Facebook Twitter

ბს-35-35(კს-09) 4 მარტი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. კ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (მოპასუხე)

დავის საგანი – საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა_სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ც. კ.-მ 2007 წლის 4 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2007 წლის 15 აგვისტოს ¹2169 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ც. კ.-ის წარმომადგენლის პ. ლ.-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე; მოსარჩელე ც. კ.-ის სარჩელისა გამო მოპასუხე თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი.

ცირა კირვალიძემ 2007 წლის 19 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით განმეორებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 აგვისტოს ¹2169 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ინდ.მეწარმე ც. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნა ¹2169, რომლის თანახმად ი/მ ც. კ.-ს გადასახდელად დაერიცხა ბიუჯეტის დავალიანება დამატებითი ღირებულების გადასახადი_ძირითადი გადასახადის სახით 7505,13 ლარის და საურავი 9328,67 ლარის, სულ 16833,8 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება (განჩინება); ც. კ.-ის სარჩელი, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის შესახებ, ცნობილი იქნა დაუშვებლად და საქმეზე შეწყდა წარმოება.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელეს ჩაბარდა 2007 წლის 20 აგვისტოს, განსახილველი სარჩელი კი შეტანილ იქნა 2007 წლის 19 ნოემბერს, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან თითქმის სამი თვის მერე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის სააპელაციო პრეტენზია, მოსარჩელის მიერ, სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.1. მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმეების განხილვის და გადაწყვეტის საპროცესო წესები განისაზღვრება ამ კოდექსით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია სასამართლოსთვის მიმართვისათვის კანონისმიერი ვადა, რომლის დარღვევის შემთხვევაში სარჩელი დაუშვებლად იქნება ცნობილი, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დადგენილ ვადაში აღძრა სარჩელი, შემდეგ გამოიხმო იგი და განმეორებით მიმართა სასამართლოს იმავე მოთხოვნით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ც. კ.-მ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრი ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპლაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მოთხოვნები. მისი განმარტებით, მან სასამართლოს მიმართა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ 20 დღიან ვადაში, ვინაიდან თავდაპირველად სასამართლოს სარჩელით მიმართა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან მე-14 დღეს-4 სექტემბერს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით სარჩელის განუხილველად დატოვებიდან მე-3 დღეს-19 ნოემბერს სასამართლოს კვლავ მიმართა იმავე სასარჩელო მოთხოვნით.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მხარეს უნდა მიეცეს განუხილველად დატოვების მომენტიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის დარჩენილ (გამოუყენებელ) ნაწილში ხელახალი სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, რის გამოც მიაჩნია, რომ განსახილველ შემთვევაში ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა მოსარჩელის მიერ დაცულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ც. კ.-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება და ც. კ.-ის სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. კ.-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 აგვისტოს ¹2169 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2007 წლის 20 აგვისტოს, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა 2007 წლის 4 სექტემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ც. კ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ, ხოლო მოსარჩელემ სარჩელის განუხილველად დატოვების დღიდან მე-3 დღეს_2007 წლის 19 ნოემბერს იგივე სასარჩელო მოთხოვნით კვლავ მიმართა სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო ან საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების სპეციალურ წესი და ვადები განისაზღვრა «საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ» საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ¹4259 კანონით, რომლითაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი (ეს ნორმა ამოქმედდა 2007 წლის 1 იანვრიდან): სარჩელი საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე სასამართლოს უნდა წარედგინოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი (2007 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს «საგადასახადო მოთხოვნის» შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია, «საგადასახადო მოთხოვნის»/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს წერილობითი საჩივარი, თუ დავის დაწყების ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს სასამართლოს მიერ გადაწყვეტას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელმა მოსარჩელეს მიანიჭა რა სარჩელის გამოხმობის უფლება, იმავდროულად გაითვალისწინა მისი სამართლებრივი შედეგიც, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი განუხილველი რჩება. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულია სარჩელის განმეორებით წარდგენა. ამდენად, სარჩელის განუხილველად დატოვება იმის გამო, რომ მოსარჩელემ უკან გაითხოვა სარჩელი, უფლებას არ ართმევს მას კვლავ აღძრას იგივე სარჩელი აღნიშნულის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული ნორმით გათვალისწინებული მხარის საპროცესო უფლება _გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას სასარჩელო მოთხოვანზე, გამოყენებულ უნდა იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც; ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა მიეცეს სარჩელის განუხილველად დატოვების მომენტიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის დარჩენილ დროში ხელახალი სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ც. კ.-მ თავდაპირველი სარჩელით სასამართლოს მიმართა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ 20 დღიან ვადაში, კერძოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან მე-15 დღეს_2007 წლის 4 სექტემბერს; სარჩელის გამოხმობის თაობაზე მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა 2008 წლის 16 ნოემბერს, ხოლო მან იმავე წლის 19 ნოემბერს კვლავ მიმართა სასამართლოს სარჩელით, ე.ი. საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ 20 დღიან ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლომ ც. კ.-ის სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული გარემოებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ც. კ.-ის კერძო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. ც. კ.-ის სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.