Facebook Twitter
¹ბს-344-329(კს-09) 9 სექტემბერი, 2009წ

¹ბს-344-329(კს-09) 9 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქალაქ თბილისის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობის განმარტების შესახებ შუამდგომლობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,...” წარმომადგენელმა მ. პ-აიამ 2008 წლის დეკემბერში შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობის განმარტების თაობაზე განჩინების გამოტანა.

შუამდგომლობის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...” კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუშვებლად იქნა ცნობილი და დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს – შპს ,,...” წარმომადგენელს – მ. პ-აიას განესაზღვრა – 10-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. კერძოდ, შპს ,,...” წარმომადგენელს – მ. პ-აიას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი განცხადების, შპს ,,...” სამეწარმეო რეესტრის ამონაწერისა და მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა; შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა შეტანილი იყო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, არ იქნა წარდგენილი შპს ,,...” სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და მ. პ-აიას წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოში შეიტანება განცხადება.

შპს ,,...” წარმომადგენელმა მ. პ-აიამ 2009 წლის 15 იანვარს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხარვეზის შევსების და საქმის წარმოებაში მიღების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორმა შუამდგომლობას დაურთო შპს ,,...” სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებული დოკუმენტი (სანოტარო აქტი). ამასთან, შპს ,,...” წარმომადგენელმა მ. პ-აიამ განმარტა, რომ მისი 2008 წლის 24 დეკემბრის შუამდგომლობა – გასაჩივრების შესაძლებლობის განმარტების თაობაზე, სასამართლოში წარდგენილია არა სსსკ-ის 262-ე და 368-ე მუხლების, არამედ სასკ-ის პირველი, მე-12, სსსკ-ის 83-ე, 94-ე და 372-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს ,,...” წარმომადგენლის მ. პ-აიას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების განმარტების შესაძლებლობის თაობაზე განუხილველად დარჩა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...” წარმომადგენლის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების განმარტება _ გასაჩივრების შესაძლებლობის, სასამართლოს, სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობის, გასაჩივრების ვადისა და წესის შესახებ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ს 215-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება სასამართლოში საქმის განხილვისას და არა მისი დამთავრების შემდეგ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე წარმოება დამთავრებულია და საქმე არსებითი განხილვისათვის გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ხოლო სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების თაობაზე სასამართლოში შეიტანება განცხადება და არა შუამდგომლობა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,...” წარმომადგენელს მ. პ-აიას სრულად არ გამოუსწორებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზი, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა წარდგენილია არა განცხადების, არამედ შუამდგომლობის სახით, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,...” წარმომადგენელმა მ. პ-აიამ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის შუამდგომლობის განხილვის დავალდებულება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 83.1-ე, 284-ე და 286-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოს ან უარი უნდა თქვას მის დაკმაყოფილებაზე შესაბამისი განჩინებით.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 და მე-12 მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე და 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმების ერთობლიობიდან გამომდინარე კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, ისევე როგორც სააპელაციო საჩივრის შემთხვევაში, საჩივრდება კერძო საჩივრით. სასამართლო აქტში კერძოO საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მხარეს უნდა განემარტოს გასაჩივრების შესაძლებლობა და სხვა რეკვიზიტები. თუ სასამართლო აქტი შეუსაბამოა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილთან, მხარეს შეუძლია აღძრას შუამდგომლობა გასაჩივრების შესაძლებლობის და სხვა რეკვიზიტების მითითების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა წარედგინება საქმის წარმოებისას მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე ქსის 215-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში და არა მისი დამთავრების შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს ,,...” წარმომადგენლის მ. პ-აიას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებაზე დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია ასევე იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომლის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,...” კერძო საჩივარი შეტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველი დარჩა კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სააპელაციო პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების განმარტების თაობაზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კი შპს ,,...” დირექტორის ვ.ა-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო განჩინებაა და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამიტომ ამ განჩინების განმარტებასთან

დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიღებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს ,,...” კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მესამე წინადადებაზე, რომლის თანახმად თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს შპს ,,...” წარმომადგენლის მ. პ-აიას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებაზე;

2. გ. ა-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.