ბს-590-559(კს-09) 18 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ინდმეწარმე ,,ზ. დ-შვილი”
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 8 ოქტომბერს ინდმეწარმე ,,ზ. დ-შვილმა” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 ივლისის ¹1713 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე უკანონოდ დარიცხული გადასახადის – 62571,09 ლარის გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის განმწესრიგებელი სასამართლო სხდომის ოქმით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 ივლისის ¹1713 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ინდმეწარმე ,,ზ. დ-შვილის” პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ჩამოწერის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვალს, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კი საპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული 14 დღიანი ვადის დაცვით, რაც დასტურდება შპს ,,...» 2009 წლის 26 თებერვლის ¹37 რეესტრის ამონაწერით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვალს (ტ. II, ს.ფ. 12), რაც დასტურდება იმავე გზავნილზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით და ხელმოწერით, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2009 წლის 27 თებერვალს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადის გაშვების მოტივით.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან დაცულია სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადა, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე თანდართული, შპს ,,...» წერილობითი კორესპონდენციის შესახებ რეესტრის ამონაწერით, რომელშიც სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის გადაცემის თარიღად მითითებულია 2009 წლის 26 თებერვალი..
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გარკვევის მიზნით, საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, კერძოდ, საქმეში, ტ. III, ს.ფ. 34-ზე, წარმოდგენილია შპს ,,...» მიღებული წერილობითი კორესპონდენციების შესახებ 2009 წლის 26 თებერვლის ¹37 რეესტრის ამონაწერი, რომელშიც რეგისტრირებულია გზავნილი ¹08-01/1920, მითითებული გზავნილის ნომერი ემთხვევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ნომერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე კანონმდებელი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადას უკავშირებს გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების ფაქტს, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, როგორც საქმის მასლალებით დასტურდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 12 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა 2009 წლის 26 თებერვალს ანუ მე-14 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 პარილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.