ბს-495-468(კს-09) 6 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. კ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.
2009 წლის 9 თებერვალს შ. კ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლება და 2008 წლის 24 ივლისს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით შ. კ-ძის განცხადება განუხილველი დარჩა. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ დასახელებული განჩინება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, 12 დღის ვადაში, მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მხარეთათვის დადგენილია ვადები ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის, ასევე დადგენილია კანონით დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების, შეუსრულებლობის შედეგი _ თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება _ არ გაასაჩივრა სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება), იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელშიც მისი განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესის დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. კ-ძის კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა _ შ. კ-ძემ დაარღვია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი 12-დღიანი ვადა, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა მას ამოეწურა 2009 წლის 12 მარტს (ხუთშაბათი), შ. კ-ძემ კი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 23 მარტს (ს.ფ. 10). ხსენებული გარემოება შ. კ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, შ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს შ. კ-ძის კერძო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.