Facebook Twitter
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-536-507(კს-09) 16 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი მოწინააღმდეგე მხარეების _ კ. ჩ-ელის, ლ. ჩ-ძის, მ. დ-ძისა და მ. მ-იანის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე.

2008 წლის 31 ოქტომბერს კ. ჩ-ელმა, ლ. ჩ-ძემ, მ. დ-ძემ და მ. მ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ კ. ჩ-ელის, ლ. ჩ-ძის, მ. დ-ძისა და მ. მ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ლ. ჩ-ძის სასარგებლოდ _ 317,31 ლარის, კ. ჩ-ელის სასარგებლოდ _ 108,06 ლარის, მ. დ-ძის სასარგებლოდ _ 232,16 ლარის, მ. მ-იანის სასარგებლოდ _ 663,06 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ხსენებული კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 19 მარტს (ს.ფ. 69), კერძო საჩივარი კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 1 აპრილს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 2009 წლის 31 მარტის, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.