ბს-547-518(კს-09) 1 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეროვნული ბანკი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 13 ივნისს გ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 13 მაისის ¹110 ბრძანების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 13 მაისის ¹110 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით გ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ, როგორც საქმეში არსებული სასამართლოს მიმართვიდან (ს.ფ. 100) ირკვეოდა, გ. ბ-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2009 წლის 5 იანვარს და ჩაჰბარდა 2009 წლის 16 თებერვალს, რაც დასტურდებოდა აპელანტ გ. ბ-შვილის შესაბამისი ხელმოწერით. გ. ბ-შვილისთვის მისი გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 17 თებერვლიდან. გ. ბ-შვილმა ხსენებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 4 მარტს (ს.ფ. 112) _ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რადგან გ. ბ-შვილს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2009 წლის 2 მარტის 24 საათამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდებოდა კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილი იყო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩებოდა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმზე მან წარადგინა შენიშვნები, რაზედაც უარი ეთქვა და აღნიშნული მან გაასაჩივრა კერძო საჩივრით. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ათვლილ უნდა იქნეს აღნიშნული კერძო საჩივრის შეტანის დროიდან, ვინაიდან თუ ხსენებული კერძო საჩივარი არ იქნება განხილული და პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაბამის სხდომის ოქმში არ შევა ობიექტური შესწორებები, აზრი არა აქვს რაიმე საჩივარს, კერძო საჩივარი კი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში _ სააპელაციო საჩივრის შეტანამდე 4 დღით ადრე, ანუ იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით გ. ბ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ბ-შვილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 92-95). გ. ბ-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 16 თებერვალს (ტ. 1, ს.ფ. 100).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ბ-შვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 17 თებერვალს და აღნიშნული ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 2 მარტს (ორშაბათი), გ. ბ-შვილმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 4 მარტს (ტ. 1, ს.ფ. 112). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით გ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო (ტ. 2, ს.ფ. 3-5).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-შვილმა დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14-დღიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად და მართებულად დატოვა იგი განუხილველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმზე მან წარადგინა შენიშვნები, რაზედაც უარი ეთქვა და აღნიშნული მან გაასაჩივრა კერძო საჩივრით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ათვლილ უნდა იქნეს აღნიშნული კერძო საჩივრის შეტანის დროიდან, ხსენებული კერძო საჩივარი კი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში _ სააპელაციო საჩივრის შეტანამდე 4 დღით ადრე, ანუ იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმზე გ. ბ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შენიშვნები (განცხადება), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით გ. ბ-შვილის შენიშვნები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმთან მიმართებაში, არ იქნა გაზიარებული (ტ. 1, ს.ფ. 97-98). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებაზე გ. ბ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2009 წლის 25 თებერვალს წარადგინა კერძო საჩივარი (ტ. 1, ს.ფ. 105). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით გ. ბ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 108-110).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.