Facebook Twitter
ბს-596-565 (კს-09)

ბს-596-565 (კს-09) 17 ივნისი, 2009წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების

სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს «...» (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების შეწყვეტა და სააპელაციო პალატისათვის განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს «...» დირექტორმა მ. ჯ-ძემ 2005 წლის მაისში განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა გადახდის ბრძანების მიღება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სს «...» სასარგებლოდ 55650 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ და გადახდის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსასულებლად გადაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 ივნისს გადახდის ბრძანებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა სს «...» დირექტორის მ. ჯ-ძის სასარგებლოდ 55650 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 836.09 ლარის, გადახდა.

სს «...» დირექტორმა 2005 წლის 11 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2005 წლის 13 ივნისს მიღებულ გადახდის ბრძანებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2005 წლის 1 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2007 წლის 28 თებერვლის განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 2005 წლის 13 ივნისის გადახდის ბრძანების ბათილად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით გაუქმდა ამავე კოლეგიის 2005 წლის 13 ივნისის ¹3/1567 გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და მის საფუძველზე გაცემული 2005 წლის 18 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი; განისაზღვრა, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს სასარჩელო წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სს «...» სარჩელი მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაეკისრა სს «...» მიმართ 2004 წლის 1 იანვრისათვის არსებული დავალიანების 46624 ლარის ოდენობით გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/1471-08 შეწყდა წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებიდან გამომდინარე უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ სს «...» სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის 55650 ლარის გადახდის დაკისრება. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა სს «...» მიმართ 2004 წლის 1 იანვრისათვის არსებული დავალიანების 46624 ლარის ოდენობით გადახდა. სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს პროცესზე წარმოდგენილი მასალებით გაირკვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 1 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2008 წლის 5 სექტემბერს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალურმა ჯგუფმა, სს «...» ბანკის თელავის ფილიალში, სს «...» მიმდინარე სალარო ანგარიშზე, გადარიცხა კრედიტორის – სს «...» კუთვნილი თანხა – 56486.09 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ამოღებულია სადავო თანხა, ამ ეტაპზე აღარ არსებობს განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე დავის საგანი, რაც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძველს.

სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო პალატაში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის მოტივები ემყარება შემდეგ გარემოებებს: სს “...” სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა კანონის მოთხოვნათა დარღვევით; იგი განუხილველად უნდა დაეტოვებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის ¹3/1567 გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და მის საფუძველზე გაცემული 2005 წლის 18 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი. იმავე განჩინებით დადგინდა, რომ დავალიანების გადახდის შესახებ მოთხოვნა განხილული უნდა ყოფილიყო საერთო სასარჩელო წარმოების წესით; სს «...» დირექტორს სარჩელის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღე ამ განჩინების ჩაბარებიდან. ეს განჩინება სს «...» ჩაბარდა 2007 წლის 5 ივნისს; მოსარჩელემ კი იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში წარედგინა შესაბამისი სარჩელი, ეს განჩინება გაასაჩივრა 2007 წლის 18 ივნისს კერძო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ ვადაში არ წარადგინა სარჩელი, რის გამოც სასამართლოს მისი სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის II ნაწილის II წინადადების თანახმად საქმის წარმოება შეეწყვიტა.

კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მხარეებს შორის 2006 წლამდე არ გაფორმებულა ხელშეკრულება შესყიდვების შესახებ და შესაბამისად, იგი არც სასამართლოსათვის არ ყოფილა წარდგენილი. «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონით სავალდებულოდ არის მიჩნეული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მხარეებს შორის.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გაუქმებული, ფაქტიურად არარსებული სააღსრულებო ფურცლის ე.ი. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვა. ამიტომ კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა1» პუნქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის არარსებობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 272-ე მუხლის «1პუნქტის საფუძველზე შეწყვიტა მოცემული საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 1 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2008 წლის 5 სექტემბერს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალურმა ჯგუფმა, სს «...» ბანკის თელავის ფილიალში, სს «...» მიმდინარე სალარო ანგარიშზე, გადარიცხა კრედიტორის – სს «...» კუთვნილი თანხა – 56486.09 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის ¹3/1567 სააღსრულებო ფურცელი გაცემულია იმავე სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადახდის ბრძანების საფუძველზე; ტI.სფ.17-ზე სს «...» დირექტორის რწმუნებული ხელმოწერით ადასტურებს, რომ 2005 წლის 1 დეკემბერს ჩაიბარა გადახდის ბრძანება და სააღსრულებო ფურცელი. ხოლო იმავე სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განჩინებით კი გაუქმდა ამავე კოლეგიის 2005 წლის 13 ივნისის ¹3/1567 გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი; განისაზღვრა, რომ დავალიანების გადახდის შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილული უნდა ყოფილიყო სასარჩელო წესით.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად ისე მიიჩნია, რომ არც იმ გარემოებას მისცა სწორი შეფასება, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სს «...» სარჩელი მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ რომ დააკმაყოფილა, მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სს «...» მიმართ 2004 წლის 1 იანვრისათვის არსებული დავალიანების 46624 ლარის ოდენობით გადახდა რომ დააკისრა ნაცვლად 56486,09 ლარისა და ეს გადაწყვეტილება სს «...» არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით; სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხოლოდ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მან სადავოდ გახადა მთლიანი თანხის დაკისრება. ამიტომ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ამოღებულია 56486,09 ლარი, ამ ეტაპზე აღარ არსებობს განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე დავის საგანი, რადგან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ეს თანხა ამოღებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2005 წლის 13 ივნისს (საქმის ¹3/1567) მიღებული იმ გადახდის ბრძანების საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლით, რომელიც 2008 წლის 5 სექტემბრისათვის უკვე გაუქმებული იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კერძო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.