ბს-525-496(კს-09) 30 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ ლ. გ-ური, ს. თ-შვილი, ო. გ-ოვა, ა. კ-ია, ნ. ა-ძე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 31 ოქტომბერს ლ. გ-ურმა, ს. თ-შვილმა, ო. გ-ოვამ, ა. კ-იამ და ნ. ა-ძემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ურის, ს. თ-შვილის, ო. გ-ოვას, ა. კ-იასა და ნ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ლ. გ-ურის სასარგებლოდ _ 301,78 ლარის, ს. თ-შვილისათვის _ 298,66 ლარის, ო. გ-ოვასათვის _ 321,94 ლარის, ა. კ-იასათვის _ 336,25 ლარის და ნ. ა-ძისათვის _ 304,66 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 48-51).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 54-60).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1, 374.1, 59.1, მე-60, 61-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვალს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 13 თებერვალს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დასრულდა 2009 წლის 26 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2009 წლის 27 თებერვალს, სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 64-67).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვალს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა 2009 წლის 26 თებერვალს სააპელაციო საჩივრით 14-დღიანი ვადის დაცვით, რაც დასტურდება ფინანსთა სამინისტროს კორესპოდენციათა შემოსვლის რეესტრის ამონაწერით (იხ. ს.ფ. 81-84).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია.
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2009 წლის 6 იანვარს და საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვალს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ გზავნილზე დასმული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 52). აღნიშნულ ფაქტს არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 26 თებერვალს.
სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარეგისტრირდა 2009 წლის 27 თებერვალს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული სააპელაციო სასამართლოს შტამპით (იხ. ს.ფ. 54) და რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას. საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარს დართული არ ჰქონდა საფოსტო კონვერტი, რითაც დადასტურდებოდა სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილების მეშვეობით შეტანის ფაქტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა საფოსტო განყოფილების მეშვეობით და ფოსტას სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2009 წლის 26 თებერვალს, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს “...” 2009 წლის 26 თებერვლის რეესტრი ¹37.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.