Facebook Twitter
ბს-350-335 (კს-09)

ბს-350-335 (კს-09) 22 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

დავის საგანი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 წერილის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “...-ას” დირექტორმა 2004 წლის სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 წერილის მოქმედების შეჩერება და ბათილად ცნობა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “...-ას” დირექტორის კ. დ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 წერილი.

ქ. თბილისის გლდანი_ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “...-ას” დირექტორის შუამდგომლობა; შეჩერდა სადავო ადმინისტრაციული აქტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის ¹28/1724 წერილის მოქმედება, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 წერილი თავისი იურიდიული ბუნებით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. იგი არ პასუხობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით ადმინისტრაციულ აქტისათვის დადგენილ ძირითად კრიტერიუმებს: არ აწესებს და არ ადასტურებს შპს «...-ას» მიერ 40000 ლარის ოდენობით დღგ-ში გაუქმებულ გადასახადის გადახდის მოვალეობას. წერილი ინფორმაციული ხასიათისა და მასში დასახელებულია ის აქტი_საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 5 აგვისტოს ¹1-11/740 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს გაუუქმდა აქტივი. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეს გადასახადის დარიცხვის პირველწყარო _საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 5 აგვისტოს ¹1-11/740 წერილი არ გაუსაჩივრებია.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, ის გარემოება, რომ აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 წერილი არ ადგენს და არ ადასტურებს მოსარჩელისათვის რაიმე მოვალეობის დაკისრებას და შესაბამისად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, დასტურდება იმითაც, რომ მისი ბათილობის შემთხვევაში მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულება არ ბათილდება, რადგანაც ძალაშია მოვალეობის დამდგენი აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 წერილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “...-ას” დირექტორმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ან გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დპარტამენტის 2004 წლის 5 აგვისტოს ¹1-11/740 წერილი არის მხოლოდ მიმოწერა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისადმი, რომლის ადრესატი საერთოდ არ ყოფილა შპს «...», ხოლო აღნიშნულ წერილში მითითებულია დასკვნა, რომლითაც განხორციელდა გადასახადის დარიცხვა. ადმინისტრაციული ორგანო მიერ კი აღნიშნული დასკვნა ვერ იქნა წარმოდგენილი.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს სადავო პერიოდისათვის მოქმედ საგადასახადო კოდექსის 235-ე და 236-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო შეტყობინებას, აღნიშნული ადმინისტრაციული აქტით შპს “...-ას” გაუუქმდა დღგ-ში 40 000 ლარის აქტივი, რომელიც 2002 წლის 24 იანვრის ¹1-01-02 ხელშეკრულებით გადაეცა შპს “...”. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ შპს “...” იყო იმჟამინდელი აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელი, ხოლო აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია კი იყო საგადასახადო ორგანო-დამოუკიდებელი იურიდიული პირი. ამდენად აღნიშნული საგადასახადო ორგანო საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე ანხორციელებს უშუალოდ საგადასახადო ურთიერთობას თავის გადამხდელებთან მ.შ. შპს “...-თან”. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტით, /რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი – საგადასახადო ინსპექციის უფროსი/ გადამხდელს შეატყობინეს, დაუწესეს და დაუდგინეს გადასახადის გადახდის ვალდებულება, მას შეეზღუდა უფლებები, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მის პირად ბარათზე დღგ-ს ვალდებულებების გაზრდასა და საურავების დარიცხვაში, ასევე უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების გატარებაში-ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაში. რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციულ აქტში მოხსენიებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 5 აგვისტოს ¹1-11/7460 წერილს, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, იგი სამსახურებრივი ანუ მიმოწერის ხასიათისაა – საგადასახადო დეპარტამენტისა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას შორის, გადამხდელისათვის შპს “...-თვის” იგი არ გაუგზავნიათ. აღნიშნული წერილი სამართლებრივად წარმოადგენს სადავო ადმინისტრაციული აქტის საფუძველს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებასთან დაკავშირებით; კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ 2004 წლის 24 იანვრის ¹1-01-02 ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო დღგ-ს ვალდებულების წარმოშობას, შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 203-ე, 204-ე, 349-ე, 442-ე მუხლებისა და საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «...-ას» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 5 აგვისტოს ¹1-11/7460 წერილით საგადასახადო დეპარტამენტში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კანონდარღვევით გამოყენების და ყალბი აქტივების გამოვლენის კუთხით გატარებული მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შპს «...-ს» ფიქტიური ოპერაციების განხორციელების გზით დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოექმნა ზედმეტობა. მან წარმოქმნილი ყალბი აქტივიდან აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში რეგისტრირებულ შპს «...-ას» 2002 წლის 4 თებრვალს დღგ-ის სახით გადასცა აქტივი 40000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა 2002 წლის 4 თებერვალს გატარებულია შპს «...-ას» დღგ-ის გადამხდელის პირად ბარათზე და შესაბამისად დაფარულია მისი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულის გასწორების მიზნით აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა შპს «...-თვის» გაეუქმებინა ზემოაღნიშნული ოპერაცია და საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად მოეხდინათ სავარაუდო დარიცხვა 40000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 165).

დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 წერილი, რომლითაც შპს «...-ას» ეცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 5 აგვისტოს ¹1-11/7460 წერილის შესაბამისად გაუქმდა დღგ-ში 40000 ლარის აქტივი, რომელიც გადმოეცა შპს «...-გან» 2002 წლის 4 თებერვალს (ს.ფ. 6).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წანამძღვრის თაობაზე მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილში; ამ ნორმის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის აუცილებელია რომ სარჩელი აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის ერთ-ერთ მოთხოვნას, კერძოდ, სასამართლოში სარჩელის შეტანის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის უფლებამოსილება პირს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომლის უფლებასა და ინტერესს უშუალოდ და ინდივიდუალურად ადგება ზიანი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით.

დადგენილია, რომ შპს «...-ას» სადავოდ არ გაუხდია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 5 აგვისტოს ¹1-11/7460 წერილი, რომელმაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 24 აგვისტოს ¹28/1724 წერილი არ ადგენს და არ ადასტურებს მოსარჩელისათვის რაიმე მოვალეობის დაკისრებას და შესაბამისად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, აღნიშნული გარემოება კი დასტურდება იმითაც, რომ მისი ბათილობის შემთხვევაში მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულება არ ბათილდება, რადგან ძალაშია მოვალეობის დამდგენი აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 5 აგვისტოს ¹1-11/7460 წერილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 –ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის თანახმად საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები, რის გამოც შპს «...-ას» კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს შპს «...-ას» კერძო საჩივარი;

2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.