Facebook Twitter
ბს-496-469(კს-09) 30 აპრილი, 2009 წ

ბს-496-469(კს-09) 30 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ ,,შ. ხ-ავა»

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 აგვისტოს შ. ხ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს განყოფილების მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 9 ნოემბრის, 2006 წლის 22 დეკემბრისა და 2007 წლის 17 იანვრის სამართალდარღვევების ოქმების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საგადასახადო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონის განყოფილება შეიცვალა ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ,,შ. ხ-ავას» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,შ. ხ-ავამ».

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით ი/მ ,,შ. ხ-ავას» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინებით ი/მ ,,შ. ხ-ავას» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი და არ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ,,შ. ხ-ავამ».

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმებას, იმ მოტივით, რომ ის რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესაწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ “შ. ხ-ავას” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინებით ი/მ “შ. ხ-ავას” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობის შესაბამისად, მოქალაქე შ. ხ-ავა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბანკში საიდენტიფიკაციო კოდით - 010322500611 და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 42890-ს. ოჯახი იღებს ფულად დახმარებას 30 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან საციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

ზემოაღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოების გამოკვლევას, რამდენადაა შესაძლებელი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული ფიზიკური პირისათვის დადგენილი შეღავათის, ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებულ საწარმოზე გავრცელება.

საკასაციო სასამართლო გამორიცხავს რა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოყალიბებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე მსგავსი შეღავათების გავრცელების შესაძლებლობას, იმავდროულად, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს ინდივიდუალური საწარმოების ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანარჩენი სუბიექტებისაგან განცალკევებით განხილვას.

ინდივიდუალური საწარმო ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ერთი დამოუკიდებელი ფიზიკური პირის სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ფორმას. ინდივიდუალური საწარმო არ არის იურიდიული პირი და სამართლებრივ ურთიერთობაში გამოდის როგორც ფიზიკური პირი, საკუთარი სახელით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრას, იმდენად, რამდენადაც პასუხისმგებლობა წარმოადგენს საკორპორაციო სამართლის უმნიშვნელავანეს ინსტიტუტს. საყურადღებოა, რომ ინდივიდუალური საწარმო თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად.

ინდივიდუალური საწარმოს პასუხისმგებლობის თავისებურებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მართალია, სარჩელი აღძრულია ინდივიდუალური საწარმოს სახელით, მაგრამ ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადებულება ანუ პასუხისმგებლობა დგება ფიზიკური პირის მიმართ, რომელიც თავისი სოციალური მდგომარეობის გამო გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებისაგან, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს ი/მ ,,შ. ხ-ავას” კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო უ ლ ი ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1 ი/მ ,,შ. ხ-ავას” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინება და ი/მ ,,შ. ხ-ავას” სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.