ბს-592-561(კს-09) 4 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. მ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტისა და 26 მარტის განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 2 თებერვალს თ. მ-ძემ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში რ. მ-შვილის, გორის საკრებულოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ... საკრებულოს 2003 წლის ¹53, ¹54 ცნობების ბათილად ცნობა თანამდევი შედეგებით, ასევე რ. მ-შვილის საკუთრებად 0,07 ჰა მიწის რეგისტრაციის შესახებ ... საკომლო წიგნის ჩანაწერის, ინდივიდუალური ფონდის საცხოვრებელი ბინის 2002 წლის 16 მარტის ტექნიკური პასპორტისა და 1982 წლის 8 ივლისის ¹91 გეგმის ბათილად ცნობა, მოპასუხე რ. მ-შვილის სახელზე სახლისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება და გორის რაიონის სოფელ ... მდებარე, აწ გარდაცვლილი შ. მ-შვილის კუთვნილი 0,13 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებად ცნობა და მის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხვა (იხ. ს.ფ. 1-2; 35; 104-106 ტ.I).
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინებით თ. მ-ძის სარჩელი ... საკრებულოს 2003 წლის ¹53, ¹54 ცნობების ბათილად ცნობის, ... საკომლო წიგნში 0,07 ჰა მიწის ნაწილში ჩანაწერის, საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის, 1982 წლის 8 ივლისის ¹91 გეგმისა და მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ასევე გორის რაიონის სოფელ ... მდებარე, აწ გარდაცვლილი შ. მ-შვილის კუთვნილი 0,13 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 294-298; ტ.I).
გორის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ძემ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 315-320; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებით თ. მ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინება სასარჩელო მოთხოვნების _ ... საკრებულოს 2003 წლის ¹54 ცნობის, რ. მ-შვილის საცხოვრებელი სახლის 2002 წლის 16 მარტის ტექნიკური პასპორტისა და ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2003 წლის ცნობა-დახასიათების, გორის რაიონის სოფელ ... მდებარე რ. მ-შვილის საცხოვრებელი სახლისა და 0,07 ჰა მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნობის ნაწილში და თ. მ-ძის სარჩელი ამ ნაწილში დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინება (იხ. ს.ფ. 309-316; ტ.II).
2009 წლის 23 მარტს თ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 261-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და 1982 წლის 8 ივლისის ¹91 გეგმის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის განსახილველად დაბრუნება გორის რაიონული სასამართლოსათვის იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება 1982 წლის 8 ივლისის ¹91 გეგმის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტების მიუხედავად, არ გაითვალისწინა მითითებული გეგმის ძალაში დატოვების მოსალოდნელი შედეგები (იხ. ს.ფ. 319-327; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით თ. მ-ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 349-350; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ძემ და მოითხოვა მითითებული განჩინების მე-3 პუნქტის გაუქმება, კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა გასაჩივრებულ განჩინებასთან ერთად დამატებითი გადაწყვეტილების თაობაზე განჩინების განხილვა (იხ. ს.ფ. 366-373; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. მ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებაზე დატოვებულ იქნას ხარვეზზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ის სასამართლო აქტები, რომელთა კერძო საჩივრით გასაჩივრების წესიც პირდაპირაა დადგენილი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის თანახმად, განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, 2009 წლის 18 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის შესაბამისად განიხილა თ. მ-ძის კერძო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.2 მუხლის საფუძველზე თ. მ-ძის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, რის შესახებაც განემარტათ მხარეებს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებით. აღნიშნულის მიუხედავად, თ. მ-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმება.
ამდენად, ზემომითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. მ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობაზე.
გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ კერძო საჩივარში უთითებს დამატებითი გადაწყვეტილების შესახებ განჩინების გადამოწმებაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. მ-ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და მხარეებს განემარტა მისი გასაჩივრების დაუშვებლობის შესახებ, იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოო იყო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, შესაბამისად, გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის შესახებ განჩინებაც.
განმცხადებელი ითხოვდა სსსკ-ის 261.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას იმ მოტივით, რომ გორის რაიონის დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს მიერ 1982 წელს შედგენილი ¹91 გეგმის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს. თუმცა თ. მ-ძე სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინების უკანონობას ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ ¹91 გეგმის ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვების პირობებში მოხდება კანონდარღვევით შედგენილი აქტის ძალაში დატოვება და სასამართლოს სთხოვდა ¹91 გეგმის ძალაში დატოვების შედეგების გათვალისწინებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინების ნაწილში არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივრის ავტორს სრულყოფილად არა აქვს ჩამოყალიბებული კერძო საჩივრის განაცხადი, კერძოდ, გაურკვეველია კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინების გაუქმებას და რა გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. მ-ძის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან არ არსებობს მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა, ხოლო კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინების ნაწილში დატოვებულ უნდა იქნეს ხარვეზზე, რათა კერძო საჩივრის ავტორმა დაადასტუროს გამოხატავს თუ არა ნებას მითითებული განჩინების გასაჩივრების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 396-ე, 399-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. თ. მ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებაზე დატოვებულ იქნას ხარვეზზე;
3. კერძო საჩივრის ავტორს განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვროს ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე;
4. თუ განჩინებაში აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი არ დაიშვება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.