ბს-470-449(კს-09) 14 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. გ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 სექტემბერს ე. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ 2006 წლის 25 აგვისტოს ¹17 გადაწყვეტილებისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ე. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულება ე. გ-ძის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ე. გ-ძე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში და მას აუნაზღაურდა ხელფასი იძულებითი გაცდენილი დროისათვის.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ე. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულება ე. გ-ძის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ე. გ-ძე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში და მას აუნაზღაურდა ხელფასი იძულებითი გაცდენილი დროისათვის.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ე. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულება ე. გ-ძის ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო შესყიდვების, ეკონომიკური განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ადგილობრივი სამსახურის ... თანამდებობის ლიკვიდაციის გამო გათავისუფლების შესახებ. ე. გ-ძეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ... თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინებით ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2008 წლის 30 აპრილს ე. გ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა განმარტებას თუ რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულების ბათილად ცნობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის განჩინებით ე. გ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა იმგვარად, რომ რადგან ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულება ე. გ-ძის ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო შესყიდვების, ეკონომიკური განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ადგილობრივი სამსახურის ... თანამდებობიდან ლიკვიდაციის გამო გათავისუფლების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი უკანონობისათვის (ეწინააღმდეგება კანონს), ამ განკარგულების მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგი დადგენილ იქნა მისი ძალაში შესვლის დღიდან.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ე. გ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის განჩინება და ე. გ-ძის განცხადება განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით ე. გ-ძის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
სააპელაციო პალატა განჩინებაში მიუთითებდა, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ე. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულება ე. გ-ძის ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო შესყიდვების, ეკონომიკური განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ადგილობრივი სამსახურის ... თანამდებობიდან ლიკვიდაციის გამო გათავისუფლების შესახებ. ე. გ-ძეს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ... თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანი არ არის და ამასთან, განმცხადებელი მოითხოვს სასამართლომ განმარტოს თუ რა სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს მის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, ასევე აქვს თუ არა მას უფლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ზიანი, რაც სცილდება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასამართლოს უფლებამოსილებას.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმებასა და მისი განცხადების დაკმაყოფილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულება ე. გ-ძის ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო შესყიდვების, ეკონომიკური განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ადგილობრივი სამსახურის ... თანამდებობიდან ლიკვიდაციის გამო გათავისუფლების შესახებ. ე. გ-ძეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ეკონომიკური განვითარების უფროსის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2008 წლის 30 აპრილს ე. გ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევდა მის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით ე. გ-ძეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე.
საკასაციო სასამართლომ ე. გ-ძის კერძო საჩივრის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა და თუ არ გაუვიდა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსს და განმარტავს: პროცესუალური კანონმდებლობა გადაწყვეტილების განმარტებას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული ნათლად და გარკვევით, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, ამასთან, განმარტება უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ განმარტებამ არ გამოიწვიოს გადაწყვეტილების ძირითადი აზრისა და შინაარსის შეცვლა.
საკასაციო სასამართლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არსებითად პასუხობს სარჩელის ყველა მოთხოვნას, არ შეიცავს ბუნდოვან და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების პროცესუალური საჭიროება.
რაც შეეხება ე. გ-ძის მოთხოვნას, სასამართლომ განმარტოს თუ რა სამართლებრივი შედეგები უნდა მოჰყვეს მის მიმართ ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოსათვის დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებს - განმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი მოტივაცია არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო უ ლ ი ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 ე. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.