ბს-336-323(კს-09) 22 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. დ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
2) შპს «...»
3)საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის
ა/რ საავტომობილო გზების დირექცია (მოპასუხეები)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. დ-ძემ, დ. კ-ძემ და ე. კ-ძემ 2007 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს «...-ის», საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის მიმართ, მესამე პირები – კავშირგაბმულობის სამინისტრო და აჭარგაზპროექტი და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹3-ში მდებარე 131.60კვ.მ. უძრავი ქონების მათ სახელზე საკუთრების უფლებით თანაბარ წილად დარეგისტრირება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მაია დოლიძის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისიტრაციო სამსახურის, შპს «...-ისა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის მიმართ ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე ნაგებობის 1-ელ სართულზე არსებული 131,6 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით დარეგისტრირებაზე უარის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 5 ივლისის ¹22/02-3283 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ამ უძრავ ქონებაზე მ. დოლიძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ძემ, დ. კ-ძემ და ე. კ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მ. დ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი; აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე.
აპელანტ-მ. დ-ძის წარმომადგენელმა 2008 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო ხარვეზის აღმოსაფხვრელად საპროცესო ვადის გაგრძელება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მ. დ-ძის წარმომადგენლის ვ. ლ-იას მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მ. დ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
მ. დ-ძის წარმომადგენელმა 2008 წლის 22 დეკემბერს განცხადებით კვლავ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 15 იანვრამდე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, ვინაიდან მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მან სახელმწიფო ბაჟის სახით მხოლოდ 50 ლარი გადაიხადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მ. დ-ძის წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მ. დ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 2009 წლის 15 იანვრამდე.
აპელანტ-მ. დ-ძის წარმომადგენელმა 2009 წლის 20 იანვრის განცხადებით მიმართა სასამართლოს და იმის გამო, რომ მისმა მარწმუნებელმა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსება და მის მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა დაგვიანებით _2009 წლის 17 და 18 იანვარს, მოითხოვა ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 63-ე, 65-ე, 66-ე, 215-ე, 374-ე მუხლები და მიიჩნია, რომ აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრისა და 25 დეკემბრის განჩინებებით და ხარვეზის შევსების ვადა, მისივე მოთხოვნით განესაზღვრა 2009 წლის 15 იანვრამდე, ხოლო აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შეავსო დაგვიანებით 2009 წლის 17 იანვარს და 18 იანვარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-66-ე მუხლების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ მოუთხოვია საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადის აღდგენა და არც განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. დ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არ არის დასაბუთებული, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ვალდებული იყო უზრუნველეყო განჩინების ასლის ჩაბარება თავად მოსარჩელისათვის კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მოცემული ნორმა სასამართლო აქტების წარმომადგენლისათვის სავალდებულო გადაცემას არ უკავშირებს გასაჩივრების ვადის დინების დაწყებას, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ამ საკითხს აწესრიგებს ამავე კოდექსის მე-12 მუხლი, რომლის შესაბამისად, მას არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლოს ადგილსამყოფელი, გასაჩივრების წესი და ვადა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებები ასევე არ ჩაბარებია აპელანტებს დ. და ე. კ-ძეებს, რითაც მათ წაერთვათ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით განმტკიცებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი, არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი. კერძო საჩივარში მითითებულია ისიც, რომ მან ბაჟი ფაქტიურად გადაიხადა და სასამართლომ არც ამას მიაქცია ყურადღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის «ბ" პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივარზე განისაზღვრება სადავო საგნის ღირებულების 4%-ით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტ მ. დ-ძის წარმომადგენელმა ხარვეზის აღმოსაფხვრელად საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით 2008 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მ. დ-ძის წარმომადგენელ ვ. ლ-იას მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მ. დ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან; მ. დ-ძის წარმომადგენელმა 2008 წლის 22 დეკემბერს განცხადებით კვლავ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 15 იანვრამდე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, ვინაიდან მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მან სახელმწიფო ბაჟის სახით მხოლოდ 50 ლარი გადაიხადა, რაც ამავე პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 2009 წლის 15 იანვრამდე.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მ. დ-ძის წარმომადგენელს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2008 წლის 30 დეკემბერს (ს.ფ. 252); ხოლო აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 5 იანვარს (ს.ფ.253). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 20 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მ. დ-ძის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნები, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დაგვიანებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ 2009 წლის 17 იანვარსა და ამავე წლის 18 იანვარს (ს.ფ. 255-256).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი_წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან აპელანტისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლომ განსაზღვრა ვადა 2009 წლის 15 იანვრამდე.
ზემოაღნიშნული გარემობების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მ. დ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს მ. დ-ძის კერძო საჩივარი;
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.