Facebook Twitter

ბს-337-324(კს-09) 19 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ზ. კ-ძე, წარმომადგენელი ვ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები):

1. ქ. ბათუმის მერია;

2. ნ. გ-ძე, მ. ჭ-ძე, წარმომადგენლები _ ბ. ხ-შვილი, თ. ჭ-ძე, რ. ბ-ძე

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 11 ოქტომბერს ზ. კ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიის, ნ. გ-ძისა და მ. ჭ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილების, 2000 წლის 13 იანვრის ექსპლუატაციაში მიღების ¹1 აქტის არარად აღიარება, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, ზ. კ-ძის საკუთრებაში არსებული ბინის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და ბინის თავზე არსებული შენობის მოშლა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, ზ. კ-ძე რამოდენიმე ათეული წელია ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹47-ში მდებარე სახლში. 1990 წელს მან სახელმწიფოსაგან შეისყიდა მის მფლობელობაში არსებული ბინა. 1998 წლის მარტში ზ. კ-ძემ თანხმობა განაცხადა მ. ქ-ძეს განეხორციელებინა მის საცხოვრებელ სახლზე მიშენება, აღნიშნული შეთანხმება გულისხმობდა ზ. კ-ძის ორი ოთახისა და დამხმარე სათავსოს დანგრევას, ოთხი ფანჯრის ამოშენებას. მ. ქ-ძე იღებდა ვალდებულებას ხელახლა აეშენებინა დანგრეული ოთახები, ჩაესვა კარფანჯრები, დაეგო იატაკი, გაელესა კედლები და აღედგინა ის კომუნიკაციები, რომელიც გაუქმდებოდა მშენებლობის დაწყებისას. ასევე უნდა მომხდარიყო ოთახების გაგანიერება, მისი ოთახების ქვემოთ პირველ სართულზე ზ. კ-ძისათვის უნდა მიეცა 15 კვ.მ ფართი, ხოლო ბინის ზემოთ არ უნდა მომხდარიყო მანსარდის დაშენება. ზ. კ-ძემ თანხმობა განაცხადა იმ პროექტით საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებდა მისი ბინის ზემოთ მანსარდის მშენებლობას.

მ. ქ-ძემ მშენებლობა განახორციელა პროექტის დარღვევით, ბინას დააშენა მესამე სართული ზ. კ-ძის ბინის სიმაღლის შემცირების ხარჯზე. 1999 წელს მშენებარე სახლი მ. ქ-ძისაგან შეიძინეს მ. ჭ-ძემ და რ. ნ-უამ, რომლებმაც მშენებლობა გააგრძელეს პროექტის დარღვევით.

მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილებისა და 2000 წლის 13 იანვრის ექსპლუაქტაციაში მიღების ¹1 აქტის საფუძველზე, რ. ნ-უას მეუღლის – ნ. გ-ძის საკუთრებად დარეგისტრირდა სახლი, რომლის ნახევარი 2002 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მ. ჭ-ძეს.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილება და 2000 წლის 13 იანვრის ექსპლუაქტაციაში მიღების ¹1 აქტი არარა ადმინისტრაციულ აქტებს წარმოადგენს, რადგან გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, უფრო მეტიც, ექსპლუატაციაში მიღების აქტის შინაარსიდან შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა.

ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ¹47-ში აშენებული სახლის ნ. გ-ძის სახელზე ექსპლუატაციაში მიღებისას დაცული უნდა ყოფილიყო “მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” საქართველოს კანონის 6.2 მუხლის, მე-3 მუხლის “ა” პუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1999 წლის 7 დეკემბრის ¹66 ბრძანებით დამტკიცებული “მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების (სამშენებლო პროდუქციის) ექსპლუატაციაში მიღების წესის” მოთხოვნები.

აღნიშნული წესის შესაბამისად, გადაწყვეტილებას შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით იღებს ექსპლუატაციაში მიმღები კომისია და არა კომისიის დამნიშვნელი ორგანო, კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის დამნიშვნელ ორგანოს წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერია. აღნიშნულის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ¹241 გადაწყვეტილება გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღების ¹1 აქტს, იგი მითითებული წესის მიხედვით, უნდა შეედგინა ექსპლუატაციაში მიმღებ კომისიას, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის სხდომა არ გამართულა, აქტში არ არის მითითებული მისი შემდგენი პირი და მასზე არ არის კომისიის წევრების ხელმოწერა. ამასთან, დამტკიცებულია არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის ბეჭდით, მაგრამ გაურკვეველია ვის მიერაა ხელმოწერილი.

ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს არარა აქტებს (იხ. ს.ფ. 1-8).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ზ. კ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილებისა და 2000 წლის 13 იანვრის ექსპლუაქტაციაში მიღების ¹1 აქტის არარად აღიარების ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 89-91).

საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. კ-ძემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება საქალაქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის (იხ. ს.ფ. 107-109).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით ზ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუდნა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 116-118).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არარად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილება და 2000 წლის 13 იანვრის ექსპლუაქტაციაში მიღების ¹1 აქტი, ხოლო დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 117-129).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. კ-ძემ და ნ. გ-ძემ.

ზ. კ-ძემ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ზ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 134-147).

ნ. გ-ძემ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 148-158).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ზ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება, ზ. კ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილებისა და 2000 წლის 13 იანვრის ექსპლუაქტაციაში მიღების ¹1 აქტის არარად აღიარების, საჯარო რეესტრში ნ. გ-ძისა და მ. ჭ-ძის საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრაციის გაუქმების, ზ. კ-ძის საკუთრებაში არსებული ბინის ზემოთ განლაგებული შენობის მოშლისა და მოპასუხეების კუთვნილი ფართის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნარიად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 8 ნოემბერს წარმოებაში იქნა მიღებული ზ. კ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, ნ. გ-ძისა და მ. ჭ-ძის მიმართ ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილებისა და ნ. გ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების 2000 წლის 13 იანვრის ¹1 აქტის ბათილად ცნობის შესახებ. 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ზ. კ-ძის სარჩელის გამო ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილებისა და 2000 წლის 13 იანვრის ექსპლუაქტაციაში მიღების ¹1 აქტის არარად აღიარების, საჯარო რეესტრში ნ. გ-ძისა და მ. ჭ-ძის საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრაციის გაუქმების, ზ. კ-ძის საკუთრებაში არსებული ბინის ზემოთ განლაგებული შენობის მოშლისა და მოპასუხეების კუთვნილი ფართის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს აღიარებითი სარჩელის აღძვრას, თუ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნორმა უფრო ფართოდ უნდა განიმარტოს და აღიარებითი სარჩელის დაშვება უნდა გამოირიცხოს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის შესაძლებლობისას, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი სხვა სახის სარჩელებისა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უფლების დაცვის მიზნით სარჩელის შეტანის შესაძლებლობის შემთხვევაშიც.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში ზ. კ-ძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული აქვს სარჩელი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რომელთა არარად აღიარებასაც ითხოვს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელი აღიძვრება იმ უფლების დასაცავად, რომელსაც მომავალში შესაძლოა დაემუქროს საფრთხე. ამდენად, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას სახეზე უდნა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება და სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესიც დასაბუთდება სწორედ უფლების ან კანონიერი ინტერესისადმი მოსალოდნელი საფრთხის არსებობით. უკვე დარღვეული უფლების აღსადგენად კი უნდა აღიძრას შეცილების ან მავალდებულებელი სარჩელი. ზ. კ-ძე აღიარებითი სარჩელით ითხოვს 1999 წელს დარღვეული უფლების აღდგენას, რისი დაცვაც აღიარებითი სარჩელის წარდგენით დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზ. კ-ძეს უფლებები მ. ქ-ძის მიერ სადავო მშენებლობის წარმოებით 1999 წლიდან დარღვეულია. პროცესის ეკონომიურობის თვალსაზრისით, აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია ვალდებულების შესრულების თაობაზე სარჩელის აღძვრა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით, 1998 წელს მ. ქ-ძესთან შეთანხმდა შმენებლობის გარკვეული პირობებით წარმოებაზე. ამგვარი შეთანხმება თავისი არსით არის მხარეთა გარიგება გარკვეულ ვალდებულებებზე, რაც მ. ქ-ძემ დაარღვია. აღნიშნული ვალდებულების დარღვევით წარმოებული მშენებლობის მესაკუთრე მოგვიანებით გახდა ნ. გ-ძე, რომლის სახელზეც გაიცა სადავო ექსპლუატაციაში მიღების აქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-ძის რეალური ინტერესის დაცვა შესაძლებელია სხვა სახის ადმინისტრაციული ან სამოქალაქო წესით ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სარჩელის შეტანის გზით და არა აღიარებითი სარჩელით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განჩინებაზე (საქმე ¹ბს-740-706(კ-07), რომელშიც განვითარებულ იქნა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღიარებითი სარჩელი არ უნდა გახდეს სარჩელის სხვა სახეების დასაშვებობის წინაპირობებისაგან თავის დაღწევის საშუალება. აღიარებითი სარჩელი არ მოიცავს მოპასუხის მიმართ შესრულების მოთხოვნას ან ამ შესრულების იძUლებითი წესით განხორციელებას (იხ. ს.ფ. 281-290).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. კ-ძის წარმომადგენელმა ვ. გ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისათვის შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას შემდეგ, რაც ზ. კ-ძისათვის ცნობილი გახდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თაობაზე, აღიძრა აღიარებითი სარჩელი. სასამართლომ სარჩელი აღნიშნული აქტების არარად აღიარების ნაწილში დაუშვებლად ცნო, რაც ზ. კ-ძის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, ამ უკანასკნელმა ასევე აღძრა სარჩელი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. ამდენად, ახალი სარჩელის ერთადერთი მიზანი იყო კერძო საჩივრის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქტების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადების გაშვების თავიდან აცილება.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს არ უნდა განეხილა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.2 მუხლი, რასაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა შედეგად.

კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ზ. კ-ძის უფლებები დაირღვა მ. ქ-ძესთან დადებული შეთანხმების შეუსრულებლობით, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, რისი ინტერესის დასასაბუთებლადაც მოსარჩელემ მიუთითა იმ ფაქტებზე, რომ არარა აქტებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული პროექტის დარღვევით აშენებული საცხოვრებელი სახლი, რითაც დაირღვა ზ. კ-ძის უფლება, შემცირდა მისი ბინის ერთ-ერთი ოთახის სიმაღლე, ოთახის თავზე განთავსდა ნ. გ-ძის მიერ აშენებული სახლის ნაწილი.

გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა სარჩელზე, თუმცა იმსჯელა მხოლოდ მოთხოვნათა ნაწილზე – აქტების არარად აღიარებაზე, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებზე არ უმსჯელია (იხ. ს.ფ. 299-306).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. კ-ძის წარმომადგენლის _ ვ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე ზ. კ-ძისა და ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივრებით განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება დაადგინა, დასაბუთებულია კერძო საჩივრის მოტივები საპროცესო დარღვევების შესახებ, რაც სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დასკვნას აღიარებითი სარჩელის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლების პროცესუალური დაცვის სამართლებრივ საშუალებას, სარჩელის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1 მუხლის შესაბამისად, აღიძვრება აქტის არარად აღიარების, ან უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობას, კერძოდ, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, ზ. კ-ძე სარჩელით ითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარებას, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას, შენობის მოშლასა და პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.2 მუხლის დანაწესი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ სარჩელის აღძვრა დაუშვებელია თუ არსებობს მავალდებულებელი სარჩელის აღძვრის წინაპირობა, რადგან მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო აქტს აქვს კანონსაწინააღმდეგო აქტის ნიშნები, უპირობოდ არ გამორიცხავს მისი არარად აღიარების მოთხოვნას, თუ მხარეს აქვს ვარაუდი, რომ აქტი გამოცემულია მაგალითად, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში, რა სახის სარჩელი უნდა იქნეს აღძრული, მხარის ნებაზეა დამოკიდებული და სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა დადგინდეს, არსებობს აქტის ბათილად ცნობის, თუ მისი არარად აღიარების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმის განმარტება არ შეესაბამება ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტის _ აქტის არარად აღიარების სამართლებრივ ბუნებას, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამდენად, არარა აქტის გამოცემა ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი მავალდებულებელ სარჩელთან შედარებით, სამართლებრივი შედეგის მნიშვნელობის თვალსაზრისით, უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად კი, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონის ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და არარად აღიარება ემყარება სრულიად სხვადასხვა სამართლებრივ საფუძვლებს, ამგვარი აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, თუ არსებობს აქტის არარად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი, რაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპზე, აღარ არსებობს მისი კანონსაწინააღმდეგობის მტკიცების საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღიარებითი სარჩელი აქტის არარად აღიარების შესახებ დასაშვებია, თუ უფლების დაცვის მიზნით შეუძლებელია სხვა სახის სარჩელის აღძვრა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძვლად არ უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ ზ. კ-ძეს ასევე აღძრული ჰქონდა სარჩელი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ზ. კ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 30 დეკემბრის ¹241 გადაწყვეტილებისა და ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს ექსპლუატაციაში მიღების ¹1 აქტის არარად აღიარების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ.89-91; ტ.I), შესაბამისად, იმის გამო, რომ მოსარჩელეს არ წართმეოდა უფლების პროცესუალური დაცვის სამართლებრივი საშუალება, მან აღძრა სარჩელი სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საშუალებას წარმოადგენს და აიხსნება იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადით, განსხვავებით აღიარებითი სარჩელისა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის განმსაზღვრელი არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ აქტების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის ფაქტი, მას უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე თუ 25-ე მუხლებით განსაზღვრული სარჩელის წარდგენის წინაპირობა, ანუ იკვეთებოდა აქტის არარად აღიარების თუ მისი კანონსაწინააღმდეგოობის საფუძვლები და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა დასკვნა სარჩელის დასაშვებობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ზ. კ-ძის უფლებები დაირღვა 1999 წლიდან, მ. ქ-ძის მიერ სადავო მშენებლობის წარმოებით, რის გამოც მას უფლების დაცვა შეუძლია შეცილების სარჩელით, ასევე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-ძეს რეალური ინტერესის დაცვა შესაძლებელი იყო სხვა სახის ადმინისტრაციული ან სამოქალაქო წესით ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სარჩელის შეტანის გზით და არა აღიარებითი სარჩელით.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს არა მ. ქ-ძისაგან დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ნ. გ-ძის სახელზე ექსპლუატაციაში მიღების აქტის არარად აღიარებას, რითაც, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს აღიარებითი სარჩელის დაუშვებლობის თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნები საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების, შენობის მოშლისა და პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ გამორიცხავს წარმოდგენილი სარჩელის აღიარებით სარჩელად წარდგენის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სადავო აქტის თანამდევი შედეგების გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ შეესაბამება აღძრული სარჩელის სახეს, ან ამგვარი მოთხოვნები წარმოადგენს სხვა სახის სარჩელს, თავისთავად ვერ გახდება სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სარჩელი კომბინირებული მოთხოვნების ხასიათს ატარებს, რამდენადაც იგი ადმინისტრაციული სარჩელის რამოდენიმე სახეს მოიცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკაში ხშირია მოთხოვნების ერთი სახის სარჩელის ფორმატში წარდგენა, რომელთა ერთობლივად განხილვა დასაშვებია, თუ სახეზე არ არის სსსკ-ის 182.2 მუხლის მიხედვით, საქმის წარმოებით გამოყოფის პროცესუალური საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის მოთხოვნა პრევალირებს სხვა სახის მოთხოვნებზე, რამდენადაც სწორედ ამ სარჩელის გადაწყვეტა განაპირობებს სხვა მოთხოვნების გადაწყვეტას, როგორც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების თანამდევ იურიდიულ შედეგს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, თუ სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს მოთხოვნების ერთი სახის სარჩელით (კომბინირებული ფორმით) განხილვას, სასამართლოს გააჩნია პროცესუალური უფლებამოსილება სსსკ-ის 182.2 მუხლის გამოყენებისა და ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება სარჩელის დაუშვებლად ცნობის წინაპირობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არასწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე ზ. კ-ძისა და ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივრებით განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. კ-ძის წარმომადგენლის _ ვ. გ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

3. საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.