Facebook Twitter
¹ბს-368-353(კს-09) 15 ივლისი, 2009წ

¹ბს-368-353(კს-09) 15 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «...» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქალაქ თბილისის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «...» 2000 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 1994 წლის 9 ივნისის ¹493 განკარგულების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა, განკარგულებიდან სიტყვა «დროებითის» ამოღება, უძრავ ნივთზე მისთვის საკუთრების უფლების მინიჭება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის 1994 წლის 9 ივნისის ¹493-ე განკარგულებიდან ამოღებულ იქნა სიტყვა «დროებითი» და ბათილად იქნა ცნობილი მე-3 პუნქტი; შპს « «...», როგორც მრავალდარგოვანი ფირმა «...» სამართალმემკვიდრეს მიენიჭა საკუთრების უფლება მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე და აღნიშნული უფლება დარეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 22 ივნისს საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის მერიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაიწყო საქმის განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «...».

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შპს «...» სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, ქ. თბილისის მერიის 1994 წლის 9 ივნისის ¹493 განკარგულებიდან სიტყვა «დროებითის» ამოღებისა და მე-3 პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ გადაეგზავნა უფლებამოსილ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საიდანაც შპს «...» კერძო საჩივარი განსახილველად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს «...» დირექტორის ვ. ა-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გამოტანილ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ხოლო 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამიტომ კერძო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «...» და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დაქვემდებარება.

კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომელიც აგრეთვე მიღებულია სამოქალაქო სამართალწარმოებით; ამიტომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ იყო კერძო საჩივარზე განსჯადი სასამართლო, შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაც არ იყო განსჯადი სასამართლო კერძო საჩივრის განხილვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, შპს « «...» კერძო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...» კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის I ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია ასევე იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომლის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება, რომლითაც შპს «...» დირექტორის ვ. ა-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი სასამართლოს, მიერ გამოტანილ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.