¹ბს-585-554(კს-09) 23 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ო-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება
დავის საგანი _ გადასახადის დარიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 22 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ. ო-შვილის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ შ. ო-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სპეციალური ნებართვის გარეშე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ფაქტზე. წინასწარი გამოძიებისას დადგინდა, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 800 ლარის ზიანი.
სისხლის სამართლის საქმიდან ცნობილია, რომ 2004 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ დეპარტამენტში შევიდა ინფორმაცია, რომ ... გამზ. ¹3-ში გახსნილი იყო სათამაშო აპარატების სალონი, რომელიც სავარაუდოდ ეწეოდა საქმიანობას სპეციალური ლიცენზიის გარეშე. იმავე დღეს ფინანსურმა პოლიციამ ჩაატარა შემოწმება აღნიშნულ მისამართზე, რომლის შედეგად აღმოჩენილ იქნა სათამაშო აპარატები მუშა მდგომარეობაში. Aპარატებზე არ იყო გადასახადის გადახდის მანიშნებელი სპეციალური ნიშანი ეგრეთწოდებული «ბირკა». აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს: 1) «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ლიცენზიის თანხა 2000 ლარი; 2) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულ სათამაშო აპარატზე 50 ლარი. შესაბამისად, 6 სათამაშო აპარატზე 10 თვის განმავლობაშო - 3000 ლარი; 3) «ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობის მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუქნტის შესაბამისად თითოეულ სათამაშო აპარატზე გადასახადი არის 50 ლარი, რაც 6 აპარტაზე ათი თვის განმავლობაში შეადგენს 3000 ლარს. სულ შ. ო-შვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი - 8000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, საყურადღებოა, რომ «ამინისტიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლი არეგულირებს პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის საკითხს და იგი არ შეხებია «სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლის შესახებ», «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსს ანუ იმ კანონებს, რომელთა საფუძველზეც მოქალაქე შ. ო-შვილს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებული ზიანის - 8000 ლარის გადახდა. «ამინისტიის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება არ ათავისუფლებს პირს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან – ამ შეთხვევაში ზიანის ანაზღაურებისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე შ. ო-შვილისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8000 ლარის დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე - შ. ო-შვილს დაეკისრა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის 8000 ლარის ანაზღაურება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ო-შვილმა.
Aპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებით შ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელზე დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება; შ. ო-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 160 ლარი; ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა შ. ო-შვილის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 160 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 17 თებერვალს ანუ სარჩელის აღძვრამდე 3 წლით ადრე, შ. ო-შვილის მიერ დაგვიანებთ, მაგრამ მაინც გადახდილ იქნა «სანებართვო მოსაკრებელი 2000 ლარი, რომლის გადახდაც მას ეკუთვნოდა «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონის 7.10 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული გარემოება დადასტურებულ იქნა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდესის 272-ე მუხლის «ა1»პუქნტის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ არ არსებობს დავის საგანი.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნაზე: დაეკისროს შ. ო-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონის 7.10 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით «სანებართვო მოსაკრებლის» 2000 ლარის გადახდა, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან აღარ არსებობს დავის საგანი.
გარდა ზემოაღნიშნული 2000 ლარისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210.4 მუხლის «ა» პუნქტის მიხედვით 6 სათამაშო აპარატზე 10 თვის განმავლობაში გადაუხდელი თანხის – 3000 ლარის მოპასუხეზე დაკისრება და «ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონის 4.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით 6 სათამაშო აპარატზე 10 თვის განმავლობაში გადაუხდელი თანხის – 3000 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორედ გამოიკვლია საქმის ფატქობრივი გარემოებები იმ ნაწილში, როდესაც განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიებისას დადგინდა, რომ შ. ო-შვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 8000 ლარის ზიანი. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 11 დეკემბრის განაჩენიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო ორგანოები შ. ო-შვილს ედავებოდნენ მხოლოდ «სანებართვო მოსაკრებლის» 2000 ლარის გადაუხდელობაზე. Aმრიგად, დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების 6000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ არსებობს სასამართლო განაჩენი და შესაბამისად პრეიუდიციულად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების ადმინისტრირებისას, მათ შორის ამავე კოდექსის 210.4 მუხლის «ა»პუქნტის შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის გადასახადის გამოანგარიშების სისიწორის დადგენას და მის აკრეფას, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო ინსპექცია. ასევე «ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონის 4.1 მუხლის «დ» ქვეპუნტის მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირებას ამავე კანონის 4.2 მუხლის მიხედვით ახორციელებენ საგადასახადო ინსპექციები, კერძოდ: ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებული იყო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარედგინა მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი ყოველ საანგარიშო პერიოდისათვის, არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5 მუხლის მიხედვით დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანის სარჩელის განხილვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას შეეხება. კონკრეტულ შემთხევევაში, კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ უნდა აღეძრა და (იგი დაუშვებელია), ვინაიდან ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილებას წარმოადგენს მოახდინოს (ან მოეხდინა) აღნიშნული გადასახადების (მოსაკრებლის) ადმინისტრირება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაუშვებლობის თაობაზე და თვლის, რომ წინამდებარე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ არამართებულადაა გამოყენებული საქმის წარმოების შეწყვეტის პროცესუალური საფუძვლები.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2004 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ... გამზ.¹3-ში გახსნილი იყო სათამაშო აპარატების სალონი, რომელიც სავარაუდოდ საქმიანობას ეწოდა სათანადო ლიცენზიის გარეშე. იმავე დღეს ფინანსურმა პოლიციამ ჩაატარა შემოწმება, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მითითებული სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რასაც ასევე ადასტურებს საქმეში ს.ფ. 8-11 წარმოდგენილი განაჩენი, რომელშიც დაზარალებულ მხარედ მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული პირის მიერ აღძრული სარჩელი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი. იმავე საპროცესო კოდექსის 33.6 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო მხრეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში დაცული მასალების შეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი მიეკუთვნება სწორედ ზემოაღნიშნული სარჩელების კატეგორიას, რის გამოც არამართებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ უნდა აღეძრა სარჩელი, ვინაიდან მასში დადგენილი მოთხოვნის გადაწყვეტის უფლებამოსილება გააჩნია ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ შემოსავლების სამსახურის შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის საგანს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც განაპირობა სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის არამართებული გამოყენება, რაც თავის მხრივ, იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს.
აქვე საკასაციო სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ყურადღებას მიაქცევს განსჯადობის საკითხს და თვლის, რომ საქმის დაბრუნების შემდგომ ადმინისტრაციულმა პალატამ სისხლის სამართლს საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე უნდა იმსჯელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელის საგნობრივ განსჯადობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.