Facebook Twitter
ბს-545-516(კს-09) 10 ივლისი, 2009 წელი

ბს-545-516(კს-09) 10 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. თ-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 13 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-545-516(კს-09) ა. თ-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ა. თ-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის, მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარში არ არის მითითებული თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი. წარმდოგენილი კერძო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, 50 ლარის ოდენობით. ასევე ა. თ-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.2 და 440-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან კერძო საჩივარს ხელს აწერდა ა. თ-ძის წარმომადგენელი ნ. ზ-ძე, მაგრამ კერძო საჩივარს არ ერთვოდა ადვოკატთა ტესტირების გავლისა და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთი არც საქმეში იყო წარმოდგენილი. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად, კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 209-211).

2009 წლის 19 ივნისს საკასაციო სასამართლოს მომართა ა. თ-ძემ და მოითხოვა ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინების ასლი იმ მოტივით, რომ მასა და მის წარმომადგენელს არ ჩაჰბარებიათ საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინება (იხ. ს.ფ. 218-219).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ ა. თ-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნა ა. თ-ძესა და მის წარმომადგენელს ნ. ზ-ძეს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, ა. თ-ძეს განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 6 მაისს, ხოლო მის წარმომადგენელს – ნ. ზ-ძეს _ 7 მაისს (იხ. ს.ფ. 216-217), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მასა და მის წარმომადგენელს არ ჩაჰბარებიათ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინების ასლი, რადგან ჩაბარების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებებით, ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ შპს «...» გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ჩაბარების ფაქტის დასადასტურებლად. შპს «...» გენერალური დირექტორის 2009 წლის 8 ივლისის მომართვით დასტურდება, რომ ა. თ-ძისათვის გადასაცემად საკასაციო სასამართლოს განჩინების ასლი 2009 წლის 6 მაისს ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს, ხოლო მის წარმომადგენელს საკასაციო სასამართლოს განჩინების ასლი ჩაჰბარდა პირადად (იხ. ს.ფ. 220).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. თ-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის განცხადების დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. თ-ძის წარმომადგენლის ნ. ზ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.