Facebook Twitter

ბს-436-421(კს-09) 30 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ც-ძის უფლებამონაცვლე ნ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური

მესამე პირი _ ჯ. რ-ძე

დავის საგანი _ უფლებამონაცვლედ ცნობის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 18 დეკემბერს გ. ც-ძემ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიმართ, მესამე პირის _ ჯ. რ-ძის მონაწილეობით და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2007 წლის 18 სექტემბრის ¹64 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-2; ტ.I).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 180-187; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ც-ძემ და მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 191-199; ტ.I).

2008 წლის 5 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანტ გ. ც-ძის წარმომადგენელმა – ი. ზ-ძემ, წარადგინა გ. ც-ძის გარდაცვალების მოწმობა და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გ. ც-ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, რადგან ამ უკანასკნელს ჰყავდა რამდენიმე უფლებამონაცვლე, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დასაშვები იყო უფლებამონაცვლეობა (იხ. ს.ფ. 88-90; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გ. ც-ძის წარმომადგენლის ი. ზ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება შეჩერდა გ. ც-ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ს.ფ. 91-94; ტ.II).

2008 წლის 18 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მესამე პირის – ჯ. რ-ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქმის გაჭიანურებისა და მესამე პირისათვის ფინანსური ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ მისი მეუღლის – ნ. ნ-ძისა და ვაჟიშვილის _ ბ. ც-ძის ჩართვა იმ მოტივით, რომ საქმეში მესამე პირად მონაწილე ჯ. რ-ძეს სადავო მშენებლობის ნებართვის საფუძველზე დაწყებული აქვს სასტუმროს მშენებლობა, რისთვისაც ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება. მშენებლობის ნებართვის შეჩერებისა და მშენებლობის წარმოების შეჩერების გამო, ვერ მოხერხდა სასტუმროს დადგენილ ვადებში ექსპლუატაციაში გაშვება და საკრედიტო გრაფიკით დადგენილი თანხების დროულად დაფარვა, რის გამოც ბანკმა შეაჩერა კრედიტის გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. რ-ძე განიცდის ფინანსურ ზიანს (იხ. ს.ფ. 109; ტ.II).

აღნიშნული მიმართვის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შეტყობინება გაუგზავნა გ. ც-ძის ოჯახის წევრებს და დაავალა ეცნობებინათ სასამართლოსათვის გ. ც-ძის დანაშთ ქონებაზე გაცემული იყო თუ არა სამკვიდრო მოწმობა და ჰქონდათ თუ არა მოცემული დავის გაგრძელების სურვილი (იხ. ს.ფ. 112-114; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს დავალების შესაბამისად, 2009 წლის 11 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ც-ძის მეუღლემ _ ნ. ნ-ძემ და მიუთითა, რომ მან, როგორც გარდაცვლილი გ. ც-ძის პირველი რიგის მემკვიდრემ, ვერ მოახერხა სამკვიდრო მოწმობის მიღება, რადგან ამ პერიოდისათვის არ იყო გასული სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა. შესაბამისად, სამკვიდროს მიღების შესახებ აცნობებდა სასამართლოს, რათა ჩართულიყო გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ (იხ. ს.ფ. 118; ტ.II).

2009 წლის 16 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ჯ. რ-ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქმეში გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ მისი მეუღლის _ დ. ნ-ძისა და მისი შვილის _ ბ. ც-ძის ჩართვა იმ მოტივით, რომ გ. ც-ძის ოჯახის წევრები შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას, რითაც სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივად მიიღეს სამკვიდრო. შესაბამისად, სავალდებულო არ არის სამკვიდრო მოწმობის აღება (იხ. ს.ფ. 120; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება, გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ნ-ძე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, რადგან აღმოფხვრილი იყო ის გარემოება, რის გამოც შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება. ანუ უფლებამონაცვლეობა დადგენილი იყო, კერძოდ, სასამართლოში წარდგენილი იყო გ. ც-ძის მეუღლის ნ. ნ-ძის განცხადება, რომლის მიხედვით, იგი იყო პირველი რიგის მემკვიდრე და სურდა დავის გაგრძელება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ საქმეში უნდა ჩაერთოს მისი მეუღლე ნ. ნ-ძე (იხ. ს.ფ. 126-128; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ც-ძის უფლებამონაცვლემ _ ნ. ნ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს შუამდგომლობით სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ნ. ნ-ძის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ არ არსებობდა საქმის განახლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ მიუთითებია კანონით დადგენილი საფუძვლების არარსებობის პირობებში რატომ მოხდა საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 146-147; 162-164).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ნ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, დასაბუთებულია კერძო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები საპროცესო დარღვევების შესახებ, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე”, “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სსსკ-ის 283-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლებისა და აპელანტის _ აწ გარდაცვლილი გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ მისი მეუღლის _ ნ. ნ-ძის ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

სსსკ-ის 279-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. სსსკ-ის 281-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, მითითებული საფუძვლით საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა, ხოლო სსსკ-ის 283-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განაახლებს საქმის წარმოებას, იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია საქმის წარმოების შეჩერება.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აპელანტ გ. ც-ძის გარდაცვალების გამო, 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შეაჩერა საქმის წარმოება ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია მოცემულ დავაზე უფლებამონაცვლეობა, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოთ გ. ც-ძის ანდერძისმიერ ან კანონისმიერ მემკვიდრეებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა ნ. ნ-ძის მიერ სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 11 თებერვალს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ ნ. ნ-ძის ცნობისა და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიმართვის შესაბამისად, გ. ც-ძის ოჯახის წევრებს ეცნობებინათ, მოხდა თუ არა გ. ც-ძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა და სურდათ თუ არა მის მემკვიდრეებს დავის გაგრძელება, გ. ც-ძის მეუღლემ _ ნ. ნ-ძემ განცხადება წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, სადაც მიუთითა, რომ იმ პერიოდისათვის მას არ ჰქონდა სამკვიდრო მოწმობა მიღებული, რადგან არ იყო გასული სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6-თვიანი ვადა, დააფიქსირა, რომ სურვილი ჰქონდა დავის გაგრძელების და სამკვიდროს მიღების შესახებ აცნობებდა სასამართლოს, რათა მომხდარიყო მისი ჩართვა გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი შინაარსის განცხადება არ იძლეოდა უფლებამონაცვლის დადგენის საფუძველს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდროს მოწმობა, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამკვიდროს მოწმობის მიღება სავალდებულოა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დღეს.

სააპელაციო სასამართლოში არ იყო წარდგენილი გ. ც-ძის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, შესაბამისად, გაურკვეველი იყო მიიღეს თუ არა მემკვიდრეებმა გ. ც-ძის სამკვიდრო შესაბამისი უფლებებითა და ვალდებულებებით, შესაბამისად, გაურკვეველი იყო ვინ იქნებოდა უფლებამოსილი ჩართულიყო მოცემულ დავაში გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ. ამის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხოლოდ ნ. ნ-ძის მითითება, რომ იყო პირველი რიგის მემკვიდრე და სურდა დავის გაგრძელება, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გარეშე.

გარდა აღნიშნულისა, ნ. ნ-ძე მოითხოვდა თუ არა წარდგენილი განცხადებით როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, საქმეში გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ ჩართვას, ამგვარი ნების გამოხატვის პირობებშიც სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა სსსკ-ის 283-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ იყო წარდგენილი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ. ნ-ძეს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, მიღებული ჰქონდა გ. ც-ძის სამკვიდრო ქონება და, რომ არ არსებობდნენ სხვა მემკვიდრეები, რომლებიც პრეტენზიას განაცხადებდნენ გ. ც-ძის სამკვიდროზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, ხოლო კერძო საჩივარი დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კრიტიკის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას სათანადო მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა საქმის წარმოების განახლების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.