¹ბს-458-437(კს-08) 28 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განცხადების ავტორი) _ გ. ა-აკი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ უფლებამონაცვლის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1999 წლის 10 სექტემბერს გ. ა-აკმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე გორის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მასა და მოპასუხეს შორის 1996 წლის 28 დეკემბერს დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის ფერმერულ მეურნეობას უნდა გადასცემოდა 206 ჰა ფართობის სახნავი მიწა, ფაქტობრივად კი, გადაეცა 184 ჰა ურწყავი, დაბალნაყოფიერი სახნავი, ხოლო დანარჩენი 22 ჰა სარწყავი და მაღალნაყოფიერი მიწა მოსარჩელეს არ გადასცეს. აღნიშნული მიწა მიტაცებული ჰქონდა მოსახლეობას, რომელიც მიწის გადასახადსაც კი არ იხდიდა. ზემოაღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნით მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა გორის რაიონის გამგეობას, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის მტკიცებით, მისთვის კუთვნილი 22 ჰა სარწყავი მიწის გადაუცემლობით მას მიადგა ზიანი 42000 ლარის ოდენობით, რის გამოც იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 22 ჰა მიწის გადაცემა და ზიანის _ 42000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-აკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე გორის რაიონის გამგეობას საიჯარო ხელშეკრულების პირობების შესრულება და ფერმერ გ. ა-აკისათვის 22 ჰა პირველი კატეგორიის სახნავ-სათესი მიწის გადაცემა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-აკმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონის გამგეობამაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად გორის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო და ამავე რაიონის მიწის მართვის სამმართველო ჩაებნენ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ა-აკმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნათა ოდენობა და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 140000 ლარის ოდენობით, აგრეთვე, დამატებით მოითხოვა ზედმეტად გადახდილი მიწის გადასახადის დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 ივლისის განჩინებით გ. ა-აკისა და გორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის სხდომაზე გ. ა-აკმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, გ. ა-აკის მოსალოდნელი ზარალი შეადგენდა 152400 ლარს, კვლავ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა თანხის ნაწილში და აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-აკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-აკმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად გორის რაიონის ბერბუკის თემის საკრებულო, კ. ქ-შვილი, გ. ს-შვილი, ტ. გ-შვილი, ფ. ს-შვილი და ა. ს-შვილი ჩაებნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 თებერვლის სხდომაზე გ. ა-აკმა კვლავ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 304000 ლარის ოდენობით, აგრეთვე, დააზუსტა მოთხოვნა გადასაცემი მიწის ფართის ნაწილში და 24,95 ჰა მიწიდან მხოლოდ იმ ნაკვეთების გადაცემა მოითხოვა, რომლებიც მოსახლეობას არ ჰქონდა დამაგრებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტებით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით გივი აბალაკის შუამდგომლობა სარჩელის დაზუსტების თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-აკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-აკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გორის რაიონის გამგეობას დაევალა გ. ა-აკისათვის 1996 წლის 28 დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ამავე ხელშეკრულებაზე დართული გეგმით განსაზღვრულ ადგილმდებარეობაზე 24,95 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემა 1996 წელს ¹116, ¹132, ¹87, ¹67 და ¹129 მიწის მიღება-ჩაბარების აქტებით მოსახლეობისათვის გადაცემული ნაკვეთების გარდა; გ. ა-აკის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-აკმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინებით გ. ა-აკის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 19 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე.
2008 წლის 23 აპრილს გ. ა-აკმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე განმარტება მოითხოვა, თუ ვინ წარმოადგენდა გორის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრეს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ გორის რაიონის გამგეობა თავს არიდებდა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, რომლითაც ლიკვიდირებულ იქნა გორის რაიონის გამგეობა. აღნიშნული კანონის 65-ე მუხლის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა რაიონში შემავალი ყოფილი თვითმმართველობის სამართალმემკვიდრეს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მფლობელობასა და განკარგულებაში აღარ შედიოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები, ვინაიდან მათი პრივატიზება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეშვეობით ხორციელდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით გ. ა-აკის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო ბუნდოვანი, მასში ნათლად იყო მითითებული ვალდებული პირი და მის მიერ განსახორციელებელი მოქმედება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოვალის მისი უფლებამონაცვლით შეცვლა არ ხდებოდა გადაწყვეტილების განმარტების მეშვეობით, ამგვარი შემთხვევები მოწესრიგებული იყო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლით.
2008 წლის 14 ივლისს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოცემულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა გორის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
2008 წლის 22 ოქტომბერს გ. ა-აკმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საქმეზე მოვალის _ გორის რაიონის გამგეობის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი შეცვლა მოითხოვა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს განცხადება დაკმაყოფილდა; შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბერს გაცემული ¹3ბ/104-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოებული აღსრულება მოვალის უფლებამონაცვლის დადგენამდე; გ. ა-აკის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «ადგილობრვი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრეს. ამავე კანონის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებული იყო «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელი იყო საქმეზე მოვალე _ გორის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე ორგანოს განსაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვალის სამართალმემკვიდრეს, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით წარმოადგენდა მუნიციპალიტეტი, რომლის კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა გადაწყვეტილებით დაკისრებული ქმედების განხორციელება. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ახლებურად მოწესრიგების გამო წარმოშობილი ურთიერთობები არ მიეკუთვნებოდა გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხთა კატეგორიას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ საქმეზე, მოვალის უფლებამონაცვლეობა არ იყო ნათელი და იგი უნდა დადგენილიყო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის შეტანის გზით.
რაც შეეხება ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების შეჩერების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნათელი იყო, რომ არსებობდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების საფუძვლები, რის გამოც განცხადება საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე გ. ა-აკმა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნები ან უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებული იყო გორის რაიონის გამგეობა და წარმოიშვა მისი უფლებამონაცვლეობის საფუძველი.
კერძო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, რადგან «ადგილობრივი თვითმმარველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის «ბ» ქვეპუნქტით თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტი, რომლის საკუთრებაშიც, ამავე კანონის 47-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, არის თვითმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ხოლო 67-ე მუხლის 13-ლი ქვეპუნქტის თანახმად, 47-ე მუხლით განსაზღვრული ქონება საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირდა განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის 15-ლი ქვეპუნქტის ძალით კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია, თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14-ლი პუნქტით განსაზღვრული ქონების სამინისტროს თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმის გამო, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების საკითხებს, ხოლო პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ზემოთ აღნიშნული კანონებისა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე, ნათელი იყო, რომ მოვალის _ გორის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, პრივატიზაციის საკითხთან მიმართებაში კი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა ეხებოდა სააღსრულებო ფურცლის გაცემას გადაწყვეტილების გამოტანიდან სასამართლოში, თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდებოდა სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით გ. ა-აკის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გ. ა-აკის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-აკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-აკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გორის რაიონის გამგეობას დაევალა გ. ა-აკისათვის 1996 წლის 28 დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ამავე ხელშეკრულებაზე დართული გეგმით განსაზღვრულ ადგილმდებარეობაზე 24,95 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემა 1996 წელს ¹116, ¹132, ¹87, ¹67 და ¹129 მიწის მიღება-ჩაბარების აქტებით მოსახლეობისათვის გადაცემული ნაკვეთების გარდა; გ. ა-აკის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. კანონიერ ძალაში შესულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 19 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ _ გორის რაიონის გამგეობა იყო მითითებული. 2008 წლის 22 ოქტომბერს გ. ა-აკმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საქმეზე მოვალის _ გორის რაიონის გამგეობის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი შეცვლა მოითხოვა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული პირის რეორგანიზაცია) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, მათ შორის, პროცესის დასრულების შემდეგაც, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი წარმოადგენს 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრეს. ამავე კანონის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია «ადგილობრივი თვითთმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითთმართველი ერთეული. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს. თუმცა აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში არ არის ნათელი გორის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლეობა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებულ ვალდებულებასთან მიმართებაში, კერძოდ, თუ ვისზე გადავიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 19 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ფუნქცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია საქმეზე მოვალე _ გორის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე ორგანოს განსაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, გორის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლეობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების ფარგლებში ნათლად არ დგინდება. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის ახლებურად მოწესრიგების გამო წარმოშობილი ურთიერთობები არ მიეკუთვნება გადაწყვეტილების მოწესრიგების გამო წარმოშობილ საკითხთა კატეგორიას, რის გამოც მოცემულ საქმეზე მოვალის უფლებამონაცვლეობა უნდა დადგინდეს «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის შეტანის გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ა-აკის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა-აკის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.