ბს-564-535 (კს-09) 17 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ს. ვ-იანი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
დავის საგანი – ქ.ახალქალაქის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე ინსტანციის სასამართლოსთვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ.ახალქალაქში ... ქ.¹...-ში მცხოვრებმა ფიზიკურმა პირებმა ს. ვ-იანმა, ვ. ვ-იანმა, ვ. გ-იანმა, რ. ნ-იანმა, ვ. ა-იანმა, ს. ბ-იანმა, ლ. თ-იანმა და ა. რ-იანმა 2003 წლის მაისში სარჩელი აღძრეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ა. ხ-იანისა და მ. ა-იანის მიმართ და მოითხოვეს ახალქალაქის რაიონის გამგეობის 2002 წლის 20 დეკემბერს მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ მიღებული ¹9/65 დადგენილების ბათილად ცნობა; ასევე ახალქალაქში, ... ქ. ¹...-ში ჩატარებული აუქციონის არშემდგარად გამოცხადება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით ახალქალაქის რაიონის გამგეობის და მიწის მართვის სამმართველოთი, ა. ხ-იანის და მ. ა-იანი ჩართულნი იქნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად.
ახალქალაქის რაიონული საასმართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ვ-იანმა, ა. რ-იანმა, ვ. ვ-იანმა, ა. ვ-იანმა, ვ- გ-იანმა, რ. ნ-იანმა, ვ. ა-იანმა, ს. ბ-იანმა, ლ. თ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ახალქალაქის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით ს. ვ-იანის, ა. რ-იანის, ვ. ვ-იანის, ა. ვ-იანის, ვ. გ-იანის, რ. ნ-იანის, ვ. ა-იანის, ს. ბ-იანის, ლ. თ-იანის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის წარმომადგენელმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში; ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ვ-იანს და მ. ა-იანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ვ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით ს. ვ-იანის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ვ-იანს განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა; სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება ს. ვ-იანს ჩაბარდა 2008 წლის 11 აგვისტოს, ხოლო ს. ვ-იანმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2008 წლის 29 აგვისტოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა აპელანტს დაეწყო 2008 წლის 12 აგვისტოდან, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დასრულდა 2008 წლის 25 აგვისტოს 24 საათზე. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ვ-იანის სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე არ არის დასაშვები და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ვ-იანმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე ინსტანციის სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონის სრული დაცვით და დადგენილ ვადებში, კერძოდ, საჩივარი თბილისიდან ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2008 წლის 25 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, რაც დასტურდება შპს “...” მიერ გაცემული ქვითრით. ახალქალაქის რაინული სასამართლოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში შესულია ფოსტით 2008 წლის 29 აგვისტოს, ხოლო ... მიღებული პასუხიდან კი ირკვევა, რომ 2008 წლის 25 აგვისტოს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გაგზავნილი წერილი ადრესატს ჩაბარდა 2008 წლის 29 აგვისტოს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად “ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი Dდღის 24 საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება”, აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი წარმოდგენილი იყო კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად არ არსებობდა დაუშვებობლის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ს. ვ-იანის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება და საქმე ს. ვ-იანის სააპელაციო საჩივრის დაშავებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლო ს. ვ-იანის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება ს. ვ-იანს ჩაბარდა 2008 წლის 11 აგვისტოს, ხოლო მან ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 29 აგვისტოს, ნაცვლად 2008 წლის 25 აგვისტოსი. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება, რადგან როგორც კერძო საჩივრის შინაარსით და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ს. ვ-იანის წარმომადგენელმა დ. ა-ავამ სააპელაციო საჩივარი ახალქალაქი რაიონული სასამართლოს სახელზე შეკვეთილი წერილი ¹312 ... ჩააბარა 2008 წლის 25 აგვისტოს, რომელიც ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2008 წლის 29 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით (შემ. ¹1428) (ტ.3 ს.ფ. 138-139); ს.ფ. 144-ზე წარმოდგენილი კონვერტის ასლით ირკვევა, რომ დ. ა-ავამ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სახელზე ¹312 საფოსტო კორესპოდენცია ფოსტაში ჩააბარა 2008 წლის 25 აგვისტოს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე-მუხლების შესაბამისად. ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულია, რომ თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილში კი აღნიშნულია, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკენელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ს. ვ-იანის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ შეამოწმა და არ შეაფასა ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად; ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ საპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 მუხლის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ვ-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება და საქმე ს. ვ-იანის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.