Facebook Twitter
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-363-348(კს-09) 5 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ხ-ოვის წარმომადგენლის ჯ. ტ-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 5 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-363-348(კს-09) ნ. ხ-ოვის წარმომადგენლის ჯ. ტ-შვილის განცხადებით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით ნ. ხ-ოვის წარმომადგენლის ჯ. ტ-შვილის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1, 414-416-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან განცხადებაში არ იყო გამოხატული ნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინების გასაჩივრების შესახებ და ასეთი პირობებში არ იყო წარმოდგენილი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი სსსკ-ის 396.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის, სსსკ-ის 368.2 მუხლისა და 39.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნების დაცვით. სსსკ-ის 440-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელს განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ ადვოკატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ადვოკატთა ტესტირება და გაწევრიანებულნი არიან ადვოკატთა ასოციაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმისწარმოებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს უშუალოდ მხარემ და დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს უშუალოდ მხარის, კონკრეტულ შემთხვევაში ნ. ხ-ოვის მიერ ხელმოწერილი სახით. აღნიშნულის შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად, განმცხადებელს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 328-331).

2009 წლის 10 აპრილს განმცხადებელმა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება (იხ. ს.ფ. 341-342).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ოვის წარმომადგენლის ჯ. ტ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 343-346).

2009 წლის 25 მაისს საკასაციო სასამართლოს თხოვნა-განმარტებით მომართა განმცხადებელმა და მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შესძლო საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შევსება (იხ. ს.ფ. 352).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. ხ-ოვის წარმომადგენლის ჯ. ტ-შვილის განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაგრძელებულ იქნა საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით 10 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნა ნ. ხ-ოვსა და მის წარმომადგენელს ჯ. ტ-შვილს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, ნ. ხ-ოვს ჩაჰბარდა 2009 წლის 22 მაისს, ხოლო ჯ. ტ-შვილს 6 მაისს (იხ. ს.ფ. 350; 355), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, განმცხადებელმა ხარვეზი არ შეავსო, ნ. ხ-ოვის წარმომადგენელმა ჯ. ტ-შვილმა საკასაციო სასამართლოს მომართა და მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შესძლო ხარვეზის შევსება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ოვის წარმომადგენლის ჯ. ტ-შვილის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის განცხადების დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ოვის წარმომადგენლის ჯ. ტ-შვილის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.