ბს-600-569(კს-09) 8 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. ი-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 18 აგვისტოს ზ. ი-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ საჯარიმო ქვითრის გაუქმებისა და სამართალდარღვევათა შესახებ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინებით შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების (დაჯარიმების თაობაზე) მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ი-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინება გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შეჩერების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ი-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით ზ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით ზ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ი-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზ. ი-შვილის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 მაისის განჩინებით ზ. ი-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2009 წლის 14 მაისს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ზ. ი-შვილის დედას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 მაისის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 14 მაისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ზ. ი-შვილს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 25 მაისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. ი-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ი-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.