¹ბს-562-533(კს-09) 6 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ კოოპერატივი «...», დირექტორი _ ა. ა-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები): ა. ნ-შვილი, ე. ბ-შვილი (ც. ბ-შვილის უფლებამონაცვლე), მ. მ-ძე, ლ. ყ-შვილი, ე. ნ-შვილი, ნ. დ-შვილი, ი. ბ-შვილი, დ. ძ-ძე, მ. ყ-შვილი, ნ. ნ-შვილი
მოპასუხე სარჩელზე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 აპრილს ა. ნ-შვილმა, ც. ბ-შვილმა, მ. მ-ძემ და ლ. ყ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს კოოპერატივ «...» მეპაიეთა საერთო კრების 2002 წლის 20 მარტის ¹1 ოქმისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის განჩინების საფუძველზე ქ. გურჯაანში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ყოფილი «...» მაღაზიისა და ... ქუჩაზე მდებარე გასტრონომიული მაღაზიის, თავისი სარდაფით, ა. ნ-შვილის, ც. ბ-შვილის, ლ. ყ-შვილის, ნ. ნ-შვილის, მ. მ-ძის, დ. ძ-ძის, ნ. დ-შვილის, ე. ნ-შვილის, ი. ბ-შვილისა და მ. ყ-შვილის მესაკუთრეებად ცნობა და საჯარო რეესტრში მათი მესაკუთრეებად რეგისტრაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისთვის დავალება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-შვილის, ც. ბ-შვილის, მ. მ-ძისა და ლ. ყ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი არ ყოფილა მიწვეული 2006 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მხრიდან სახეზე იყო საპროცესო-სამართლებრივი ნორმების იმგვარი დარღვევა, რასაც შესაძლო იყო მოჰყოლოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, რაიონულმა სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ ა. ნ-შვილი, ც. ბ-შვილი, მ. მ-ძე და ლ. ყ-შვილი, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს არა მარტო მათი უფლების, არამედ ნ. ნ-შვილის, დ. ძ-ძისა და სხვათა უფლების რეგისტრაციის თაობაზე. ნ. ნ-შვილს, დ. ძ-ძესა და სხვებს სასამართლოში სარჩელი არ აღუძრავთ, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მათი საკუთრების უფლება და საჯარო რეესტრს დაევალა მათ სასარგებლოდ სარეგისტრაციო ჩანაწერის გაკეთება. რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და მე-2 მუხლის «რ» ქვეპუნქტი, რომლითაც დადგენილი იყო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესი და უფლების რეგისტრაციის საფუძველი. აღნიშნული გარემოების შეფასება სავალდებულო იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთა მოთხოვნაზე უარის თქმის კანონიერების შესაფასებლად.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოსარჩელეებად ჩაბმულ იქნენ ე. ნ-შვილი, ნ. დ-შვილი, ი. ბ-შვილი, დ. ძ-ძე, მ. ყ-შვილი და ნ. ნ-შვილი. ამავე სასამართლოს 2008 წლის 31 ივლისის საოქმო განჩინებით (გარდაცვლილი) ც. ბ-შვილის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე _ ე. ბ-შვილი.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა კოოპერატივი «...» საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-შვილის, მ. მ-ძის, ე. ნ-შვილის, ნ. დ-შვილის, ი. ბ-შვილის, დ. ძ-ძის, მ. ყ-შვილის, ნ. ნ-შვილის, ლ. ყ-შვილისა და ე. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ისინი ცნობილ იქნენ ქ. გურჯაანში, ... ქ. ¹...-ში მდებარე გასტრონომიული მაღაზიის შენობის, ამ შენობის ჩასწვრივ მდებარე სარდაფის, ქ. გურჯაანში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ყოფილი «...» მაღაზიის შენობის მესაკუთრეებად; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მოსარჩელეების _ ა. ნ-შვილის, მ. მ-ძის, ე. ნ-შვილის, ნ. დ-შვილის, ი. ბ-შვილის, დ. ძ-ძის, მ. ყ-შვილის, ნ. ნ-შვილის, ლ. ყ-შვილისა და ე. ბ-შვილის _ ქ. გურჯაანში, ... ქ. ¹...-ში მდებარე გასტრონომიული მაღაზიის შენობის, ამ შენობის ჩასწვრივ მდებარე სარდაფის, ქ. გურჯაანში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ყოფილი «...» მაღაზიის შენობის საჯარო რეესტრში მესაკუთრეებად რეგისტრაცია.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდებოდა უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის «კ» ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი იყო ნორმატიული ანდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობდა უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის, იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კოოპერატივ «...» მეპაიეთა 2002 წლის 20 მარტის საერთო კრების გადაწყვეტილება უნდა ჩათვლილიყო გარიგებად, რომელიც წარმოშობდა მეპაიეებზე საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივმა «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით კოოპერატივ «...» სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ კოოპერატივი «...» გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იქნა ჩაბმული საქმეში მესამე პირად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებსა და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლებოდა კანონით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინათ სააპელაციო სასამართლოში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე, სასამართლო უფლებამოსილი იყო, ეცნობებინა პირისათვის, რომლის ინტერესებსაც შეიძლებოდა შეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩაება იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული, თუ იგი იყო იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობდა მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრებოდა მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმებით გამიჯნული იყო საქმეში სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების უფლების მქონე და გასაჩივრების უფლების არმქონე მესამე პირები და განსაზღვრული, რომ თუ პირი საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იყო ჩაბმული, იგი სარგებლობდა მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრებოდა მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა, ანუ ხსენებული საფუძვლით ჩაბმულ პირებს გააჩნდათ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი _ კოოპერატივი «...» წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე არაუფლებამოსილ პირს, რაც იყო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კოოპერატივმა «...» (დირექტორი _ ა. ა-შვილი), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირად კოოპერატივ «...» ცნობა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით კოოპერატივი «...», საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაბმულ იქნა მოცემულ საქმეში მესამე პირად. გასაჩივრებული განჩინება არასწორია, რადგან კოოპერატივი «...» ამ საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი, რის საფუძველია ის გარემოება, რომ კოოპერატივი «...» არის დავის საგანში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სამართალმემკვიდრე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინებით კოოპერატივ «...» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კოოპერატივ «...» კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია, რომ კოოპერატივი «...» გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით (ტ. 1, ს.ფ. 180-181) მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამავე კოოპერატივის მეპაიეთა სარჩელისა გამო აღძრულ საქმეში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ 2002 წლის 20 მარტის საერთო კრების (ოქმი ¹1) გადაწყვეტილებით (ტ. 1, ს.ფ. 5) უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადაცემული ქონების _ კოოპერატივ «...» ბალანსზე რიცხული ყოფილი «...» მაღაზიის, კომერციულის ჩათვლით და ... ქუჩაზე მდებარე გასტრონომიული მაღაზიის, თავისი სარდაფით მესაკუთრეებად ცნობას და საჯარო რეესტრის დავალდებულებას, აღნიშნული ქონება აღრიცხოს მათ საკუთრებად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია, აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ხსენებული მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბმული მესამე პირი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ სახის მესამე პირის იურიდიულ ინტერესებს სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. ამდენად, კანონმდებელი პროცესის ამ მონაწილეს, განსხვავებით სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირისა არ აღჭურვავს უფლებამოსილებით სადავო გახადოს სასამართლოს გადაწყვეტილება. მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის (მე-16.2) საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული ანუ, როდესაც პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის არეალში. საკასაციო პალატის აზრით აღძრული დავა უშუალოდ ეხება კოოპერატივ «...» ინტერესებს, ვინაიდან სახეზეა მის ბალანსზე არსებული ქონების კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასვლის ფაქტი, ე.ი. დავა შეეხება კოოპერატივის უფლებებს და იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. აღნიშნული განაპირობებს კოოპერატივ «...», როგორც აუცილებელი მოწვევის მესამე პირის სტატუსს და სასკ-ის მე-16.2 მუხლით საფუძველზე ჩაბმის საჭიროებას.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კოოპერატივი «...» წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების არაუფლებამოსილ პირს, რაც პალატის მოსაზრებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასაართლოს მიერ მხარის სტატუსის განსაზღვრა არ წარმოადგენს მის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკმარის საფუძველს. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მსჯელობა უნდა იქონიოს ასევე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით კოოპერატივ «...» საპროცესო სტატუსის განსაზღვრის მართლზომიერებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კოოპერატივ «...» დირექტორის ა. ა-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კოოპერატივ «...» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება და საქმე კოოპერატივ «...» სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.