ბს-532-503(კს-09) 14 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელ ა. გ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.
2007 წლის 1 ივნისს გ. მ-ძის წარმომადგენელმა დ. თ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გ. მ-ძის წარმომადგენელ დ. თ-შვილის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ დასახელებულ განჩინებაზე შეიძლებოდა კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელმა ა. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელ ა. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მხარეთათვის დადგენილია ვადები ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის, ასევე დადგენილია კანონით დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების, შეუსრულებლობის შედეგი _ თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება _ არ გაასაჩივრა სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება), იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელშიც მისი განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესის დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელ ა. გ-ძის კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა _ გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელმა ა. გ-ძემ დაარღვია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი 12-დღიანი ვადა, რადგან, როგორც საქმის მასალებიდან, კერძოდ, საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებიდან (შპს «სკს») ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინების ასლების შემცველი გზავნილები გ. და ი. მ-ძეებს, მათივე სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე _ ბორჯომის რაიონი, სოფ. ..., პირადად ჩაჰბარდათ 2009 წლის 13 მარტს (ტ. 2, ს.ფ. 167, 169). ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა გ. და ი. მ-ძეებს ამოეწურათ 2009 წლის 25 მარტს (ოთხშაბათი), გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელმა ა. გ-ძემ კი, კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 27 მარტს (ტ. 2, ს.ფ. 172). ხსენებული გარემოება გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელ ა. გ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელ ა. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს გ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელ ა. გ-ძის კერძო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.