ფართობი - 327 კვ.მ, ჩასწორდეს - 311 მ.კვ-ით, ტექნიკურ ნახაზებში ,,საერთო ეზოს» ნაცვლად მიეთითოს თ. ა-ძის საკუთრება. ა. ბ-იანს დაევალოს მოშალოს უკანონოდ აშენებული კიბე, რომელიც გადმოდგმულია მის ეზოში სახლის საპირისპიროდ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინებით თ. ა-ძის შეგებებული სარჩელი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
2007 წლის 3 აპრილს ა. ბ-იანმა კვლავ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეებად მიუთითა თ. ა-ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური და მოითხოვა საჯარო რეესტრში თ. ა-ძის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან საერთო სარგებლობის ეზოს ამორიცხვა, ტექნიკურ ნახაზში საერთო სარგებლობის ეზოს შეფარდება დადგენილი წესით და წარდგენილი სარჩელის გაერთიანება სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმესთან. შემდგომში აღნიშნული სარჩელი დაზუსტდა და ა. ბ-იანმა ითხოვა დავალებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს, თ. ა-ძის საკუთრებად რეგისტრირებული საერთო სარგებლობის ეზოს ჩანაწერში ცვლილების შეტანა და მისი საერთო საკუთრებად დარეგისტრირება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის განჩინებით ა. ბ-იანის სარჩელი თ. ა-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და ა. ბ-იანის სამოქალაქო სარჩელი თ. ა-ძის მიმართ საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის, უკანონო მშენებლობისა და საზიარო უფლების შემცირების თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-იანის სარჩელზე საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის, უკანონო მშენებლობისა და საზიარო უფლების შემცირების ნაწილში შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინებით ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ტ-ძე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. ბ-იანის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, სადავო ეზოს, მდებარე ქ. ახალციხეში, ... ქ. ¹20-სა და ¹22-ს შორის, ა. ბ-იანის საერთო საკუთრებად თ. ა-ძისა და ნ. ტ-ძის თანაბარ წილად რეგისტრაციის თაობაზე; ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამასახურის დავალდებულებაზე გამოეცა ადმინისტრციული აქტი და ცვლილება შეეტანა თ. ა-ძის საკუთრების რეგისტრაციაში ეთქვა უარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინებით თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება; ა. ბ-იანის სასარჩელო განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-იანმა ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვა თ. ა-ძის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის ჩანაწერში ცვლილების შეტანა. ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მის ნაცვლად მოითხოვა ნ. ს-ძემ, რომელსაც სარეგისტრაციო სამსახურში არ წარუდეგნია სათანადო რწმუნებულება, ამასთან, განცხადებას არ ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 30 აპრილს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, თავისი შინაარსით შუალედური პასუხია, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს აცნობა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზები (რწმუნებულის გარეშე წარმომადგენლობა და მესაკუთრესთან შეთანხმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის არარსებობა), რასაც, თავის მხრივ, ვერ მოყვებოდა რაიმე სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა”.
,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედ.) შესაბამისად, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე.
,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 2007 წლის 18 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველია არსებითი წინააღმდეგობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას. ამავე კანონის თანახმად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია, იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილებით, ანუ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული რამდენიმე გადაწყვეტილებიდან უნდა განსაზღვროს, რომელი გადაწყვეტილებაა მისაღები, უნდა განხორციელდეს ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში თუ უარი უნდა ეთქვას სარეგისტრაციო წარმოების დაწყებაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება”. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, მოსარჩელესთან მიმართებით მიეღო სხვა გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184.2 მუხლის შესაბამისად, სარჩელის სასამართლოს წარმოებაში მიღების შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ანაიდა ბაგდასარიანის განცხადება, რამდენადაც მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით მიმართა 2007 წლის 24 აპრილს, ანუ მას შემდეგ, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მისი სარჩელი საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის, უკანონო მშენებლობისა და საზიარო საკუთრების გაყოფის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და გადაეწყვიტა საერთო სარგებლობის ეზოს სარეგისტრაციო ჩანაწერებში ცვლილების შეტანის საკითხი, ვინაიდან იმავე საკითხზე დავას იხილავდა სასამართლო.
აღნიშნულ მოტივაციაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე პუნქტით და განჩინებით შეწყვიტა საქმის წარმოება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-იანმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-იანის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა. ბ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: თ. ა-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, საჯარო რეესტრში თ. ა-ძის საკუთრებად დარეგისტრირებული საერთო სარგებლობის ეზოს ჩანაწერში ცვლილების შეტანა და საჯარო რეესტრის დავალდებულება, ეზო დაერეგისტრირებინა საერთო საკუთრებად.
სარჩელის აღძვრამდე ა. ბ-იანმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თ. ა-ძის საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ნივთის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 30 აპრილის ¹22/62-11/191 შეტყობინებით განმცხადებელს ეცნობა წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ განცხადება შეტანილი იყო წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც თან არ ახლდა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი არ იყო თ. ა-ძესთან შეთანხმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნული აქტის შეფასების ნაწილში და თავის მხრივ აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 30 აპრილის ¹22/62-11/191 წერილი თავისი შინაარსით აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 281 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ექვემდებარება გასაჩივრებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაინტერესებულ პირს აქვს სრული შესაძლებლობა გაასაჩივროს წარმოების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, თუ თვლის, რომ შეჩერების საფუძვლები არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან წარმოდგენილ მოტივაციას, თვლის, რომ ა. ბ-იანის სარჩელზე არსებითად სწორად იქნა საქმის წარმოება შეწყვეტილი, რის გამოც საჭიროდ არ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ა. ბ-იანი ადმინისტრაციული ორგანოს აქტს სადავოდ ხდის არა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძველი, რის გამოც აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, არამედ ის ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას, მოახდინოს მე-3 პირის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა იმ პირობებში, როდესაც მას აღნიშნულზე არ გააჩნია ადმინისტრაციული ორგანოს უარი, კერძოდ დადგენილება ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ ან უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ხოლო ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში როდესაც სახეზე არ არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის დადგენილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, ა. ბ-იანის სარჩელზე საქმის წარმოება ექვემდებარება შეწყვეტას.
რაც შეეხება კერძო საჩივარში წარმოდგენილ მოტივაციას იმის თაობაზე, რომ თ. ა-ძესთან შეთანხმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა იყო შეუძლებელი, რამაც განაპირობა სარჩელის სასამართლოში აღძვრა, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ვერ იქნება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მხარეს სასამართლოსათვის უნდა მიემართა სხვა სახის სარჩელით, რომელიც ამ ეტაპზე არ წარმოადგენს სასამართლო განსჯის საგანს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი მოტივაცია არ ეყრდნობა საპროცესო თუ მატერიალური სამართლის ნორმებს, სამართლებრივი თვალსაზრისით კერძო საჩივარი არის სრულიად დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი გაზიარებისა თუ დაკმაყოფილების საფუძველი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისნრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით სამოქალაქო საპროცსო კორდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.