ბს-559-530 (კს-09) 17 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ კ. ნ-შვილი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ კორპორაცია ,,...” შპს ,,...” დაზარალებული მეანაბრეები (მოსარჩელე)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კორპორაცია ,,...” შპს ,,...” დაზარალებულმა მეანაბრეებმა 2006 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე დედოფლისწყაროს გამგეობის მიმართ და მოითხოვეს დედოფლისწყაროს გამგეობის 2006 წლის 22 თებერვლის ¹21 დადგენილების და მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹14 ოქმის, დედოფლისწყაროს გამგეობის 2006 წლის 9 ივნისის ¹100 დადგენილების და 2006 წლის 30 მაისის კომისიის სხდომის ოქმი ¹2-ის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც კ. ნ-შვილს გამოეყო მათი კუთვნილი ფერმების შესამაბისი მიწა, სამეურნეო ეზო და საძოვარი. მოსარჩელეებმა აგრეთვე მოითხოვეს დედოფლისწყაროს გამგეობის მხრიდან მიყენებული მატერიალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 50 000 აშშ დოლარის ოდენობით.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ კ. ნ-შვილი და ნ. ჩ-ური.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კორპორაცია ,,...” შპს ,,...” დაზარალებულ მეანაბრეების (სულ 12 მეანაბრე) წარმომადგენელი ნ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დედოფლისწყაროს გამგეობის 2006 წლის 22 თებერვლის ¹21 დადგენილება, მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹14 ოქმი, დედოფლისწყაროს გამგეობის 2006 წლის 9 ივნისის ¹100 დადგენილება და 2006 წლის 30 მაისის კომისიის სხდომის ოქმი ¹2 იმ ნაწილში, რომლითაც კ. ნ-შვილს გამოეყო მათი კუთვნილი ფერმების შესაბამისი მიწა, სამეურნეო ეზო და საძოვარი და ხელახალა გამოსაკვლევად საქმე დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს; დანარჩენ მოთხოვნებზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით კ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით კ. ნ-შვილს ჩაბარდა 2009 წლის 2 თებერვალს (ტომი II. ს.ფ. 314). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა კ. ნ-შვილისათვის ამოიწურა 2009 წლის 16 თებერვალს 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი რაიონულ სამაართლოში წარადგინა ფოსტის მეშვეობით. სააპელაციო საჩივარი კი ფოსტას ჩაბარდა 2009 წლის 23 თებერვალს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი და მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, ასევე იმავე კოდექსის 63-ე მუხლი; ამ ნორმის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ნ-შვილმა; მან მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კ. ნ-შვილს ჩაბარდა 2009 წლის 9 თებერვალს. ამ ფაქტს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ადასტურებს სოფ. ... ადგილობრივი საკრებულოს ხელმძღვანელი გ. წ-ური, რომელიც გადაწყვეტილების ჩაბარებისას კ. ნ-შვილს ახლდა, რადგან თვითონ კ. ნ-შვილი ხანდაზმულია და მხედველობის პრობლემები აქვს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გზავნილზე ჩაბარების თარიღი სხვისი ხელით არის მითითებული, მათ მიერ გასაჩივრების ვადის ათვლა კი 9 თებერვლიდან დაიწყო და არა 2 თებერვლიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა. ამ ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება კ. ნ-შვილს გაეგზავნა 2009 წლის 8 იანვარს და ჩაბარდა 2009 წლის 2 თებერვალს (სფ. 312, 314). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილზე, რომლის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზანილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ჩაბარება კ. ნ-შვილისათვის 2009 წლის 2 თებერვალს ხელმოწერილია მის მიერ შპს ,,სკს-ს” შეტყობინების ბარათზე გზავნილის ჩაბარების შესახებ, ამიტომ მოცემული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დინება დაიწყო 2009 წლის 3 თებერვალს და ამოიწურა 2009 წლის 16 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი. კ. ნ-შვილმა სააპელაციო საჩივარი დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 23 თებერვალს (ს.ფ. 328). ამდენად, კ. ნ-შვილმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს იმის შესახებ, რომ გზავნილზე თარიღი 2009 წლის 2 თებერვალი არ არის კ. ნ-შვილის მიერ დაწერილი, იგი სხვისი ხელითაა დაწერილი და ეს თარიღი შეცდომითაა მიწერილი; რადგან აღნიშნული მოტივის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რის გამოც კ. ნ-შვილის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს კ. ნ-შვილის კერძო საჩივარი;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.