Facebook Twitter
ბს-498-471(კს-09) 2 ივნისი, 2009 წელი

ბს-498-471(კს-09) 2 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი/მ «თ. მ-ძე»

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი

მესამე პირები _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 27 აპრილს ი/მ «თ. მ-ძემ» სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო ჯარიმის 3000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება (იხ. ს.ფ. 2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 90-91).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით ი/მ «თ. მ-ძის» სარჩელზე ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, რომლებითაც დღგ-ს დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო (იხ. ს.ფ. 145-149).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ «თ. მ-ძის» სარჩელი 2006 წლის 18 მაისის ¹302877 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 4 ივნისის ¹423, ¹424 საგადასახადო მოთხოვნების, 2007 წლის 23 თებერვლის ¹05/49 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 14 მარტის ¹16.01.09/200 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, პირადი აღრიცხვის ბარათზე ნულოვანი დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის ჯარიმის – 3000 ლარის მოხსნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 160-165).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «თ. მ-ძემ» და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 172-181).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ი/მ «თ. მ-ძის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ «თ. მ-ძემ» თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ. 8-10).

2009 წლის 21 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი/მ «თ. მ-ძემ», სააპელაციო საჩივარზე მითითებული ხარვეზის შევსების მიზნით, წარადგინა საგადასახადო ინსპექციის შედარების აქტი, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა წინამდებარე განცხადების ჩათვლა სააპელაციო საჩივრის განუყოფელ ნაწილად და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 21-29).

ი/მ «თ. მ-ძის» მიერ წარდგენილი განცხადება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და განსახილველად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 31).

საკასაციო სასამართლოს მიერ საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე ი/მ «თ. მ-ძის» კერძო საჩივარი საქმეში წარმოდგენილი არ იყო, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ი/მ «თ. მ-ძის» განცხადება შინაარსობრივად არ წარმოადგენდა კერძო საჩივარს და მხარის ნება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინების გასაჩვირების თაობაზე განცხადებიდან არ იკვეთებოდა (იხ. ს.ფ. 32-33).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თთებერვლის განჩინებით ი/მ «თ. მ-ძის» განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5, 374.1, 7.2 მუხლებით და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა რა ი/მ «თ. მ-ძის» სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია საპროცესო შესაძლებლობას თუნდაც ხარვეზის დაგვიანებით შევსების შედეგად, განიხილოს და გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის საკითხი (იხ. ს.ფ. 36-39).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ «თ. მ-ძემ» და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ვერ შესძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შევსება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, მისი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა თბილისში, რის გამოც ვერ გაითვალისწინა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები, მან ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, წარადგინა საგადასახადო ინსპექციის შედარების აქტი, ამასთან, განჩინება ჩაჰბარდა დაგვიანებით 2009 წლის 8 იანვარს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, 2009 წლის 21 იანვარს სახელმწიფო ბაჟის გადახდით აღმოიფხვრა ხარვეზი, გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა იმის საშუალება, რომ გადაევადებინა აპელანტისათვის ბაჟის გადახდა და განეხილა სააპელაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 47).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ «თ. მ-ძის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების იმგვარი დარღვევის გარეშე, რომელთა არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამასთან, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 393.3 მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ი/მ «თ. მ-ძის» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, ასევე არ იყო წარდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 59.2 მუხლის შესაბამისად, აპელანტს განუსაზრღვა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვაად 10 დღე. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან საპროცესო ვადაში აპელანტმა ი/მ «თ. მ-ძემ» მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, მაგრამ არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟს გადაიხდიდა არაუგვიანეს ერთი კვირისა, 2008 წლის 9 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 3; 6). აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინების გამოტანის დროისათვის აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, არც შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, ან სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 18 ნოემბერს მართებულად დატოვა განუხილველად ი/მ «თ. მ-ძის» სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საქმის მასალების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება გაეგზავნა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ი/მ «თ. მ-ძესა» და მის წარმომადგენელს ნ. ჯ-შვილს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, მხარეს განემარტა განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, წესი და ვადა, კერძოდ, განიმარტა, რომ სსსკ-ის 374.1 მუხლისა და 416-ე მუხლების შესაბამისად, იმ პირობებში, თუ მხარე არ ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შესაძლებლობა ჰქონდა გაესაჩივრებინა იგი კერძო საჩივრით, განჩინების ჩაბარებიდან 12-დღიან საპროცესო ვადაში ზემდგომ სასამართლოში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი/მ «თ. მ-ძის» წარმომადგენელს ნ. ჯ-შვილს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 17 დეკემბერს, ხოლო ი/მ «თ. მ-ძეს» _ 2009 წლის 8 იანვარს (იხ. ს.ფ. 12; 20). შესაბამისად, სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა იწურებოდა 2008 წლის 29 დეკემბერს, თანახმად, სსსკ-ის 70.1 მუხლისა, რადგან სააპელაციო სასამართლოს განჩინების წარმომადგენლისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში, ნ. ჯ-შვილისათვის 2008 წლის 17 დეკემბერს ჩაბარება ითვლება მხარისათვის ჩაბარებად და ეს უკანასკნელი ვალდებულია მხარეს აცნობოს ჩაბარების შესახებ. საქმეში წარმოდგენილია ორდერი, რომლის თანახმად, ნ. ჯ-შვილს დაევალა ი/მ «თ. მ-ძის» ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ს.ფ. 75) და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, 2008 წლის 29 დეკემბრისათვის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, იმ პირობებშიც კი, თუ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა ი/მ «თ. მ-ძისათვის» სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების დღიდან _ 2009 წლის 8 იანვრიდან, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2009 წლის 20 იანვარს და არც 20 იანვრისათვის ყოფილა კერძო საჩივარი წარდგენილი.

ამდენად, სრულიად უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაგვიანებით _ 2009 წლის 8 იანვარს ჩაბარების შესახებ, რადგან აღნიშნული თარიღი იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღი, ხოლო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსება უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე, მით უფრო, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში აპელანტი თავად უთითებდა ხარვეზის 2008 წლის 9 ნოემბრამდე შევსების შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია.

საქმის მასალების მიხედვით, ი/მ «თ. მ-ძემ» მას შემდეგ, რაც ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც ფაქტობრივად შეავსო 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ 2009 წლის 21 იანვარს წარდგენილი განცხადებით ხარვეზი უნდა აღმოფხვრილიყო, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს საპროცესო ვადაში, კონკრეტულ შემთხვევაში, ეს უნდა განხორციელებულიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში და არა ნებისმიერ დროს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა გადაევადა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან სსსკ-ის 48-ე მუხლი უშვებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად, გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში.

ამდენად, ამგვარი შუამდგომლობისა და სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი თავისი ინიციატივით, გადაევადებინა აპელანტისათვის სახელმიწოფო ბაჟის გადახდა და განეხილა სააპელაციო საჩივარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 185.1 მუხლის შესაბამისად, ი/მ «თ. მ-ძეს» უნდა დაებრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით სრულად, რადგან ბაჟი გადახდილი იყო სააპელაციო საჩივარზე, რაც განუხილველად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით უნდა დაებრუნებინა აპელანტისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია არა სააპელაციო, არამედ საკასაციო სასამართლოს ანგარიშზე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია დაუბრუნოს ი/მ «თ. მ-ძეს» მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ «თ. მ-ძის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. ი/მ «თ. მ-ძეს» დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი სრულად შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.