ბს-415-400(კს-09) 13 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ფ-ია
დავის საგანი –ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ფ-იამ 2007 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს «პატიმართა შესახებ» საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 28 დეკემბრის ¹365 ბრძანებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე დაევალა სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ. ფ-იასათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბეჭდი საშუალების გადაცემასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-იას სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამანტის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დადგენა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონს, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად _ «საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლის საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულმა გ. ფ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. მან მოითხოვა სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე კომპიუტერისა და პრინტერის შეტანა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2008 წლის 30 დეკემბრის ¹961-IIს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად რეორგანიზებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება_სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად_სასჯელაღსრულების დეპარტამენტად; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის ¹60 ბრძანებით დამტკიცებულ «საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის» დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად დეპარტამენტი წარმოადგენს სასჯელაღსრულების ორგანოს, რომელიც შედის სამინისტროს სისტემაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ზემოაღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად კი დეპარტამენტის ძირითად ამოცანას განეკუთვნება მსჯავრდელთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარულჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამანტის უფლებამონაცვლედ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიჩნევის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს კერძო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამანტის უფლებამონაცვლის დადგენის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.