ბს-487-460(კს-09) 20 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) ქ.თბილისის მერია (მოპასუხე)
2) შპს “...” (მესამე პირი)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ბ-ძემ 2006 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – ქ.თბილისის მთავრობის, მესამე პირი შპს “...” მიმართ და მოითხოვა Qქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 20 იანვრის ¹01-39-39 დადგენილების ლ. ბ-ძის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ნაწილში, მდებარე თბილისი, ... გამზ. ¹37-ში ¹2ა კორპუსის ბინა ¹37, ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავრობის 2006 წლის 20 იანვრის ¹01-39-39 დადგენილება ლ. ბ-ძის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ნაწილში, მდებარე თბილისი, ... გამზ ¹37-ში ¹2ა კორპუსი, ბინა ¹37; თბილისის მთავრობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ბ-ძის მიმართ ბინაზე, მდებარე თბილისი, ... გამზ. ¹37-ში ¹2ა კორპუსი, ბინა ¹37 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მესამე პირის შპს “...” უფლებამონაცვლედ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 1 იანვრის @¹013939 დადგენილების მეოთხე პუნქტის შესაბამისად დადგენილ იქნა შპს “...”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის მერიის და შპს “...” წარმომადგენლების შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/760-08 ლ. ბ-ძის სარჩელთან დაკავშირებით, შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინება დაასაბუთა იმით, რომ ლ. ბ-ძემ 2003 წლის 25 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს, მოპასუხე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და მესამე პირის – ნ. ღ-შვილის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა, ქ. თბილისის ვაკე – საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის ბინაზე ორდერის გადაცემის დავალებას. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ 2003 წლის 19 ნოემბერს შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე – ლ. ბ-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ლ. ბ-ძის თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლება. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 დეკემბერის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ლ. ბ-ძე გამოსახლებული იქნა სადავო ბინიდან თანხლებ პირებთან ერთად. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ბ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის განჩინებით, ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 იანვარს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 დეკემბერის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითც ლ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის შეგებებული სარჩელის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ლ. ბ-ძეს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე. შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დადგენილადააა ცნობილი, რომ ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 25 აპრილის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ... მე-2ა კორპუსი ¹37 ბინაში შესახლებული იქნა ნ. ღ-შვილი. ქ. თბილისის მთავრობის2002 წლის 5 აგვისტოს ¹12-40-264 დადგენილებით ყოფილი ... ტერიტორიაზე არსებული საერთო საცხოვრებლები, მათ შორის მე-2 კორპუსი ჩაირიცხა გამგეობის საბინაო ფონდში. ლ. ბ-ძეს უარი ეთქვა მის სახელზე სადავო ბინის გაფორმებაზე იმ მოტივით, რომ იგი ბინაში შესახლებული იქნა დროებით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ ბინაში უნდა შესახლდეს ნ. ღ-შვილი. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ლ. ბ-ძის სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის დავალდებულებას, განახორციელოს სადავო ბინის მის სახელზე პრივატიზაცია. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბინაზე ორდერის გაცემის შესახებ ზემოთაღნიშნული დავის გადაწყვეტამდე, არ დგინდება მოსარჩელის მიერ ბინით სარგებლობის კანონიერება, შესაბამისად პრივატიზაციის განხორციელებაზე ადმინისტრაციულ ორგანოს უარი არ შეიძლება ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მეორე ნაწილსა და ამავე კოდექსის 262 მუხლზე და მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით არ დგინდება ლ. ბ-ძის კანონიერი უფლება სადავო ბინაზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს-ქ.თბილისის მთავრობის მიერ გამოცემული 2006 წლის 20 იანვრის ¹ 01-39-39 დადგენილების გასაჩივრებული ნაწილი, მოსარჩელეს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, რაც სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაუშვებლად ცნობის და საქმის წარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძველად მიიჩნია.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვისათვის.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო პალატამ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად არასწორად მიიჩნია მითითებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და ის ფაქტი, რომ თითქოს არ დგინდება ლ. ბ-ძის მიერ სადავო ბინით სარგებლობის კანონიერება, რაც მოკლებულია საფუძველს და დასაბუთებას, რადგანაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, წინამდებარე სარჩელი აღძრულია სრულიად სხვა სამართლებრივ საფუძველზე.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ წინამდებარე სარჩელის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სრულიად სხვა კანონმდებლობა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება “კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” მეორე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტი.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სადავო აქტის მიღების დროს თბილისის მთავრობას არ გამოუკვლევია, შესრულებულია თუ არა ქ.თბილისის მთავრობის 2005 წლის 5 აგვისტოს @¹12-40.264 დადგენილების მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; კერძოდ, თბილისის მთავრობას არ შეუმოწმებია მოსარჩელის მიერ დაკავებული ფართის კანონიერი საფუძველი. ასევე კერძო საჩივრის ავტორის აზრით, არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომ ლ. ბ-ძის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი არ ექვემდებარება პრივატიზებას, რადგან მოსარჩელე 2001 წლიდან შესახლებულია ბინაში, დღემდე ფლობს და სარგებლობს სადავო ფართით და მის ფართში შესახლების საკითხი სადავოდ არ გამხდარა.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით დადგენილი წესების დარღვევით. კერძოდ, სასამართლო სხდომა ჩატარდა მოსარჩელის დაუსწრებლად, ვინაიდან სასამართლოს მიერ გაგზავნილი დეპეშის თანახმად, მხარე სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო 14 სთ და 30 წუთზე, სხდომა კი ჩატარდა 12 საათზე. სასამართლო სხდომაზე 14 საათზე გამოცხადებული მისი წარმომადგენლისათვის კი ცნობილი გახდა, რომ საქმის განხილვა უკვე დამთავრებული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ბ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება და ლ. ბ-ძის სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ იგი სასამართლო სხდომაზე არ იყო მიწვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-76-ე მუხლით დადგენილ წესით.
საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით; როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის სხდომაზე ლ. ბ-ძე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ და სასამართლო სხდომა გაგრძელდა 2009 წლის 30 იანვარს 12 საათზე. ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ 2008 წლის 16 ივნისის აქტით ირკვევა, რომ ლ. ბ-ძის წარმომადგენელს, დ. ჯ-ძეს ეცნობა სასამართლო სხდომის დრო_2009 წლის 30 იანვარი 13 საათი (ტ.II,ს.ფ.67), ხოლო დეპეშით_2009 წლის 30 იანვარი 14.30 საათი (ს.ფ.68-69). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სხდომა დაიწყო 12 საათზე და დამთავრდა 12.30 საათზე, სხდომაზე არ გამოცხადდა ლ. ბ-ძის წარმომადგენელი დ. ჯ-ძე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშებით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნტის თანახმად ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში_ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის 2009 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართზომიერებას; ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს და მოცემული საქმე ლ. ბ-ძის სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს ლ. ბ-ძის კერძო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ლ. ბ-ძის სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.