Facebook Twitter
ბს-533-504(კს-09)

ბს-533-504(კს-09) 11 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 31 ოქტომბერს ლ. ლ-ძემ, ლ. მ-ოვმა, ნ. კ-ძემ და გ. ჭ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკისრებოდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების: ლ. ლ-ძისათვის – 376,12 ლარის, ლ. მ-ოვასათვის – 376,30 ლარის, ნ. კ-ძისათვის – 81,82 ლარისა და გ. ჭ-ძისათვის – 371,49 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ძის, ლ. ლ-ძის, ნ. კ-ძისა და ლ. მ-ოვას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ლ. ლ-ძისათვის – 376,12 ლარის, გ. ჭ-ძისათვის – 371,49 ლარის, ლ. მ-ოვასათვის – 376, 30 ლარისა და ნ. კ-ძისათვის – 81,82 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვლას, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კი საპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 26 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული 14 დღიანი ვადის დაცვით, რაც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კორესპოდენციის შემოსვლის რეესტრის ამონაწერით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვალს, რაც დასტურდება იმავე გზავნილზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით და ხელმოწერით, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2009 წლის 27 თებერვალს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადის გაშვების მოტივით.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან დაცულია სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადა, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე თანდართული, წერილობითი კორესპონდენციის შესახებ რეესტრის ამონაწერით, რომელშიც სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის გადაცემის თარიღად მითითებულია 2009 წლის 26 თებერვალი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გარკვევის მიზნით, საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, კერძოდ, საქმეში, ს.ფ. 70-ზე, წარმოდგენილია მიღებული წერილობითი კორესპონდენციების შესახებ 2009 წლის 26 თებერვალს ¹37 რეესტრის ამონაწერი, რომელშიც რეგისტრირებულია გზავნილი ¹08-01/1932, მითითებული გზავნილის ნომერი ემთხვევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ნომერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე კანონმდებელი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადას უკავშირებს გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების ფაქტს, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, როგორც საქმის მასლალებით დასტურდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა 2009 წლის 26 თებერვალს ანუ მე-14 დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.