Facebook Twitter
ბს-454-433(კს-09) 2 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ვ-ოვისა და ლ. ბ-უანის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებით ა. ვ-ოვის, მ. რ-ძის, მ. დ-ძის, გ. ვ-ურისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შეწყდა საქმის წარმოება ა. ვ-ოვის, მ. რ-ძის, მ. დ-ძის, გ. ვ-ურისა და სხვათა სარჩელზე დაუშვებლობის გამო; ძალადაკარგულად ჩაითვალა გადაზიდვის შერჩევის საკონკურსო კომისიის 2001 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების (ოქმი ¹11) მოქმედების შეჩერების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 17 მაისის განჩინება; ა. ვ-ოვის, მ. რ-ძის, მ. დ-ძის, გ. ვ-ურისა და სხვათა კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ივნისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ა. ვ-ოვმა (შესაბამის სარჩელზე ხელის მომწერი პირველი პირი) და ლ. ბ-უანმა (იმავე სარჩელზე ხელის მომწერი პირი), რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვის სააპელაციო სასამართლოსთვის დავალება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა. ვ-ოვისა და ლ. ბ-უანის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მხარეთათვის დადგენილია ვადები ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის, ასევე დადგენილია კანონით დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების, შეუსრულებლობის შედეგი _ თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება _ არ გაასაჩივრა სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება), იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები (სასამართლოში საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის), სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ სასამართლომ განჩინების ასლის შემცველი გზავნილი გაუგზავნა სარჩელზე ხელის მომწერ პირველ სამ პირს და ამ სამი პირიდან ერთ-ერთ მათგანს მაინც ჩაჰბარდა ხსენებული გზავნილი, აღნიშნული ნიშნავს, რომ დასახელებული გზავნილი ჩაჰბარდა საქმეში მის მხარეზე მონაწილე ყველა პირს, თუნდაც ამ სამი პირიდან ერთ-ერთს მათგანს (ამა თუ იმ მიზეზით, რასაც მნიშვნელობა არა აქვს) არ ჩაჰბარდეს ხსენებული გზავნილი.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი გაეგზავნათ სარჩელზე (ტ. 1, ს.ფ. 181) ხელის მომწერ პირველ სამ პირს _ ა. ვ-ოვს, მ. რ-ძესა და მ. დ-ძეს (ტ. 2, ს.ფ. 167), რომელთაგან ხსენებული გზავნილი ჩაჰბარდა 2 პირს _ 2008 წლის 23 ივნისს მ. რ-ძესა (ტ. 2, ს.ფ. 173) და 2008 წლის 27 ივნისს მ. დ-ძეს (ტ. 2, ს.ფ. 170), ხოლო ა. ვ-ოვისთვის გაგზავნილი გზავნილი უკან დაბრუნდა მინაწერით, რომ ქ. თბილისში, ... ... მ/რ-ში 83-ე კორპუსი არ არსებობდა. ამასთან, საქმის მასალებში ა. ვ-ოვის მისამართად მითითებულია _ ქ. თბილისი, ... მ/რ, 83-ე კორპუსი, ბინა 34 (ტ. 2, ს.ფ. 8), რომელზე გაეგზავნა კიდეც გზავნილი ა. ვ-ოვს, ხოლო ა. ვ-ოვმა კერძო საჩივარში თავის მისამართად მიუთითა შემდეგზე _ ქ. თბილისი, ... მ/რ, 83-ე კორპუსი, ბინა 34 (ტ. 2, ს.ფ. 179), მანამდე კი, ანუ კერძო საჩივრის თანავტორის _ ა. ვ-ოვის მიერ თავის მისამართად შემდეგი მისამართის _ ქ. თბილისი, ... მ/რ, 83-ე კორპუსი, ბინა 34-ის, მითითებამდე, სააპელაციო სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი აღნიშნული მისამართი _ ქ. თბილისი, ... მ/რ, 83-ე კორპუსი, ბინა 34.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, კერძო საჩივრის ავტორები _ ა. ვ-ოვი და ლ. ბ-უანი კერძო საჩივარში მიუთითებენ, რომ მათთვის ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან გახდა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინების თაობაზე და სასამართლოსგან მათ ხსენებული განჩინება არ ჩაჰბარებიათ, მაგრამ აღნიშნულზე მითითება ვერ დააფუძნებს ა. ვ-ოვისა და ლ. ბ-უანის კერძო საჩივრის განსახილველად დაშვებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი სარჩელზე ხელის მომწერი პირველი სამიდან ერთ-ერთ პირს _ მ. რ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 23 ივნისს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული ნიშნავს ხსენებული გზავნილის ა. ვ-ოვისთვისაც და ლ. ბა-უანისთვისაც 2008 წლის 23 ივნისს ჩაბარებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებმა _ ა. ვ-ოვმა და ლ. ბ-უანმა დაარღვიეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივრით გასაჩივრებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი 12-დღიანი ვადა, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა მათ ამოეწურათ 2008 წლის 7 ივლისს (ორშაბათი), ა. ვ-ოვმა და ლ. ბ-უანმა კი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს 2009 წლის 18 თებერვალს (ტ. 2, ს.ფ. 179). ხსენებული გარემოება ა. ვ-ოვისა და ლ. ბ-უანის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამ კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ვ-ოვისა და ლ. ბ-უანის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ა. ვ-ოვისა და ლ. ბ-უანის კერძო საჩივარი;
2. ლ. ბ-უანს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.