Facebook Twitter
ბს-405-390(კს-09) 2 ივნისი, 2009 წელი

ბს-405-390(კს-09) 2 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ვ. ლ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 12 სექტემბერს ვ. ლ-იამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 აგვისტოს ¹01/11-4384/2327, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 18 ივნისის ¹882008179249-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ქ. ღ-ტსა და ვ. ლ-იას შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულების დარეგისტრირების შესახებ (იხ. ს.ფ. 1-6).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 53-58).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვირა ვ. ლ-იამ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 61-67).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინებით ვ. ლ-იას სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრის სათანადო ოდენობის ასლი (იხ. ს.ფ. 71-72).

2009 წლის 26 იანვარს ვ. ლ-იამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სააპელაციო საჩივრის ასლი და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. ს.ფ. 75).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით ვ. ლ-იას გაუგრძელდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით (იხ. ს.ფ. 77-79).

2009 წლის 16 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ლ-იამ და მოითხოვა ფინანსური მდგომარეობის გამო ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას (იხ. ს.ფ. 82).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით ვ. ლ-იას განცხადება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5, 59.2, 64-64-ე მუხლებით და მუთითა, რომ აპელანტ ვ. ლ-ია 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი ვადის გაგრძელებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა ბაჟის გადახდას, თუმცა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 84-87).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმება, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელევა და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვა შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი განიცდის ფინანსურ სიდუხჭირეს, რის გამოც ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ სასამართლოს არ უნდა წაერთმია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით განმტკიცებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, იგი აღიარებულია ასევე საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო პაქტებითა და ვალდებულებებით, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციითა და გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით.

საქართველოს კონსტიტუციის 6.2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო აქტებს გააჩნიათ უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

ამდენად, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა და მისი ხელშეშლა ან გაუქმება დაუშვებელია (იხ. ს.ფ. 90).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ლ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაიცო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ იმ მოტივით, რომ ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელებაზე უარის თქმით, წაერთვა სასამართლოსათვის მიმართვის საყოველთაო უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეების წარმოების წესს განსაზღვრავს საპროცესო კანონმდებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

სსსკ-ის 38-ე მუხლის «ვ» პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მხარეს ევალება სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს, მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით და ამა თუ იმ გარემოებების არსებობისას, სახემწიფო ბაჟის რიგ შემთხვევაში წინასწარ, რიგ შემთხვევაში საერთოდ გადაუხდელობამ არ დააბრკოლოს მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და მას არ წაერთვას უფლების პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა.

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 8 იანვრის განჩინებით აპელანტ ვ. ლ-ია დაუდგინა ხარვეზე და მის აღმოსაფხვრელად 5-დღიან საპროცესო ვადაში დაავალა სახელმწიფო ბაჟისა და სააპელაციო საჩივრის 1 ასლის წარდგენა. სააპეალციო სასამართლომ 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ და ვ. ლ-ია განუსაზღვრა დამატებით 7 დღე ხარვეზის შესავსებად. აპელანტმა ხარვეზი კვალვ არ შეავსო და 2009 წლის 16 თებერლის განცხადებით მოითხოვა იმავე მოტივით, საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აპელანტს არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა აპელანტის გადახდისუუნარობა.

სსსკ-ის 215.1 მუხლის შესაბამისად, მხარე ვალდებულია დაასაბუთოს აღძრული შუამდგომლობა, უნდა მიუთითოს არგუმენტაცია დასმულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს არ განუხორციელებია, მან მხოლოდ ზოგადად აღნიშნა მძიმე ფინანსური მდგომარეობის არსებობის შესახებ და არ მიუთითებია გადახდისუუნარობის დამადასტურებელ გარემოებებზე, ან რა ვადა ესაჭიროებოდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (გადაწყვეტილებაში _ საქმეზე ს/კ «...» საქართველოს წინააღმდეგ), დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის დარღვევა, რაც გამოიხატა სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე დაუსაბუთებელი უარის თქმით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განავითარა მსჯელობა, რომ ბაჟის გადახდის აუცილებლობა საქმის განხილვის დასაწყებად, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა, რაც არ შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილს. მიუხედავად ამისა, ამგვარი ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა. უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.

ამდენად, ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უპირობო გათავისუფლების ან გადავადების აუცილებლობა, იგი უთითებს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების პირობებში ამგვარი შეზღუდვის დაწესებაზე უარის თმქას.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებული სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დამატებითი საპროცესო ვადის განსაზღვრით მიეცა მხარისათვის შესაძლებლობა აღმოეფხვრა ხარვეზი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ლ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.