Facebook Twitter
ბს-449-428(კს-09) 1 ივნისი, 2009 წელი

ბს-449-428(კს-09) 1 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. (ყოფილი) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური; 2. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; 3. ძველი თბილისის რაიონის გამგეობა (თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე)

მესამე პირები: ამხანაგობა «...», გ. ხ-ძე, ნ. მ-შვილი, ლ. ჩ-ული, ჟ. ი-შვილი, პ. გ-შვილი, მ. მ-შვილი, მ. ჯ-ია, ლ. დ-ძე, მ. ხ-შვილი, ე. ბ-ია, შ. ა-ცი, დ. ჯ-ძე, დ. მ-ძე, გ. გ-ავა, თ. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 22 ოქტომბერს მ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა: ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2002 წლის 15 აგვისტოს ¹20/511 ბრძანების, 2004 წლის 21 იანვრის ექსპლუატაციაში მიღების აქტის, ქ. თბილისის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული ¹216 მშენებლობის წარმოების ნებართვის, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ¹ნ/250 მშენებლობის ნებართვისა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 სექტემბრის ¹201 დადგენილების (§.4, ოქმი 8) ბათილად ცნობა; დადგენილებების გამოცემა დემონტაჟისა და დაჯარიმების თაობაზე.

მ. გ-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობისა და ამხანაგობა «...» მიმართ და მოითხოვა: ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2002 წლის 15 აგვისტოს ¹20/511 ბრძანების, 2004 წლის 21 იანვრის ექსპლუატაციაში მიღების აქტის, ქ. თბილისის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული ¹216 მშენებლობის წარმოების ნებართვის, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ¹ნ/250 მშენებლობის ნებართვისა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 სექტემბრის ¹201 დადგენილების (§.4, ოქმი 8) ბათილად ცნობა, მათი გამოცემის მომენტიდან; დემონტაჟისა და დაჯარიმების თაობაზე დადგენილებების გამოცემის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებებით: მოცემულ საქმეში სათანადო მოპასუხედ მიჩნეულ იქნა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე ძველი თბილისის რაიონის გამგეობა; ამხანაგობა «...» ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. ხ-ძე, ნ. მ-შვილი, ლ. ჩ-ული, ჟ. ი-შვილი, პ. გ-შვილი, მ. მ-შვილი, მ. ჯ-ია, ლ. დ-ძე, მ. ხ-შვილი, ე. ბ-ია, შ. ა-ცი, დ. ჯ-ძე, დ. მ-ძე, გ. გ-ავა და თ. მ-შვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ძის სარჩელზე, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, რადგან ხსენებულ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მ. გ-ძეს აღნიშნული ხარვეზის შესავსებად მიეცა ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე და განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებდა ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებდა საჩივრის შემტან პირს, შეევსო ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავდა ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. გ-ძემ არ გამოასწორა ხარვეზი _ არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს დავალების შესაბამისად, მან 2009 წლის 8 იანვარს გადაიხადა სასამართლოს განჩინებაში მითითებული თანხა, შესაბამისი ქვითრის ასლი გადასცა მოსამართლის თანაშემწეს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეასრულა სასამართლოს დავალება, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სრულიად უსაფუძვლოდ იქნა დატოვებული განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით მ. გ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. გ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით (ტ. 3, ს.ფ. 4-5) მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, რადგან ხსენებულ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მ. გ-ძეს აღნიშნული ხარვეზის შესავსებად მიეცა ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე და განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით (ტ. 3, ს.ფ. 12-14) მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება მ. გ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 29 დეკემბერს (ტ. 3, ს.ფ. 11) და შესაბამისად, მ. გ-ძეს ხსენებული განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენის ვადა ამოეწურა 2009 წლის 8 იანვარს (ხუთშაბათი). მ. გ-ძემ წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის შესახებ 2009 წლის 8 იანვრის საგადახდო დავალება და ქვითარი (ტ. 3, ს.ფ. 20-21).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ (ამ მუხლში) მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილ ვადაში არ შეავსო ხსენებულ განჩინებაში მითითებული ხარვეზი. მართალია, მ. გ-ძის კერძო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის შესახებ 2009 წლის 8 იანვრის ქვითრით დასტურდება მ. გ-ძის მიერ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2009 წლის 8 იანვარს, მაგრამ საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მ. გ-ძეს მიეცა ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარსადგენად. შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში მ. გ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის მხოლოდ გადახდა ვერ იქნება მიჩნეული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის მის მიერ იმავე ვადაში შევსებად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ სასამართლოს დავალების შესაბამისად, მან 2009 წლის 8 იანვარს გადაიხადა სასამართლოს განჩინებაში მითითებული თანხა, შესაბამისი ქვითრის ასლი გადასცა მოსამართლის თანაშემწეს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეასრულა სასამართლოს დავალება, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სრულიად უსაფუძვლოდ იქნა დატოვებული განუხილველი.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება კერძო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის შესახებ 2009 წლის 8 იანვრის ქვითრის მ. გ-ძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა _ ამ ქვითრის ასლის მოსამართლის თანაშემწისთვის გადაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილ 10-დღიან ვადაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, აპელანტის _ მ. გ-ძის მიერ ხსენებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სწორად დატოვა განუხილველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ძის კერძო საჩივარი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.