ბს-408-393(კს-09) 6 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სპს ,,...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სპს ,,...” 10.12.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 03.12.07წ. ¹05-04/14254 წერილის ბათილად ცნობა და ¹5261 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული 81260 ლარისა და საურავის მოხსნა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.01.09წ. გადაწყვეტილებით სპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს ,,...”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 29.01.09წ. განჩინებით მიიჩნია, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ბაჟი სააპელაციო საჩივრისთვის შეადგენდა დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამდენად, აპელანტს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 2337,6 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 7 დღის ვადა. ამასთან განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
სპს ,,...” 10.02.09წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და ხარვეზის შევსების მიზნით წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინებით სპს ,,...” სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტ სპს ,,...” 02.02.09წ. ჩაბარდა. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა 05.02.09წ., ხოლო გადახდის დამადასტურებელი საბუთი სააპელაციო პალატისთვის 10.02.09წ. იქნა წარდგენილი აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების ვადა აპელანტს ამოეწურა 09.02.09წ. და მის მიერ ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა ერთი დღის დაგვიანებით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ბაჟის გადახდა ვერ ჩაითვლებოდა ხარვეზის შევსებად, რადგან ამისთვის აუცილებელი იყო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოსათვის წარდგენა მის მიერ დადგენილ ვადაში - 09.02.09წ. დღის 24 საათამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სპს ,,...”.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან არ შეავსო ხარვეზი. სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზი დადგენილ იქნა ბაჟის გადაუხდელობისა და არა მისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. შესაბამისად, სასამართლოს მიერ 7 დღიანი ვადა მას განესაზღვრა ბაჟის გადასახდელად. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რადგან სპს ,,...” მიერ დადგენილ ვადაში 05.02.09წ. იქნა შევსებული ხარვეზი, კერძოდ, გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განუხილველად დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს ,,...” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების შედეგადაც ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.09წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სპს ,,...” განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება და არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოსთვის წარდგენა. მართალია, აღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში არის მსჯელობა იმის შესახებ რომ აპელანტმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ, ვინაიდან კონკრეტული მოქმედების შესრულების ვალდებულებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილი წარმოშობს, ხარვეზის შესავსებად აუცილებელი მოთხოვნის შესახებ სასამართლოს აქტის სწორედ ამ ნაწილში უნდა იყოს აღნიშნული. (იხ. სუს 19.05.08წ. ¹ას-328-583-08 განჩინება)
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 02.02.09წ., ხოლო სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა 05.02.09წ. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარედგინა, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სპს ,,...” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სპს ,,...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინება;
2. საქმე სპს ,,...” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.